კვლევის შესახებ
გიარდია (Giardia lamblia, ცნობილია აგრეთვე როგორც Giardia duodenalis / Giardia intestinalis) არის ერთუჯრედიანი პროტოზოული პარაზიტი, რომელიც იწვევს ნაწლავურ ინფექციას - ჯიარდიოზს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწლავური პარაზიტია მსოფლიოში და დიარეის ხშირი მიზეზია ბავშვებში, მოგზაურებსა და დაბინძურებული წყლის მომხმარებლებში.
ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით - დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით, ასევე - ადამიანიდან ადამიანზე (მაგ., საბავშვო ბაღებში). დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მწვავე დიარეის სახით ან ქრონიკულად - ხანგრძლივი დიარეით, მალაბსორბციითა და წონის დაქვეითებით.
განავალში გიარდიას ანტიგენის განსაზღვრა ხდება იმუნოლოგიური მეთოდით (იმუნოქრომატოგრაფია ან ELISA), რომელიც ავლენს პარაზიტის სპეციფიკურ ცილებს.
ანტიგენის ტესტი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე განავლის მიკროსკოპული კვლევა, რადგან გიარდიას გამოყოფა განავალში წყვეტილია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხანგრძლივი ან მორეციდივე დიარეა (განსაკუთრებით - წყლიანი, ცხიმოვანი, მყრალი);
• მუცლის ტკივილი, შებერილობა, გაზების მომატება, გულისრევა;
• უმიზეზო წონის კლება, მალაბსორბციის ნიშნები;
• ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხება;
• დაბინძურებული წყლის მიღების ან ენდემურ რეგიონში მოგზაურობის ანამნეზი;
• დიარეის გავრცელება საბავშვო ბაღში ან ოჯახში (აფეთქების გამოკვლევა);
• მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება ჯიარდიოზის დადასტურებული შემთხვევის შემდეგ.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი:
• მიუთითებს განავალში Giardia lamblia-ს ანტიგენის არსებობაზე, რაც ადასტურებს აქტიურ ინფექციას (ჯიარდიოზი);
• დიარეისა და შესაბამისი კლინიკური სიმპტომების ფონზე ადასტურებს ინფექციას და წარმოადგენს მკურნალობის დაწყების ჩვენებას.
უარყოფითი შედეგი:
• ნიშნავს, რომ ნიმუშში ანტიგენი ვერ გამოვლინდა;
• ერთჯერადი უარყოფითი შედეგი ინფექციას ბოლომდე არ გამორიცხავს, რადგან პარაზიტის ექსკრეცია (გამოყოფა) განავალში ინტერმიტირებადი (წყვეტილი) ხასიათისაა - კლინიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია კვლევის გამეორება სხვადასხვა დღეს აღებულ ნიმუშებზე.
ანტიგენური ტესტი არ ანაცვლებს მიკროსკოპულ გამოკვლევას მაშინ, როდესაც საჭიროა სხვა ნაწლავური პარაზიტების დიფერენცირება/გამორიცხვა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• Crypto/Giardia/Entamoeba ანტიგენი, განავალში;
• განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა კვერცხებსა და პარაზიტებზე;
• ჰელიკობაქტერ პილორის ანტიგენის განსაზღვრა განავალში (Helicobacter pylori antigen);
• კალპროტექტინის განსაზღვრა განავალში (Calprotectin);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო;
• განავლის ნიმუში აიღეთ სუფთა, მშრალ, ჰერმეტულ კონტეინერში;
• მოერიდეთ ნიმუშის შარდით ან წყლით დაბინძურებას;
• ნიმუში ლაბორატორიაში მიიტანეთ რაც შეიძლება სწრაფად;
• საჭიროებისას შეინახეთ მაცივარში;
• სასურველია, ნიმუშის აღება მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის ან ანტიპარაზიტული მკურნალობის დაწყებამდე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.mayocliniclabs.com - Giardia Antigen, Feces
• www.cdc.gov - Giardiasis (Giardia)
• www.ncbi.nlm.nih.gov - Giardia lamblia Antigen ELISA
• ნინო მაჭარაშვილი, MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.