NRAS გენის მუტაციის აღმოჩენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში PCR მეთოდით

NRAS გენის მუტაციის აღმოჩენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით რეალურ დროში PCR მეთოდით

ფასი: 600 ₾

კვლევის შესახებ

NRAS გენის მუტაციების გენოტიპირება რეალურ დროში მიმდინარე PCR (real-time PCR) მეთოდით არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც სიმსივნური უჯრედების დნმ-ში ავლენს NRAS გენის პათოლოგიურ ვარიანტებს. NRAS მიეკუთვნება RAS გენების ოჯახს (KRAS-ის ანალოგიურად) და მონაწილეობს უჯრედის პროლიფერაციისა და დიფერენცირების მარეგულირებელ სასიგნალო გზაში (EGFR–RAS–RAF–MAPK).

NRAS-ის გამააქტიურებელი მუტაცია (ძირითადად მე-12, მე-13 ან 61-ე კოდონებში) ცილას კონსტიტუციურად (მუდმივად) აქტიურ მდგომარეობაში აყენებს, რაც იწვევს უჯრედის პროლიფერაციის უკონტროლო პროცესს. NRAS მუტაცია ვლინდება კოლორექტალური კარცინომის შემთხვევათა დაახლოებით 3–5%-ში და მელანომის შემთხვევათა დაახლოებით 15–20%-ში.

NRAS-ის მუტაცია, KRAS-ის მსგავსად, კოლორექტალური კარცინომის დროს EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიისადმი რეზისტენტობის მნიშვნელოვანი კლინიკური მაჩვენებელია.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• მეტასტაზური მსხვილი ნაწლავის კიბო, EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიის (ცეტუქსიმაბი, პანიტუმუმაბი) დანიშვნამდე (გაფართოებული RAS-ტესტირების ფარგლებში);

• მელანომა (განსაკუთრებით მოწინავე ან მეტასტაზური), სამიზნე თერაპიის შესარჩევად;

• სამიზნე თერაპიაზე პასუხის პროგნოზირება;

• EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიისადმი რეზისტენტობის მიზეზის დადგენა;

• კიბოს მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალურად დაგეგმვა.

ინტერპრეტაცია

შედეგი თვისობრივია და ფასდება შემდეგნაირად:

მუტაცია გამოვლენილია (დადებითი შედეგი):

• სიმსივნეში არსებობს NRAS-ის გააქტიურებელი მუტაცია;

• მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს EGFR-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები, სავარაუდოდ, არაეფექტიანი იქნება და, როგორც წესი, არ ინიშნება;

• მელანომის შემთხვევაში მუტაცია გავლენას ახდენს თერაპიის შერჩევაზე (მაგ., MEK-ინჰიბიტორების განხილვა);

• NRAS და BRAF მუტაციები ჩვეულებრივ ერთმანეთს გამორიცხავს (იშვიათად თანაარსებობს).

მუტაცია არ გამოვლენილა (ველური ტიპი / უარყოფითი შედეგი):

• გამოკვლეულ უბნებში NRAS-ის მუტაცია არ აღმოჩნდა;

• მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს (თუ KRAS და BRAF გენებიც ველური ტიპისაა) პაციენტი შესაძლოა სარგებელს იღებდეს EGFR-ის საწინააღმდეგო თერაპიით;

• უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს მუტაციებს სხვა გენებში ან გამოკვლევის მიღმა დარჩენილ უბნებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

Quanstudio 5 - Real Time PCR

მასალის ტიპი

• ფორმალინში დაფიქსირებული პარაფინში ჩაყალიბებული ქსოვილი; • ბიოფსიით მიღებული ქსოვილი.

კვლევის შესრულების დრო

14 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cancer.gov - Biomarker Testing for Cancer Treatment

medlineplus.gov - Genetic Tests / Lung Cancer Genetic Tests

pubmed.ncbi.nlm.nih.gov - RAS mutations in colorectal cancer companion diagnostic testing

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone