კვლევის შესახებ
შრატის ცილების ელექტროფორეზი (Serum Protein Electrophoresis, SPEP) არის ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც სისხლის შრატში არსებულ ცილებს ჰყოფს ცალკეულ ფრაქციებად მათი ზომის, ფორმისა და ელექტრული მუხტის მიხედვით. ცილებზე სუსტი ელექტრული დენი მოქმედებს და ისინი სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდებიან - შედეგად მიიღება დამახასიათებელი ცილოვანი ფრაქციების სურათი.
შრატის ცილები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ალბუმინი და გლობულინები. ალბუმინი შრატის მთავარი ცილაა და სითხეს სისხლძარღვებში აკავებს, ასევე ატარებს მრავალ ნივთიერებასა და მედიკამენტს. გლობულინები მცირე წილს შეადგენენ, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ კვლევის ინტერპრეტაციის მთავარ ობიექტს. გლობულინები იყოფა ხუთ ქვეფრაქციად: ალფა-1, ალფა-2, ბეტა-1, ბეტა-2 და გამა. გამა-ფრაქცია ძირითადად მოიცავს იმუნოგლობულინებს (ანტისხეულებს), რომლებიც ორგანიზმის იმუნურ დაცვაში მონაწილეობენ.
კვლევა ფართოდ გამოიყენება სისხლის პლაზმური უჯრედების დაავადებების - განსაკუთრებით მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამაპათიების - დიაგნოსტიკისთვის. ამ დაავადებების დროს ელექტროფორეზოგრამაზე ჩნდება ვიწრო, მკვეთრი პიკი - ე.წ. M-ცილა (მონოკლონური ცილა), რომელსაც ერთი ტიპის პათოლოგიური პლაზმური უჯრედები გამოიმუშავებენ.
ცილოვანი ფრაქციების სურათის ცვლილება დამახასიათებელია მრავალი დაავადებისთვის, რის გამოც კვლევა ფასდება მხოლოდ კლინიკურ მონაცემებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლის საერთო ცილის მაჩვენებლის მომატება ან ალბუმინისა და გლობულინების შეფარდების ცვლილება;
• მრავლობითი მიელომის ან მონოკლონური გამაპათიის ეჭვი;
• ძვლის აუხსნელი ტკივილი, ხშირი მოტეხილობები;
• აუხსნელი ანემია, თირკმლის ფუნქციის გაუარესება, სისხლში კალციუმის მომატება;
• ხშირი ან განმეორებითი ინფექციები (იმუნოდეფიციტის ეჭვი);
• ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
• ქრონიკული ანთებითი ან აუტოიმუნური დაავადებები;
• ნეფროზული სინდრომი, ცილის დაკარგვა შარდით;
• კვებითი დარღვევები, მძიმე მალნუტრიცია;
• დიაგნოსტირებული მონოკლონური გამაპათიის დინამიური მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
ცილოვანი ფრაქციების მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• გამა-ფრაქციის ვიწრო, მკვეთრი პიკი (M-ცილა) - მრავლობითი მიელომა, ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია, არცნობილი მნიშვნელობის მონოკლონური გამაპათია (MGUS);
• გამა-ფრაქციის გაფართოებული (პოლიკლონური) მომატება - ქრონიკული ინფექციები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები;
• ალფა-1 და ალფა-2 ფრაქციების მომატება - მწვავე ანთებითი პროცესები, ინფექციები;
• ალფა-2 ფრაქციის მომატება - ნეფროზული სინდრომი.
ცილოვანი ფრაქციების კლება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ალბუმინის კლება - ღვიძლის მძიმე დაავადებები, ნეფროზული სინდრომი, მძიმე მალნუტრიცია, ქრონიკული ანთება, მალაბსორბცია;
• გამა-ფრაქციის კლება - იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგამაგლობულინემია);
• ალფა-1 ფრაქციის კლება - ალფა-1-ანტიტრიფსინის მემკვიდრული დეფიციტი.
M-ცილის გამოვლენისას, როგორც წესი, საჭიროა დამატებითი გამოკვლევები (იმუნოფიქსაცია, იმუნოგლობულინების რაოდენობრივი განსაზღვრა, შარდის ცილოვანი ელექტროფორეზი) დიაგნოზის დასაზუსტებლად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Protein Electrophoresis by Immunofixation Blood Test
• mayocliniclabs.com - Protein Electrophoresis, Serum
• aafp.org - Understanding and Interpreting Serum Protein Electrophoresis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.