კვლევის შესახებ
HCV RNA, რაოდენობრივი (C ჰეპატიტის ვირუსის რნმ, ვირუსული დატვირთვა) არის სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის – რნმ-ის – მოლეკულურ-გენეტიკური (PCR – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) კვლევა. C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით გადაეცემა და მკურნალობის გარეშე შესაძლოა პროგრესირდეს ქრონიკულ ჰეპატიტში, ციროზსა და ჰეპატოცელულურ კარცინომაში.
რაოდენობრივი ანალიზი ზომავს ვირუსულ დატვირთვას სისხლში. იგი ადასტურებს აქტიურ ინფექციას და ფართოდ გამოიყენება ანტივირუსული თერაპიის ეფექტიანობის შესაფასებლად – მკურნალობის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირუსული დატვირთვის რაოდენობა პირდაპირ არ ასახავს ღვიძლის დაზიანების ხარისხს (ფიბროზს ან ციროზს) – ამისთვის აუცილებელია სხვა სპეციალიზებული კვლევები.
აღნიშნული კვლევა სრულდება გადაუდებელ (CITO) რეჟიმში, როდესაც შედეგი კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად მოკლე ვადაშია საჭირო.
ანტივირუსული თერაპიის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ვირუსული რნმ-ის სრული გაქრობა („არადეტექტირებადი“ დონე) მკურნალობის წარმატების (მდგრადი ვირუსოლოგიური პასუხის) მაჩვენებელია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების (anti-HCV) დადებითი შედეგის შემდეგ აქტიური ინფექციის დასადასტურებლად;
• ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე ვირუსული დატვირთვის საწყისი დონის დასადგენად;
• მკურნალობის მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ მის ეფექტიანობაზე პასუხის შესაფასებლად;
• მკურნალობის დასრულებიდან მდგრადი ვირუსოლოგიური პასუხის (განკურნების) დასადასტურებლად;
• C ჰეპატიტის რეინფექციის ან რეციდივის ეჭვის შემთხვევაში;
• ღვიძლის ფუნქციის გაურკვეველი მიზეზის დარღვევისას რისკფაქტორების ფონზე;
• ახალშობილში, თუ დედა C ჰეპატიტით არის ინფიცირებული.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი ასახავს სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის რაოდენობას (ვირუსულ დატვირთვას).
ვირუსის აღმოჩენა (დადებითი შედეგი) ადასტურებს C ჰეპატიტის აქტიურ ინფექციას. ვირუსული დატვირთვის დონე შემდეგნაირად ფასდება:
• მაღალი ვირუსული დატვირთვა - სისხლში ვირუსის დიდი რაოდენობაა; მიუთითებს აქტიურ ინფექციასა და რეპლიკაციაზე;
• ვირუსული დატვირთვის კლება მკურნალობის ფონზე - მკურნალობაზე ადეკვატურ პასუხს ნიშნავს;
• ვირუსული დატვირთვის შენარჩუნება ან მატება მკურნალობის ფონზე - შესაძლოა მიუთითებდეს მკურნალობის არასაკმარის ეფექტზე ან მედიკამენტისადმი რეზისტენტობაზე.
ვირუსის აღმოუჩენელი დონე შესაძლოა ნიშნავდეს:
• აქტიური ინფექციის არარსებობას;
• წარმატებულ მკურნალობას (განკურნებას), თუ აღმოუჩენელი დონე შენარჩუნებულია მკურნალობის დასრულებიდან კლინიკურად განსაზღვრული დროის შემდეგ;
• ან ვირუსის იმდენად დაბალ რაოდენობას, რომ რაოდენობრივი მეთოდით ვერ იზომება (ამ შემთხვევაში დასაზუსტებლად მოლეკულური თვისობრივი ანალიზი გამოიყენება).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);
• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• კოაგულოგრამა (PT, PI, INR, aPTT, Fibrinogen);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Hepatitis C
• ncbi.nlm.nih.gov - HCV RNA Assay
• ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.