C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV)

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV)

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

anti-HCV კვლევა გულისხმობს სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულების გამოვლენას. C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ჰემატოგენური გზით გადაეცემა (ინფიცირებული ნემსით, არასტერილური სამედიცინო მანიპულაციით, ტატუირებით, ნაკლებად - სქესობრივი გზით ან ვერტიკალურად - დედიდან შვილზე).

ანტისხეულები იწარმოება იმუნური სისტემის მიერ ვირუსთან კონტაქტის შემდეგ და, როგორც წესი, სისხლში ვლინდება ინფიცირებიდან 8-12 კვირის შემდეგ. ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“ გულისხმობს ინტერვალს ინფიცირებიდან ანტისხეულების გამოვლენამდე, როდესაც დიაგნოსტიკა შესაძლოა ცრუ-უარყოფითი იყოს (აღნიშნული ინტერვალი შესაძლოა 6 თვემდე გაგრძელდეს).

anti-HCV არის C ჰეპატიტის სკრინინგული პირველი რიგის კვლევა. დადებითი (რეაქტიული) შედეგი მხოლოდ მიუთითებს ვირუსთან გადატანილ კონტაქტზე და არ ადგენს ვირუსის რეპლიკაციურ აქტივობას. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია დამატებითი კვლევა - HCV RNA-ის (ვირუსის გენეტიკური მასალის) განსაზღვრა.

ინფიცირებულ პირთა ნაწილი (დაახლოებით 15-25%) სპონტანურად განიკურნება, დანარჩენ შემთხვევებში კი ვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რომელმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფიბროზი, ციროზი ან ჰეპატოცელულარული კარცინომა. თანამედროვე ანტივირუსული თერაპია ხელმისაწვდომი და მაღალი ეფექტიანობისაა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• ერთჯერადი სკრინინგი ყველა ზრდასრული პირისთვის (CDC-ისა და USPSTF-ის რეკომენდაციით);

• ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST) მომატებისას;

• ღვიძლის უხსნელი დაავადებების ნიშნებისას - სიყვითლე, შარდის გამუქება, განავლის გაღიავება, მოთენთილობა, მუცლის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ;

• ნემსით (პროფესიული ექსპოზიცია) მოწამლვის შემდეგ;

• ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელ პირებში;

• 1992 წლამდე სისხლის გადასხმის ან ორგანოს ტრანსპლანტაციის ფაქტის არსებობისას;

• ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;

• HCV-ით ინფიცირებული დედისგან დაბადებულ ბავშვებში;

• აივ-ინფიცირებულ პირებში;

• ორსულობის დროს;

• პატიმრობის ან აღდგენისა და რეაბილიტაციის ცენტრში მყოფი პირების შემთხვევაში;

• ტატუირების ან პირსინგის შემდეგ არასტერილურ პირობებში;

• რისკ-ფაქტორების მქონე პირებთან სქესობრივი კავშირის ფაქტის არსებობისას.

ინტერპრეტაცია

anti-HCV-ის დადებითი (რეაქტიული) შედეგი მიუთითებს C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმს ჰქონდა კონტაქტი ვირუსთან. თუმცა, ეს შედეგი არ ადასტურებს ვირუსის აქტიურად მიმდინარე ინფექციას - ანტისხეულები სისხლში პერსისტირებს გადატანილი დაავადების ან გამოჯანმრთელების შემდეგაც.

anti-HCV-ის დადებითობა შესაძლოა აღინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

• აქტიური (მწვავე ან ქრონიკული) C ჰეპატიტის ინფექცია;

• გადატანილი და სპონტანურად განკურნებული ინფექცია (დაახლოებით 15-25% შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმიდან თავისით ელიმინირდება);

• ანტივირუსული თერაპიით წარმატებულად მკურნალობის შემდგომი პერიოდი;

• ბიოლოგიურად ცრუ-დადებითი შედეგი (იშვიათ შემთხვევებში - აუტოიმუნური პათოლოგიების, ორსულობის ან გადაჯვარედინებული იმუნური რეაქციების ფონზე).

ნებისმიერი დადებითი შედეგი საჭიროებს დადასტურებას HCV RNA-ის რაოდენობრივი ან თვისობრივი კვლევით:

• HCV RNA დადებითი - აქტიური რეპლიკაციური ინფექცია, საჭიროა მკურნალი ექიმის ჩარევა და ანტივირუსული თერაპია;

• HCV RNA უარყოფითი - გადატანილი ან წარმატებულად ნამკურნალები ინფექცია, ან ცრუ-დადებითი ანტისხეულის შედეგი.

anti-HCV-ის უარყოფითი (არარეაქტიული) შედეგი მიუთითებს, რომ სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ გამოვლინდა და, სავარაუდოდ, პირი არ არის ინფიცირებული. თუმცა, ვირუსთან კონტაქტიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ცრუ-უარყოფითი შედეგი (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“) - ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ანალიზის განმეორება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

5 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - Clinical Screening and Diagnosis for Hepatitis C

medlineplus.gov - Hepatitis C

mayocliniclabs.com - HCV Antibody

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone