კვლევის შესახებ
ექოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Echovirus IgM) არის სისხლის შრატის სეროლოგიური კვლევა, რომელიც ავლენს ექოვირუსის მიმართ წარმოქმნილ M კლასის (IgM) ანტისხეულებს. ანტისხეულები არის ცილები, რომელთაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ინფექციის საპასუხოდ.
ექოვირუსი (Echovirus) მიეკუთვნება ენტეროვირუსების დიდ ჯგუფს (Picornaviridae-ის ოჯახი). ეს ვირუსები ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად იწვევს ინფექციებს, განსაკუთრებით - ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე. ექოვირუსები ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია; ასევე იწვევენ ცხელებით მიმდინარე დაავადებებს, გამონაყარს (ექზანთემას), რესპირაციულ და კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს, იშვიათად - მიოკარდიტს, ენცეფალიტსა და ახალშობილთა მძიმე ინფექციებს.
IgM კლასის ანტისხეულები პირველად ჩნდება ინფექციიდან მალევე და ჩვეულებრივ მიუთითებს მიმდინარე (მწვავე) ინფექციაზე.ენტეროვირუსული ინფექციების მწვავე ფაზაში დიაგნოსტიკის უფრო მგრძნობიარე და სწრაფი მეთოდია ვირუსის გენეტიკური მასალის (RNA) გამოვლენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, განსაკუთრებით - ცერებროსპინურ სითხეში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის ეჭვი - თავის ტკივილი, ცხელება, კისრის რიგიდულობა, ღებინება, სინათლის შიში;
• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, განსაკუთრებით - ბავშვებში;
• გამონაყარით (ექზანთემით) მიმდინარე ვირუსული ინფექციის შეფასება;
• ეჭვმიტანილი ენტეროვირუსული ინფექცია მიოკარდიტის, პერიკარდიტის ან ენცეფალიტის სიმპტომებით;
• ახალშობილებსა და ჩვილებში სეფსისის მსგავსი მდგომარეობის გამოკვლევა;
• ცოტა ხნის წინ გადატანილი ენტეროვირუსული ინფექციის დადასტურება, როდესაც PCR-ით ვირუსი უკვე აღარ ვლინდება.
ინტერპრეტაცია
IgM ანტისხეულების დადებითი (მომატებული) შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:
• ექოვირუსით ახლო პერიოდში გადატანილ ან მიმდინარე (მწვავე) ინფექციაზე;
• ენტეროვირუსული ინფექციის რეაქტივაციაზე კლინიკური სიმპტომების ფონზე.
მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ ენტეროვირუსების სხვადასხვა ტიპს შორის ანტისხეულების ჯვარედინი რეაქცია (cross-reactivity) ხშირია, ამიტომ დადებითი IgM ყოველთვის არ მიუთითებს კონკრეტულად ექოვირუსზე და შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა ენტეროვირუსით.
IgM ანტისხეულების უარყოფითი (ნორმალური) შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს:
• ექოვირუსული ინფექციის არარსებობაზე;
• ინფექციის ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც ანტისხეულებს ჯერ არ მოუსწრიათ გამომუშავება (საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის განმეორება რამდენიმე კვირის შემდეგ).
უარყოფითი შედეგი სრულად არ გამორიცხავს ინფექციას, განსაკუთრებით - მის ადრეულ ეტაპზე ან როდესაც კლინიკური ეჭვი მაღალია.
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ანალიზის სასწრაფო (CITO) ვარიანტს: სამედიცინო შინაარსი და შედეგების ინტერპრეტაცია სტანდარტული კვლევის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ შესრულების დაჩქარებულ ვადაშია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ენტეროვირუსის რნმ-ის განსაზღვრა PCR მეთოდით (Enterovirus RNA, PCR);
• ენტეროვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Enterovirus IgG);
• ენტეროვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Enterovirus IgM);
• თავ-ზურგ-ტვინის (ცერებროსპინური) სითხის საერთო ანალიზი;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - About Non-Polio Enteroviruses
• ncbi.nlm.nih.gov - Enterovirus IgM-EIA in Meningitis (RT-PCR confirmed)
• mayocliniclabs.com - Enterovirus, Molecular Detection
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.