კვლევის შესახებ
ენტერობიუს ვერმიკულარისი (Enterobius vermicularis), ცნობილი როგორც მახვილთავა ჭია (pinworm, threadworm), არის წვრილი, თეთრი, ძაფისებრი ნემატოდა (ჭია), რომელიც იწვევს ენტერობიოზს - ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნაწლავურ ჰელმინთოზს, განსაკუთრებით - სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში.
ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით - ჭიის კვერცხების გადაყლაპვით (დაბინძურებული ხელების, საწოლის თეთრეულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით). ზრდასრული მდედრი ჭია ღამით გადაადგილდება ნაწლავიდან პერიანალურ არეში და იქ დებს კვერცხებს, რაც იწვევს დამახასიათებელ ღამის პერიანალურ ქავილს.
დიაგნოსტიკის ოპტიმალური მეთოდია პერიანალური ნაცხი (ე.წ. წებოვანი ლენტის/სკოჩის ტესტი ან სპეციალური აპლიკატორი), რომლის დროსაც პერიანალური კანიდან აღებული მასალა მიკროსკოპში გამოიკვლევა ჭიის კვერცხების აღმოსაჩენად.
განავლის მიკროსკოპული კვლევა ენტერობიოზის დიაგნოსტიკისთვის ნაკლებად ეფექტურია, რადგან კვერცხები ძირითადად პერიანალურ კანზე გროვდება და არა განავალში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ღამის პერიანალური ან ვულვარული ქავილი (განსაკუთრებით - ბავშვებში);
• ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა ბავშვებში;
• პერიანალური არის გაწითლება ან გაღიზიანება ქავილისა და გაკაწვრის შედეგად;
• პერიანალურ არეში ან განავალში წვრილი, თეთრი ჭიების შესაძლო შემჩნევა;
• ოჯახში ან ბავშვთა კოლექტივში ენტერობიოზის გავრცელება;
• გოგონებში გამეორებადი ვულვოვაგინიტი ან საშარდე გზების გაღიზიანება გაურკვეველი მიზეზით.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი:
• მიკროსკოპული კვლევისას Enterobius vermicularis-ის კვერცხების (ან ზრდასრული პარაზიტის) იდენტიფიცირება ადასტურებს ენტერობიოზს;
• დადებითი შედეგი წარმოადგენს მკურნალობის ჩვენებას; ხშირ შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული თერაპია.
უარყოფითი შედეგი:
• ნიშნავს, რომ აღებულ ნიმუშში (პერიანალურ ნაცხში) პარაზიტის კვერცხები ვერ გამოვლინდა;
• ერთჯერადი უარყოფითი შედეგი ინფექციას ბოლომდე არ გამორიცხავს, ვინაიდან კვერცხების გამოყოფა ინტერმიტირებადი (წყვეტილი) ხასიათისაა. სანდო შედეგისთვის რეკომენდებულია კვლევის განმეორება 3-6 თანმიმდევრულ დილას.
კვლევისთვის მასალის აღება უნდა მოხდეს დილის საათებში, ჰიგიენურ პროცედურებამდე და დეფეკაციამდე, შედეგის მაქსიმალური ინფორმაციულობის უზრუნველსაყოფად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა კვერცხებსა და პარაზიტებზე;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - ეოზინოფილების შესაფასებლად;
• Giardia lamblia ანტიგენი, განავალში - თანმხლები ნაწლავური სიმპტომების შემთხვევაში;
• Crypto/Giardia/Entamoeba ანტიგენი, განავალში - დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• ნაცხი აიღეთ დილით, გაღვიძებისთანავე, აუცილებლად - დაბანამდე, დეფეკაციამდე და მოშარდვამდე;
• წინა საღამოს ნუ ჩაიტარებთ პერიანალური არის ჰიგიენურ დამუშავებას.
მასალის აღება — სასაგნე მინიდან აიღეთ გამჭვირვალე წებოვანი ლენტი და დააწებეთ პერიანალურ მიდამოში. თითის გადასმით კარგად დააფიქსირეთ ლენტი, შემდეგ ისევ დააწებეთ სასაგნე მინაზე. არ მოაშოროთ ლენტი მინიდან.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.cdc.gov - Pinworm Infection (Enterobiasis)
• www.mayoclinic.org - Pinworm Infection, Diagnosis
• www.ncbi.nlm.nih.gov - Enterobius Vermicularis (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.