კვლევის შესახებ
KRAS გენის მუტაციების გენოტიპირება PCR მეთოდით არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც სიმსივნური უჯრედების დნმ-ში ავლენს KRAS გენის პათოლოგიურ ვარიანტებს. აღნიშნული გენი ახდენს ცილა KRAS-ის კოდირებას, რომელიც მონაწილეობს უჯრედის პროლიფერაციისა და დიფერენცირების მარეგულირებელ სასიგნალო გზაში (EGFR–RAS–RAF–MAPK).
ნორმაში KRAS ცილა „ჩართულ“ და „გამორთულ“ მდგომარეობებს შორის ფიზიოლოგიურად გადაირთვება და მიზნობრივად გადასცემს ზრდის სიგნალებს. KRAS გენის გამააქტიურებელი მუტაცია (უმეტესად მე-12, მე-13, 61-ე ან 146-ე კოდონებში) ცილას კონსტიტუციურად (მუდმივად) აქტიურ მდგომარეობაში აყენებს, რის შედეგადაც უჯრედი იღებს პროლიფერაციულ სიგნალს EGFR რეცეპტორისგან დამოუკიდებლად.
KRAS მუტაცია ვლინდება კოლორექტალური კარცინომის შემთხვევათა დაახლოებით 40%-ში, ასევე პანკრეასისა და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კარცინომის მნიშვნელოვან წილში. მუტაციური სტატუსის განსაზღვრა კრიტიკულია ტარგეტული (სამიზნე) თერაპიის ეფექტიანი სქემის შერჩევისთვის, რადგან KRAS-მუტაციური სიმსივნეები ხშირად რეზისტენტულია სპეციფიკური ინჰიბიტორების მიმართ.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ახლადდიაგნოსტირებული მეტასტაზური მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) კიბო, EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიის (ცეტუქსიმაბი, პანიტუმუმაბი) დანიშვნამდე;
• არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო, სამიზნე თერაპიის შესარჩევად (მათ შორის - KRAS G12C ინჰიბიტორების);
• პანკრეასის კიბო;
• სამიზნე თერაპიაზე პასუხის პროგნოზირება და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა;
• EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიისადმი რეზისტენტობის (მდგრადობის) მიზეზის დადგენა;
• კიბოს პროგნოზის შეფასებაში დამხმარე მონაცემად.
ინტერპრეტაცია
შედეგი თვისობრივია და ფასდება შემდეგნაირად:
მუტაცია გამოვლენილია (დადებითი შედეგი):
• სიმსივნეში არსებობს KRAS-ის გააქტიურებელი მუტაცია;
• მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში EGFR-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ცეტუქსიმაბი, პანიტუმუმაბი), სავარაუდოდ, არაეფექტიანი იქნება და, როგორც წესი, არ ინიშნება;
• ფილტვის კიბოს დროს, თუ გამოვლინდა KRAS G12C მუტაცია, შესაძლებელია შესაბამისი სამიზნე ინჰიბიტორის გამოყენება;
• ზოგ შემთხვევაში მუტაცია ასოცირდება უფრო არახელსაყრელ პროგნოზთან.
მუტაცია არ გამოვლენილა (ველური ტიპი / უარყოფითი შედეგი):
• გამოკვლეულ უბნებში KRAS-ის მუტაცია არ აღმოჩნდა;
• მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს (თუ NRAS და BRAF გენებიც ველური ტიპისაა) პაციენტი შესაძლოა სარგებელს იღებდეს EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიით;
• უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს მუტაციებს გამოკვლევის მიღმა დარჩენილ უბნებში ან სხვა გენებში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• NRAS გენის მუტაციის განსაზღვრა (PCR);
• BRAF გენის მუტაციის განსაზღვრა (PCR);
• EGFR გენის მუტაციის განსაზღვრა (ფილტვის კიბოს შემთხვევაში) (PCR);
• მიკროსატელიტური არასტაბილურობის განსაზღვრა (MSI) / შეუსაბამობის აღმდგენი ცილების კვლევა (MMR);
• კანცეროემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (CEA);
• კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში CA 19-9;
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cancer.gov - Biomarker Testing for Cancer Treatment
• ncbi.nlm.nih.gov - KRAS Mutation Analysis by PCR
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - RAS mutations in colorectal cancer companion diagnostic testing
• ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.