კვლევის შესახებ
EGFR მუტაციების გენოტიპირება PCR მეთოდით არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც სიმსივნური უჯრედების დნმ-ში ავლენს EGFR (ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის) გენის პათოლოგიურ ვარიანტებს. აღნიშნული რეცეპტორი უჯრედის ზედაპირზე მდებარე ცილაა, რომელიც ფიზიოლოგიურად უზრუნველყოფს უჯრედის პროლიფერაციისა და დიფერენცირების სიგნალების გადაცემას.
EGFR გენის სპეციფიკური მუტაციები (მაგალითად, მე-19 ეგზონის დელეცია და მე-21 ეგზონის L858R ვარიანტი) რეცეპტორს კონსტიტუციურად (მუდმივად) აქტიურს ხდის, რაც იწვევს უჯრედის უკონტროლო პროლიფერაციას. სხვა ტიპის ცვლილებები, კერძოდ მე-20 ეგზონის T790M მუტაცია, ასოცირებულია თერაპიისადმი რეზისტენტობის განვითარებასთან. აღნიშნული მუტაციები პათოგნომურია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კარცინომის (ადენოკარცინომის ტიპი) ზოგიერთი ქვეჯგუფისთვის და განსაკუთრებით ხშირია იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ თამბაქოს მოხმარების ანამნეზი.
„მგრძნობიარე“ EGFR მუტაციის დეტექცია კლინიცისტს აძლევს შესაძლებლობას, დანიშნოს EGFR-ის ტიროზინ-კინაზას ინჰიბიტორებით (TKI) მიზნობრივი თერაპია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის მკურნალობის ეფექტიანობას და პროგნოზულ მაჩვენებლებს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ახლადდიაგნოსტირებული მოწინავე ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო (ადენოკარცინომა), ტიროზინ-კინაზას ინჰიბიტორებით (გეფიტინიბი, ერლოტინიბი, აფატინიბი, ოსიმერტინიბი) თერაპიის შესარჩევად;
• ფილტვის კიბოს მკურნალობის ინდივიდუალურად დაგეგმვა;
• EGFR-TKI თერაპიის ფონზე დაავადების პროგრესირება - რეზისტენტობის (T790M) მუტაციის გამოსავლენად;
• თერაპიაზე პასუხის პროგნოზირება.
ინტერპრეტაცია
შედეგი თვისობრივია და ფასდება შემდეგნაირად:
„მგრძნობიარე“ მუტაცია გამოვლენილია (დადებითი შედეგი):
• სიმსივნეში არსებობს EGFR-ის გააქტიურებელი მუტაცია (მაგ., მე-19 ეგზონის დელეცია ან L858R);
• პაციენტი, სავარაუდოდ, სარგებელს მიიღებს EGFR-ის ტიროზინ-კინაზას ინჰიბიტორებით (TKI) მკურნალობით.
რეზისტენტობის მუტაცია (მაგ., T790M) გამოვლენილია:
• მიუთითებს თერაპიისადმი მდგრადობაზე; ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მესამე თაობის ინჰიბიტორის (ოსიმერტინიბი) გამოყენება.
მუტაცია არ გამოვლენილა (ველური ტიპი / უარყოფითი შედეგი):
• EGFR-ის მუტაცია არ აღმოჩნდა; ტიროზინ-კინაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა, სავარაუდოდ, ეფექტიანი არ იქნება;
• რეკომენდებულია სხვა მოლეკულური მარკერების შეფასება (ALK, ROS1, KRAS, BRAF, PD-L1);
• უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს მუტაციებს გამოკვლევის მიღმა დარჩენილ უბნებში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ALK და ROS1 გენების გადანაცვლების (rearrangement) განსაზღვრა;
• KRAS გენის მუტაციის განსაზღვრა (PCR);
• BRAF გენის მუტაციის განსაზღვრა (PCR);
• PD-L1 ექსპრესიის განსაზღვრა (იმუნოჰისტოქიმია);
• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Lung Cancer Genetic Tests
• cancer.gov - Biomarker Testing for Cancer Treatment
• ncbi.nlm.nih.gov - Identification of EGFR Tyrosine-Kinase Mutations in Non-small Cell Lung Cancer
• ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.