კვლევის შესახებ
Measles morbillivirus-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (Measles IgM) არის ცილები, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა წითელას ვირუსთან კონტაქტის საპასუხოდ გამოიმუშავებს.
წითელა მაღალკონტაგიოზური (ძალიან ადვილად გადამდები) ვირუსული ინფექციაა, რომელიც ვლინდება ცხელებით, კატარალური მოვლენებით (სურდო, ხველა, კონიუნქტივიტი) და დამახასიათებელი კანის გამონაყარით.
იმუნური სისტემა ინფექციის საპასუხოდ ჯერ IgM ანტისხეულებს გამოიმუშავებს. IgM ანტისხეულები ჩნდება ინფექციის ადრეულ ეტაპზე და დროთა განმავლობაში ქრება. სწორედ ამიტომ IgM ანტისხეულების გამოვლენა მიუთითებს მიმდინარე ან ცოტა ხნის წინ გადატანილ ინფექციაზე.
IgM ანტისხეულების კვლევა გამოიყენება წითელას აქტიური ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. ის არ გამოიყენება იმუნიტეტის (ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის შედეგად მიღებული დაცვის) შესაფასებლად - ამისთვის IgG ანტისხეულების კვლევა გამოიყენება.
IgM ანტისხეულების შედეგი ფასდება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებთან, გამონაყარის გაჩენის ვადასა და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• წითელას აქტიური ინფექციის ეჭვი - ცხელება, კატარალური მოვლენები (სურდო, ხველა, კონიუნქტივიტი) და დამახასიათებელი კანის გამონაყარი;
• ცხელებითა და გამონაყარით მიმდინარე დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკა;
• წითელათი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი სიმპტომების გაჩენის ფონზე;
• ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ფარგლებში - საეჭვო შემთხვევის ლაბორატორიული დადასტურება;
• ექიმის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში.
ინტერპრეტაცია
წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:
• დადებითი შედეგი მიუთითებს წითელას მიმდინარე ან ახლად გადატანილ ინფექციაზე;
• IgM ანტისხეულები ყველაზე საიმედოდ ვლინდება ეგზანთემის (გამონაყარის) გაჩენიდან 3 ან მეტი დღის შემდეგ.
IgM ანტისხეულების უარყოფითი (გამოუვლენელი) მაჩვენებლის ინტერპრეტაცია:
• უარყოფითი შედეგი მიუთითებს წითელას მწვავე ინფექციის დაბალ ალბათობაზე;
• ინფექციის ძალიან ადრეულ ეტაპზე (გამონაყარის გაჩენიდან პირველი 3 დღის განმავლობაში) IgM ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს სეროკონვერსირებული - ამიტომ ადრეული უარყოფითი შედეგი კლინიკური სიფრთხილით უნდა შეფასდეს.
შედეგის ინტერპრეტაციის თავისებურებები:
• იშვიათად შესაძლებელია ცრუ-დადებითი შედეგი სხვა ვირუსული ინფექციების ფონზე (ჯვარედინი რეაქტიულობის გამო);
• დიაგნოზის დასაზუსტებლად ხშირად რეკომენდებულია IgM ანტისხეულების კვლევა ვირუსის პირდაპირ გამოვლენასთან (PCR) ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Measles morbillivirus IgG);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);
• პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Parvovirus B19 IgM);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
- MedlinePlus (NIH). Measles and Mumps Tests.
- CDC. Measles Serology Testing.
- Mayo Clinic Laboratories. Measles (Rubeola) Antibodies, IgM, Serum.
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.