აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT)

აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT, Activated Partial Thromboplastin Time) არის კოაგულოგრამის ერთ-ერთი ძირითადი კვლევა, რომელიც აფასებს სისხლის შედედების შინაგანი (intrinsic) და საერთო (common) გზის აქტივობას.

ტესტი გულისხმობს ციტრატით ანტიკოაგულირებული პლაზმის ინკუბაციას სპეციფიკურ რეაგენტებთან (აქტივატორი - კაოლინი, ცელიტი ან ელაგის მჟავა; ფოსფოლიპიდი) და, შემდეგ, კალციუმის დამატებას, რის შემდეგაც იზომება ფიბრინის თრომბის წარმოქმნამდე გასული დრო.

aPTT აფასებს შემდეგი კოაგულაციური ფაქტორების აქტივობას:

• შინაგანი გზის ფაქტორები: ფაქტორი XII (ჰაგემანის ფაქტორი), XI, IX, VIII;

• საერთო გზის ფაქტორები: ფაქტორი X, V, II (პროთრომბინი), I (ფიბრინოგენი);

• პრეკალიკრეინი, მაღალი მოლეკულური წონის კინინოგენი (HMWK).

aPTT-ის გახანგრძლივება შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთ-ერთი ან რამდენიმე ფაქტორის დეფიციტით, ანტიკოაგულანტური თერაპიით (ჰეპარინი), თანდაყოლილი კოაგულოპათიებით (ჰემოფილია A, B), ან შეძენილი ანტიკოაგულანტებით (მგლურას ანტიკოაგულანტი, ფაქტორსპეციფიური ინჰიბიტორები).

aPTT გამოიყენება როგორც სკრინინგული კვლევა კოაგულოპათიების დიაგნოსტიკისთვის, ისე არაფრაქციონირებული ჰეპარინით (UFH) ანტიკოაგულანტური თერაპიის მონიტორინგისთვის, ხოლო პროთრომბინის დროსთან (PT) ერთად - ოპერაციული ჩარევის წინ კოაგულაციური სტატუსის შესაფასებლად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სისხლდენის ან ჰემორაგიული ნიშნების შემთხვევაში (ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, ხანგრძლივი მენსტრუაცია, ჰემატომები, კანქვეშა სისხლდენები);

• პრე-ოპერაციული შემოწმება - ოპერაციული ჩარევის წინ კოაგულაციური სტატუსის შესაფასებლად;

• ბავშვებში გენეტიკური კოაგულოპათიების (ჰემოფილია A, ჰემოფილია B, ფონ ვილებრანდის დაავადება) სკრინინგი - ფამილიური ანამნეზის ან კლინიკური ეჭვის ფონზე;

• ანტიკოაგულანტური თერაპიის (არაფრაქცირებული ჰეპარინი - UFH) მონიტორინგი;

• ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (HIT) ეჭვის შემთხვევაში;

• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) დიაგნოსტიკა (მგლურას ანტიკოაგულანტის სკრინინგი);

• რეციდიული გადატანილი თრომბოზის შემთხვევაში (განსაკუთრებით - ახალგაზრდა პაციენტებში);

• დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (DIC) ეჭვის შემთხვევაში;

• ღვიძლის ფუნქციის შეფასება (კოაგულაციური ფაქტორების უმეტესობა სინთეზდება ღვიძლში);

• ვიტამინ K-ის დეფიციტის შემთხვევაში (ფაქტორი II, VII, IX, X);

• მასიური სისხლის გადასხმის (ტრანსფუზიის) ფონზე;

• ღვიძლის დაავადებების მონიტორინგი;

• პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტებით (DOAC: აპიქსაბანი, რივაროქსაბანი) თერაპიის მონიტორინგი;

• ანტიკოაგულანტური თერაპიის შემდეგ შესაძლო ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

aPTT-ის შედეგი შესაძლოა იყოს ნორმაში, გახანგრძლივებული ან, იშვიათად, დამოკლებული.

aPTT-ის გახანგრძლივება შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით:

• ანტიკოაგულანტური თერაპია: არაფრაქციონირებული ჰეპარინი (UFH) - aPTT-ის ძირითადი მონიტორინგის ტესტი; დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი (LMWH) - aPTT-ზე გავლენა მცირეა, მონიტორინგი ხდება anti-Xa აქტივობით; პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორები (დაბიგატრანი, ბივალირუდინი, არგატრობანი); ვარფარინი - გავლენა აქვს ძირითადად PT-ზე, თუმცა ხანგრძლივი ან მაღალი დოზის შემთხვევაში გავლენას ახდენს aPTT-ზეც;

