კვლევის შესახებ
საერთო ბეტა-ქორიონული გონადოტროპინი (β-hCG) არის ჰორმონი, რომელსაც ძირითადად პლაცენტა გამოიმუშავებს ორსულობის დროს. ამის გამო მას ხშირად „ორსულობის ჰორმონს“ უწოდებენ.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ემბრიონის) საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციის შემდეგ პლაცენტა იწყებს β-hCG-ის გამომუშავებას. ორსულობის პირველ კვირებში მისი დონე სისხლში სწრაფად იმატებს და დაახლოებით ყოველ 2–3 დღეში ორმაგდება, აღწევს პიკს პირველი ტრიმესტრის ბოლოს, შემდეგ კი თანდათან მცირდება.
β-hCG ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას: ის ასტიმულირებს პროგესტერონის გამომუშავებას, რომელიც ენდომეტრიუმს (საშვილოსნოს ლორწოვან გარსს) ამზადებს და ინარჩუნებს.
საერთო β-hCG-ის სისხლის ანალიზი არის რაოდენობრივი კვლევა - ის ზუსტად განსაზღვრავს ჰორმონის რაოდენობას სისხლში. ეს კვლევა შესაძლებელს ხდის ორსულობის ადრეულ გამოვლენას (განაყოფიერებიდან დაახლოებით 10–11 დღეში), ორსულობის მიმდინარეობის შეფასებასა და ორსულობისგან დამოუკიდებელი, პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ორსულობის ადრეული დადასტურება;
• ორსულობის მიმდინარეობის შეფასება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში;
• საშოგარეშე (ექტოპიური) ორსულობის ეჭვი;
• თვითნებური აბორტის (მუცლის მოშლის) ეჭვი ან მონიტორინგი;
• ბუშტისებრი ფაშარის (მოლარული ორსულობის) ეჭვი;
• პრენატალური სკრინინგის ნაწილი (ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების რისკის შესაფასებლად);
• სამედიცინო პროცედურის ან მკურნალობის დაწყებამდე, რომელიც შესაძლოა ნაყოფზე უარყოფითად აისახოს;
• ზოგიერთი სიმსივნური დაავადების (მაგ., საკვერცხის ან სათესლე ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
β-hCG-ის გამოვლენა და მისი დონის სწრაფი მატება ჩვეულებრივ მიუთითებს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობაზე. ორსულობის ადრეულ ეტაპზე β-hCG-ის დონე დაახლოებით ყოველ 2–3 დღეში ორმაგდება.
β-hCG-ის მოსალოდნელზე დაბალი დონე ან მისი არასაკმარისი მატება დროში შესაძლოა მიუთითებდეს საშვილოსნოსგარე (ექტოპიურ) ორსულობაზე ან ორსულობის შეწყვეტის რისკზე (სპონტანურ აბორტზ).
β-hCG-ის მკვეთრად მაღალი დონე შესაძლოა აღინიშნებოდეს მრავალნაყოფიანი ორსულობის (მაგ., ტყუპების) ან ბუშტნამქერის ფაშარის (მოლარული ორსულობის) დროს.
β-hCG-ის მომატება არაორსულ ქალებსა და მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს ზოგიერთ ონკოლოგიურ დაავადებაზე (მაგ., საკვერცხის ან სათესლე ჯირკვლის ზოგიერთ სიმსივნეზე).
მნიშვნელოვანია, რომ β-hCG-ის ერთჯერადი მაჩვენებელი ცალკე აღებული ნაკლებად ინფორმაციულია - დიდი მნიშვნელობა აქვს მაჩვენებლის ცვლილებას დროში, ამიტომ კვლევა ხშირად დინამიკაში მეორდება (ჩვეულებრივ 48–72 საათის ინტერვალით) და ფასდება ექოსკოპიურ მონაცემებთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• პროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (PROG);
• ესტრადიოლის განსაზღვრა სისხლში (E2);
• თავისუფალი ბეტაქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა სისხლში (Free β-hCG);
• ორსულობასთან ასოცირებული სისხლის პლაზმის A პროტეინი (PAPP-A);
• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - HCG blood test - quantitative
• medlineplus.gov - Pregnancy Test
• my.clevelandclinic.org - Human Chorionic Gonadotropin (hCG)
• ncbi.nlm.nih.gov - Human Chorionic Gonadotropin (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.