კვლევის შესახებ
ACADVL გენის სეკვენირება არის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რომელიც გამოიყენება გრძელი ჯაჭვის აცილ-CoA დეჰიდროგენაზას დეფიციტის (VLCADD - Very Long-Chain Acyl-CoA Dehydrogenase Deficiency) დიაგნოსტიკისთვის.
VLCADD არის აუტოსომურ-რეცესიული მემკვიდრეობითი მიტოქონდრიული ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ჟანგვის აშლილობა, გამოწვეული ACADVL გენის მუტაციებით. ეს გენი კოდირებს ფერმენტ VLCAD-ს, რომელიც აუცილებელია ძალიან გრძელი ჯაჭვის (C14-C20) ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიაში დაშლისთვის.
დაავადება კლინიკურად ჰეტეროგენულია და გამოიხატება სამი ძირითადი ფორმით: მძიმე ჩვილთა (გულ-სისხლძარღვოვანი) - ვითარდება ცხოვრების პირველ თვეებში კარდიომიოპათიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლის დაზიანებით; ინტერმედიარული (ბავშვთა ჰიპოგლიკემიური) - გამოვლინდება 1-2 წლის ასაკში ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებით; ხოლო მოზრდილთა (მიოპათიური) - გამოვლინდება მოზრდილობის ასაკში, დამახასიათებელი ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული რაბდომიოლიზით, კუნთოვანი სისუსტითა და მიოგლობინურიით.
კვლევა შესრულებულია ახალი თაობის სეკვენირების (NGS) მეთოდით და აანალიზებს ACADVL გენის მთელ კოდირებად რეგიონს, რაც აუცილებელია დიაგნოზის მოლეკულური დადასტურებისთვის, პროგნოზის შესაფასებლად და ოჯახური სკრინინგისთვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ახალშობილთა სკრინინგზე გამოვლენილი C14:1 (ტეტრადეცენოილკარნიტინის) და მისი თანაფარდობების მომატება;
• უცნობი ეტიოლოგიის ჰიპოკეტოზური ჰიპოგლიკემია ბავშვთა ასაკში;
• ჩვილთა კარდიომიოპათია (ჰიპერტროფიული ან დილატაციური) და პერიკარდის გამონაჟონი;
• არითმიები ბავშვთა ან მოზრდილთა ასაკში;
• უცნობი წარმოშობის მიოპათია, კუნთოვანი სისუსტე, ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული რაბდომიოლიზი და მიოგლობინურია;
• ღვიძლის მწვავე უკმარისობის ეპიზოდები (რეის სინდრომის მსგავსი);
• დიაგნოზის მოლეკულური დადასტურება ბიოქიმიური კვლევებით VLCADD-ის ეჭვის შემთხვევაში;
• ოჯახური ანამნეზი VLCADD-ის ან უცნობი ეტიოლოგიის ჩვილთა უეცარი სიკვდილის;
• წყვილის რეპროდუქციული დაგეგმვა, მატარებლობის სტატუსის განსაზღვრა და პრენატალური დიაგნოსტიკა.
ინტერპრეტაცია
პათოგენური ვარიანტების გამოვლენა:
• ორი პათოგენური ვარიანტის გამოვლენა ACADVL გენში (ჰომოზიგოტური ან კომპაუნდ ჰეტეროზიგოტული მდგომარეობა) ადასტურებს VLCADD-ის დიაგნოზს;
• ერთი პათოგენური ვარიანტის გამოვლენა მიუთითებს მატარებლობის სტატუსზე (ჰეტეროზიგოტული) - მატარებლები ჩვეულებრივ ასიმპტომურები არიან, თუმცა შესაძლოა შთამომავლობას გადასცენ დაავადება;
• გაურკვეველი კლინიკური მნიშვნელობის ვარიანტების (VUS) გამოვლენა საჭიროებს დამატებით შეფასებას აცილკარნიტინების პროფილთან, ფერმენტული აქტივობის ტესტთან და ოჯახური სეგრეგაციული ანალიზთან ერთად;
• დელექციური/დუპლიკაციური ვარიანტების გამოვლენა (მაგ., ერთი ან რამდენიმე ეგზონის) მოითხოვს გამოვლენის კვლევის მეთოდის (გენომური კოპირებითი რიცხვის (CNV) ანალიზი, მულტიპლექსური ლიგატურა-დამოკიდებული ზონდის ამპლიფიკაცია (MLPA)) დამატებას სეკვენირების გვერდით.
მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს ბიოქიმიური მარკერების (C14:1 აცილკარნიტინი, C14:1/C2 თანაფარდობა, VLCAD-ის ფერმენტული აქტივობა ლიმფოციტებში ან ფიბრობლასტებში) და კლინიკური სურათის კონტექსტში.
ფენოტიპური ჰეტეროგენულობის გამო, გენოტიპ-ფენოტიპური კორელაცია არასრულია, ამიტომ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ საჭიროა კარდიოლოგიური მონიტორინგი, დიეტოთერაპია (გახანგრძლივებული უზმოობის თავიდან აცილება, გრძელი ჯაჭვის ცხიმების შეზღუდვა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების (MCT) დანამატები) და გენეტიკოსის კონსულტაცია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• აცილკარნიტინების პროფილი სისხლში, ტანდემური მას-სპექტრომეტრიით (MS/MS);
• ორგანული მჟავების განსაზღვრა შარდში (Organic Acids, Urine);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში (Ketones, Urine);
• კრეატინკინაზას განსაზღვრა სისხლში (CK);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• ალანინამინოტრანსფერაზისა და ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT,AST);
• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);
• ამონიაკის განსაზღვრა სისხლში (NH3);
• თავისუფალი კარნიტინის განსაზღვრა სისხლში (Free Carnitine);
• ტროპონინის განსაზღვრა სისხლში (Troponin);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო;
• სასურველია, კვლევამდე მოწოდებული იყოს დეტალური ოჯახური ანამნეზი;
• აცნობეთ ექიმს, თუ პაციენტს ჰქონდა ბოლო 3 თვის განმავლობაში სისხლის გადასხმა ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია;
• რეკომენდებულია გენეტიკოსის კონსულტაცია კვლევის ჩატარებამდე და შედეგის მიღების შემდეგ დიაგნოსტიკის და ოჯახური სკრინინგის სწორად დაგეგმვისთვის.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Very Long-Chain Acyl-Coenzyme A Dehydrogenase Deficiency (GeneReviews)
• medlineplus.gov - Very long-chain acyl-CoA dehydrogenase deficiency
• mayocliniclabs.com - ACADVL Gene, Full Gene Analysis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.