• თანდაყოლილი ფაქტორების დეფიციტი: ჰემოფილია A (ფაქტორი VIII-ის დეფიციტი), ჰემოფილია B (ფაქტორი IX-ის დეფიციტი), ფონ ვილებრანდის დაავადება (ხშირად მსუბუქი გახანგრძლივება), ფაქტორი XI-ის დეფიციტი (ჰემოფილია C), ფაქტორი XII-ის დეფიციტი (ჩვეულებრივ - არ ასოცირდება სისხლდენის რისკთან);

• შეძენილი ფაქტორების დეფიციტი: ღვიძლის უკმარისობა, ვიტამინ K-ს დეფიციტი, დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC), მასიური სისხლის გადასხმის შემდეგ (გაზავების ეფექტი);

• ფაქტორსპეციფიური ინჰიბიტორები: შეძენილი ჰემოფილია A (ფაქტორი VIII-ის ინჰიბიტორი) - ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში, ორსულობის შემდგომ ან აუტოიმუნური დაავადებების ფონზე;

• მგლურას ანტიკოაგულანტი (LA) - ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეული, რომელიც, პარადოქსულად, aPTT-ს ახანგრძლივებს ლაბორატორიულად, თუმცა კლინიკურად ასოცირდება თროμბოზის (არა სისხლდენის) რისკთან;

• პრე-ანალიტიკური ფაქტორები: არასწორი ციტრატის თანაფარდობა ნიმუშში (განზავება, არასაკმარისი ნიმუშის რაოდენობა), ნიმუშის ჰემოლიზი, არასწორი შენახვა.

aPTT-ის გახანგრძლივების მიზეზის დასაზუსტებლად რეკომენდებულია შერევის ტესტი (mixing study, ICA), რომელიც დიფერენცირებას ახდენს ფაქტორის დეფიციტსა და ინჰიბიტორის არსებობას შორის. ფაქტორის დეფიციტის შემთხვევაში პაციენტის პლაზმის შერევით ნორმალურ პლაზმასთან 1:1 თანაფარდობით, aPTT დაბრუნდება ნორმაში; ინჰიბიტორის შემთხვევაში - გახანგრძლივებული დარჩება.

aPTT-ის დამოკლება იშვიათად ატარებს კლინიკურ მნიშვნელობას და შესაძლოა გამოწვეული იყოს ანთებითი მწვავე ფაზის რეაქციით (ფაქტორი VIII-ის და ფიბრინოგენის მომატება), ორსულობით ან პრე-ანალიტიკური ფაქტორებით.

ანტიკოაგულანტური თერაპიის სამიზნე aPTT: არაფრაქციონირებული ჰეპარინით თერაპიის შემთხვევაში სამიზნე aPTT, ჩვეულებრივ, არის საწყისი ნორმის 1.5–2.5-ჯერ (ე.წ. „თერაპიული ფანჯარა“). გადახრის შემთხვევაში დოზის კორექცია ხდება მკურნალი ექიმის მითითებით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);

• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);

• პროთრომბინის ინდექსის გამოთვლა სისხლში (PI);

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR/PT);

ფიბრინოგენის განსაზღვრა სისხლის შრატში (Fibrinogen);

D-დიმერის განსაზღვრა სისხლში (D-dimer);

ანტითრომბინ III-ის განსაზღვრა სისხლში (AT III);

ცირკულირებადი ანტიკოაგულანტის აქტივობის განსაზღვრა (შერევის ტესტი) (ICA);

თავისუფალი პროტეინ S-ის განსაზღვრა სისხლში (Free Protein S);

პროტეინ C-ის განსაზღვრა სისხლში (Protein C);

მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);

ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);

ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β-2 Glycoprotein IgG);

ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β-2 Glycoprotein IgM);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში (PLT);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო;

• რეკომენდებულია ნიმუშის აღება დილით, ფიზიკური ვარჯიშისა და მძიმე სტრესის გარეშე;

• კვლევის წინ 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მოხმარებისგან;

• კვლევის წინ 30 წუთით ადრე თავი შეიკავეთ მოწევისგან;

•თუ სვამთ ანტიკოაგულანტებს, ანალიზის აღება უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღებამდე.

ქალებში - კვლევა არ სრულდება მენსრუალური ციკლის დროს.

ტესტის მეთოდოლოგია

Sysmex CS 5100 (Sysmex Corporation, Japan) - clotting, chromogenic, immunological and platelet aggregation methods - ავტომატური კოაგულაციური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (პლაზმა)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Partial Thromboplastin Time (PTT) Test

ncbi.nlm.nih.gov - Activated Partial Thromboplastin Time (StatPearls)

mayocliniclabs.com - Activated Partial Thromboplastin Time

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ჰემატოლოგია
Phone