იმუნოელექტროფორეზი შარდში (ბენს - ჯონსის ცილა შარდში)

იმუნოელექტროფორეზი შარდში (ბენს - ჯონსის ცილა შარდში)

ფასი: 232 ₾

კვლევის შესახებ

შარდის იმუნოფიქსაციური ელექტროფორეზი (Urine Immunofixation Electrophoresis) არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც შარდში პათოლოგიური ცილების - განსაკუთრებით ბენს-ჯონსის ცილის - გამოვლენისა და ტიპის დადგენისთვის გამოიყენება.


ბენს-ჯონსის ცილა არის იმუნოგლობულინების მონოკლონური თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვები (კაპა ან ლამბდა), რომლებსაც პათოლოგიური პლაზმური უჯრედები ჭარბად გამოიმუშავებენ. ეს მცირე ზომის ცილები თირკმლის ფილტრს ადვილად გადიან და შარდში გამოიყოფა.


ჯანმრთელი ადამიანის შარდი ბენს-ჯონსის ცილას არ შეიცავს, ამიტომ მისი აღმოჩენა ყოველთვის სამედიცინო პრობლემაზე მიუთითებს. კვლევა ორ ეტაპად მიმდინარეობს: ჯერ შარდის ცილები ელექტრული ველის საშუალებით გამოეყოფა ერთმანეთს, შემდეგ კი სპეციფიკურ ანტისხეულებთან რეაქციით ზუსტდება მსუბუქი ჯაჭვის ტიპი.


კვლევა ხშირად 24-საათიან შარდზე ტარდება, რაც ცილის გამოყოფის რაოდენობრივ შეფასებასაც იძლევა. ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მრავლობითი მიელომისა და სხვა პლაზმურ-უჯრედოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• მრავლობითი მიელომის ეჭვი ან მონიტორინგი;

• მონოკლონური გამოპათიის (MGUS, ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია) გამოკვლევა;

• AL-ამილოიდოზისა და მსუბუქი ჯაჭვების დეპონირების დაავადების ეჭვი;

• შრატის ცილების ან იმუნოელექტროფორეზის პათოლოგიური შედეგის დაზუსტება;

• შარდის საერთო ანალიზში გამოვლენილი აუხსნელი ცილოვნება (პროტეინურია);

• თირკმლის ფუნქციის აუხსნელი გაუარესება მიელომის ფონზე;

• ძვლის ტკივილი, პათოლოგიური მოტეხილობები, ჰიპერკალციემია, ანემია გაურკვეველი მიზეზით;

• უკვე დიაგნოსტირებული პლაზმურუჯრედოვანი დაავადების მკურნალობაზე პასუხის შეფასება.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი თვისობრივია - ადგენს, არის თუ არა შარდში მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვი (ბენს-ჯონსის ცილა) და რომელი ტიპისაა (კაპა თუ ლამბდა).


ნორმალური (პათოლოგიის გარეშე) შედეგი:

შარდში ბენს-ჯონსის ცილა (მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვი) არ ვლინდება. ეს ნორმად ფასდება.


ბენს-ჯონსის ცილის გამოვლენა:

შარდში მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:

• მრავლობითი მიელომა (განსაკუთრებით მსუბუქი ჯაჭვების მიელომა);

• ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია;

• AL-ამილოიდოზი;

• მსუბუქი ჯაჭვების დეპონირების დაავადება;

• ცალკეული ლიმფომა და ლეიკემია;

• გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამაპათია (MGUS).


შარდში გამოყოფილი ცილის რაოდენობა (24-საათიან შარდში) დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად გამოიყენება - მისი კლება დადებით დინამიკაზე, ხოლო მატება - დაავადების პროგრესირებაზე მიუთითებს.


მნიშვნელოვანია, რომ ბენს-ჯონსის ცილის ნორმალური (უარყოფითი) შედეგი სრულად არ გამორიცხავს მიელომას - თანამედროვე პრაქტიკაში შარდის კვლევა ხშირად ერთიანდება შრატის თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების უფრო მგრძნობიარე ანალიზთან. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს შრატის გამოკვლევებთან და კლინიკურ მონაცემებთან ერთად.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევა ტარდება 24-საათიანი შარდის ნიმუშით - ზუსტად დაიცავით შარდის შეგროვების წესი;


• შეგროვების წესი ‒ მასალა გროვდება 24 საათის განმავლობაში, პირველი დღის დილის შარდი უნდა გადაიღვაროს, ყოველი მომდევნო შარდი კი შეგროვდეს ერთ დიდ კონტეინერში. მასალა უნდა შეინახოთ ბნელ-გრილ ადგილას ან სამაცივრე პირობებში მეორე დილის პირველი შარდის ჩათვლით. შეგროვების შემდეგ უნდა მოხდეს შარდის შერევა და შარდის ერთჯერად კონტეინერში გადმოტანა (მინ. 30 მლ).


• დაიცავით ლაბორატორიის დამატებითი მითითებები ნიმუშის შენახვისა და ტრანსპორტირების შესახებ.

მასალის ტიპი

• შარდი

კვლევის შესრულების დრო

14 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


ncbi.nlm.nih.gov - Bence-Jones Protein (StatPearls)

medlineplus.gov - Protein Electrophoresis by Immunofixation Blood Test

labcorp.com - Immunofixation (IFE), Serum and Protein Electrophoresis, Serum


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone