კვლევის შესახებ
იმუნოციტოქიმიური გამოკვლევა (Immunocytochemistry, ICC) არის ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც ციტოლოგიურ მასალაში (უჯრედებში) ავლენს სპეციფიკურ ცილებს (ანტიგენებს) ანტისხეულების გამოყენებით. ანტისხეული უკავშირდება სამიზნე ცილას, ხოლო სპეციალური ვიზუალიზატორი მონიშვნა მიკროსკოპის ქვეშ ხილულს ხდის ამ რეაქციას.
იმუნოციტოქიმია ტარდება ციტოლოგიურ ნიმუშებზე - წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის (FNA) ნაცხებზე, უჯრედული ბლოკის (cell block) პრეპარატებსა და სხეულის სითხეებში (პლევრალურ, პერიტონეალურ, ლიკვორში) მოპოვებულ უჯრედებზე.
მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ნეოპლაზიური უჯრედების წარმოშობის (ჰისტოგენეზის) დადგენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირება, აგრეთვე პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების იდენტიფიცირება იმ შემთხვევებში, როცა მხოლოდ უჯრედების მორფოლოგია საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზისთვის. იმუნოციტოქიმია ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა ქსოვილოვანი ბიოფსიის აღება შეუძლებელია ან კლინიკურად ნაკლებად რეკომენდებულია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიით (FNA) მიღებული უჯრედების ტიპის დაზუსტება;
• ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი უჯრედების გარჩევა ციტოლოგიურ მასალაში;
• პირველადი და მეტასტაზური სიმსივნის დიფერენცირება;
• უცნობი წარმოშობის სიმსივნის (CUP) პირველადი კერის დადგენა;
• ლიმფომებისა და ლეიკემიების უჯრედული ტიპის განსაზღვრა;
• ფარისებრი, ნერწყვის, ლიმფური კვანძების, ფილტვისა და ღვიძლის სიმსივნეების ციტოლოგიური დიფერენცირება;
• პლევრალურ, ასციტურ და სხვა გამონაჟონ სითხეებში ავთვისებიანი უჯრედების იდენტიფიკაცია;
• პროგნოზული და თერაპიული მარკერების (მაგ., ჰორმონული რეცეპტორების) შეფასება ციტოლოგიურ მასალაში.
ინტერპრეტაცია
იმუნოციტოქიმიური (ICC) კვლევის შედეგი არის თვისობრივი (აღწერითი) — ფასდება, გამოხატავს თუ არა უჯრედი კონკრეტულ მარკერს (ცილას) და რა ლოკალიზაციით (ბირთვული, ციტოპლაზმური ან მემბრანული შეღებვა).
დადებითი შეღებვა მიუთითებს, რომ უჯრედებში გამოვლინდა შესაბამისი ცილა (ანტიგენი). მარკერების ნაკრები (პანელი) საშუალებას აძლევს პათოლოგს, დაადგინოს უჯრედების დიფერენცირების მიმართულება და წარმოშობა — მაგალითად, ეპითელური, ლიმფოიდური, მელანოციტური ან მეზენქიმური ბუნება.
უარყოფითი შეღებვა მიუთითებს, რომ შესაბამისი მარკერი არ გამოვლენილა. შედეგი ყოველთვის ინტერპრეტირდება არა ცალკეული მარკერის, არამედ მთლიანი პანელის (რამდენიმე მარკერის ერთობლიობის) მიხედვით, უჯრედების მორფოლოგიასა და კლინიკურ მონაცემებთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ ციტოლოგიური მასალა ხშირად შეზღუდული რაოდენობისაა, რის გამოც მარკერების პანელი შესაძლოა იყოს ლიმიტირებული; ზოგ შემთხვევაში საბოლოო დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის საჭიროა ქსოვილოვანი ბიოფსია და იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Immunocytochemistry for diagnostic cytopathology - A practical guide
• ncbi.nlm.nih.gov - Immunocytochemistry: role in diagnosis of undifferentiated neoplasms by FNAC
• ncbi.nlm.nih.gov - The value of cell block based on fine needle aspiration for lung cancer diagnosis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ქეთევან კანკავა - მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი, იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების უფროსი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.