HTLV 1 ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსის აღმოენა რეალურ დროში PCR მეთოდით

HTLV 1 ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსის აღმოენა რეალურ დროში PCR მეთოდით

ფასი: 1275 ₾

კვლევის შესახებ

HTLV-1 (ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი ტიპი 1) არის რეტროვირუსების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ტროპიზმს ავლენს T-ლიმფოციტების მიმართ და იწვევს მასპინძლის ორგანიზმში პერსისტენტულ (ლატენტურ) ინფექციას. ვირუსის გადაცემა ხორციელდება ჰორიზონტალური (სქესობრივი გზით, ჰემოტრანსფუზიით, არასტერილური ინექციური ინსტრუმენტებით) და ვერტიკალური (დედის რძით) მექანიზმებით.

ინფიცირებულ პირთა უმრავლესობას აღენიშნება უსიმპტომო მატარებლობა. თუმცა, შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში ვირუსმა შესაძლოა განაპირობოს მძიმე კლინიკური პათოლოგიები: მოზრდილთა T-უჯრედული ლეიკემია/ლიმფომა (ATL) – აგრესიული ლიმფოპროლიფერაციული დაავადება, ან HTLV-1-ასოცირებული მიელოპათია / ტროპიკული სპასტიკური პარაპარეზი (HAM/TSP) – ზურგის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დემილინიზებელი დაავადება.

რეალურ დროში მიმდინარე PCR (real-time PCR) მეთოდი უზრუნველყოფს ვირუსის გენეტიკური მასალის – პროვირუსული დნმ-ის – უშუალო იდენტიფიკაციას პერიფერიული სისხლის ლეიკოციტებში. აღნიშნული კვლევა გამოიყენება სეროლოგიური (ანტისხეულების) ტესტის შედეგების ვერიფიკაციისთვის, ინდეტერმინირებული (საეჭვო) შედეგების ინტერპრეტაციისა და HTLV-1-ისა და HTLV-2-ის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

PCR-ით პროვირუსული დნმ-ის დეტექცია წარმოადგენს დადასტურებით (კონფირმაციულ) მეთოდს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია სეროლოგიური კვლევის გაურკვეველი ან საეჭვო შედეგების შემთხვევაში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• სკრინინგული (სეროლოგიური) ტესტის დადებითი ან განუსაზღვრელი შედეგის დადასტურება;

• HTLV-1 და HTLV-2 ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა;

• მოზრდილთა T-უჯრედული ლეიკემიის/ლიმფომის (ATL) ეჭვი (გადიდებული ლიმფური კვანძები, კანის დაზიანებები, კალციუმის მომატება სისხლში, ღვიძლისა და ელენთის გადიდება);

• ნევროლოგიური სიმპტომები HTLV-1-თან ასოცირებული მიელოპათიის (HAM/TSP) ეჭვით (ფეხების სისუსტე და მოძრაობის დარღვევა, შარდვის პრობლემები);

• ენდემური რეგიონებიდან (იაპონია, კარიბის აუზი, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა) წარმოშობილ პირებში ინფექციის შემოწმება;

• ორსულობის ან ძუძუთი კვების დაგეგმვა ცნობილი მატარებლობის ან რისკის ფონზე;

• ორგანოს ან ქსოვილის დონორებისა და რეციპიენტების სკრინინგი;

• სისხლის გადასხმასთან ან ნემსის გაზიარებასთან დაკავშირებული შესაძლო ექსპოზიცია.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი თვისობრივია და მიუთითებს ვირუსის პროვირუსული დნმ-ის არსებობას ან არარსებობას სისხლში.

დადებითი (აღმოჩენილი) შედეგი ნიშნავს, რომ ორგანიზმში HTLV-1 ინფექციაა და ადასტურებს მატარებლობას. ის შესაძლოა გამოვლინდეს:

• უსიმპტომო მატარებლებში (შემთხვევათა უმეტესობა);

• მოზრდილთა T-უჯრედული ლეიკემიის/ლიმფომის (ATL) მქონე პაციენტებში;

• HTLV-1-თან ასოცირებული მიელოპათიის (HAM/TSP) მქონე პაციენტებში;

• სხვა ანთებითი მდგომარეობების დროს (უვეიტი, დერმატიტი, ართრიტი).

უარყოფითი (აღმოუჩენელი) შედეგი მიუთითებს, რომ სისხლში ვირუსის დნმ არ აღმოჩნდა. ეს ჩვეულებრივ გამორიცხავს ინფექციას, თუმცა:

• ძალიან ადრეულ ეტაპზე (ფანჯრის პერიოდში) ვირუსის რაოდენობა შესაძლოა აღმოსაჩენ დონეზე დაბალი იყოს;

• საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კვლევის გამეორება ან სეროლოგიური ტესტებით დამატებითი შემოწმება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი • ლიქვორი • ბიოფსიური მასალა

კვლევის შესრულების დრო

25 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

who.int - Human T-lymphotropic virus type 1

ncbi.nlm.nih.gov - HTLV-1/2 Real-Time PCR

my.clevelandclinic.org - HTLV-1

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

გერმანია
Phone