კვლევის შესახებ
anti-HIV (აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები) არის იმუნოგლობულინები, რომლებსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან (აივ, HIV) კონტაქტის საპასუხოდ. ამ ანტისხეულების გამოვლენაზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ტესტი ეხმარება იმის დადგენაში, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი აივ-ით.
აივ არის რეტროვირუსი, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი). ვირუსი ვრცელდება სისხლის, სპერმისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით - დაუცველი სქესობრივი კონტაქტის, ნემსების საერთო გამოყენებისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემის გზით.
სწრაფი ტესტი არის სკრინინგული კვლევა, რომელიც სწრაფ წინასწარ შედეგს იძლევა. ის ავლენს აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს (ხშირად, ვირუსულ ანტიგენთან კომბინაციაში), რომელთა გამომუშავებასაც ორგანიზმი ინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ იწყებს - ეს პერიოდი ცნობილია „ფანჯრის პერიოდის" სახელით.
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან დროული მკურნალობა საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ჯანმრთელობა და თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის სხვებზე გადაცემა. დადებითი (რეაქტიული) შედეგი ყოველთვის საჭიროებს დიაგნოზის დადასტურებას სპეციფიკური, რეფერენტული ლაბორატორიული კვლევით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• აივ-ის შესაძლო სიმპტომების არსებობისას: ხანგრძლივი დაღლილობა, განმეორებადი ინფექციები, გახანგრძლივებული ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება, წონის უმიზეზო კლება;
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
• ნემსების ან საინექციო საშუალებების საერთო გამოყენებისას;
• აივ-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ;
• სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ან ჰეპატიტის, ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისას;
• ორსულობის დროს, რუტინული სკრინინგის ფარგლებში;
• პრე- და პოსტოპერაციული გამოკვლევის ფარგლებში;
• პროფილაქტიკური სკრინინგის მიზნით - რეკომენდებულია სულ მცირე ერთხელ მაინც, ხოლო მომატებული რისკის შემთხვევაში - უფრო ხშირად.
ინტერპრეტაცია
დადებითი (რეაქტიული) შედეგი მიუთითებს აივ-ინფექციაზე (აივ-საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე). თუმცა, სკრინინგული (მათ შორის, სწრაფი) ტესტის დადებითი შედეგი არ ადასტურებს დიაგნოზს - ის ყოველთვის საჭიროებს დადასტურებას დამადასტურებელი კვლევით. დიაგნოზი არასოდეს დგინდება მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე.
უარყოფითი (არარეაქტიული) შედეგი ნიშნავს, რომ ანტისხეულები არ გამოვლინდა. თუმცა, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას: ე.წ. „ფანჯრის პერიოდში" - ინფიცირებიდან ანტისხეულების გამოვლენამდე არსებულ შუალედში - ტესტი შესაძლოა უარყოფითი იყოს. თუ ახლახან მოხდა სავარაუდო კონტაქტი, რეკომენდებულია განმეორებითი ტესტირება დროის შესაბამისი ინტერვალის შემდეგ.
ცალკეულ შემთხვევაში სკრინინგულმა ტესტმა შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგი აჩვენოს - მაგალითად, როდესაც ტესტი გამოავლენს სხვა ინფექციის ან მდგომარეობის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დადებითი შედეგის დადასტურება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - HIV rapid test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.