კვლევის შესახებ
ანტისხეულები B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) მიმართ - anti-HBs (HBsAb) - არის ანტისხეულები (იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნაერთები), რომლებიც ვითარდება B ჰეპატიტით ინფიცირების ან ვაქცინაციის შედეგად. B ჰეპატიტი არის ღვიძლის ვირუსული ანთებითი დაავადება, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი (HBV). ვირუსი გადაეცემა სისხლისა და სხეულის სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით.
კვლევის დროს ფასდება სისხლში anti-HBs ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს B ჰეპატიტის მიმართ ორგანიზმის იმუნური დაცვის მდგომარეობა - როგორც ვაქცინის ეფექტიანობა, ასევე გადატანილი ინფექციის შემდეგ ჩამოყალიბებული ბუნებრივი იმუნიტეტი.
anti-HBs ერთ-ერთი ძირითადი მარკერია B ჰეპატიტის სეროლოგიურ პანელში HBsAg-სა (ზედაპირული ანტიგენი) და anti-HBc-სთან (ბირთვული ანტისხეულები) ერთად. სრული სურათის მისაღებად ხშირად რეკომენდებულია მათი ერთობლივად გამოკვლევა, რაც შესაძლებელს ხდის მწვავე ინფექციის, ქრონიკული მატარებლობის, გადატანილი ინფექციისა და ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტის ერთმანეთისგან დიფერენცირებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ - იმუნური პასუხის შესაფასებლად;
• ვაქცინის რევაქცინაციის საჭიროების დასადგენად;
• გადატანილი B ჰეპატიტის შემდეგ - გამოჯანმრთელებისა და იმუნიტეტის შესაფასებლად;
• სამედიცინო პერსონალისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფების სკრინინგისას;
• ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის;
• ორსულობის დაგეგმვისას ან ორსულობისას;
• HBsAg-დადებითი დედის ახალშობილების მონიტორინგისთვის;
• იმუნოსუპრესიული მკურნალობის დაწყებამდე;
• ორგანოების ტრანსპლანტაციამდე;
• B ჰეპატიტით დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდეგ;
• პროფილაქტიკურად მაღალი რისკის ჯგუფებში (ნარკოდამოკიდებულები, მრავალი სქესობრივი პარტნიორის მქონე პირები).
ინტერპრეტაცია
anti-HBs-ის დადებითი (რეაქტიული) შედეგი მიუთითებს ორგანიზმის სეროლოგიურ იმუნიტეტზე B ჰეპატიტის ვირუსის მიმართ. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს:
• წარმატებული ვაქცინაციით;
• გადატანილი მწვავე ინფექციის შემდეგ ჩამოყალიბებული ბუნებრივი იმუნიტეტით;
• B ჰეპატიტისგან გამოჯანმრთელებით.
ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტისა და გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტის გასარჩევად საჭიროა anti-HBc-ის (B ჰეპატიტის ბირთვული ანტისხეული) განსაზღვრა - ის უარყოფითი იქნება ვაქცინაციის შემთხვევაში და დადებითი - გადატანილი ინფექციის შემთხვევაში.
anti-HBs-ის უარყოფითი (არარეაქტიული) შედეგი ან დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ორგანიზმს არ აქვს B ჰეპატიტისგან საკმარისი დამცველობითი იმუნიტეტი. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს:
• ვაქცინაციის არასაკმარისი იმუნური პასუხით (არ არის შესრულებული სრული კურსი ან ორგანიზმი ვერ პასუხობს ვაქცინას);
• ვაქცინაციიდან გასული დიდი დროით (ანტისხეულების დონე დროთა განმავლობაში მცირდება);
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობით;
• ვაქცინაციის ან წინასწარი ინფექციური ექსპოზიციის არარსებობით.
შენიშვნა: anti-HBs-ის დადებითი შედეგი საჭიროებს კლინიკურ ინტერპრეტაციას სხვა მარკერებთან ერთად. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია HBsAg-ისა და anti-HBs-ის ერთობლივი დადებითობა (განსხვავებული ვირუსული სუბტიპებით ინფიცირებისას).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg);
• B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBe);
• HBV DNA, რეალურ დროში PCR (რაოდენობრივი), სისხლში;
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• anti-HDV - ანტისხეულები D ჰეპატიტის ვირუსის მიმართ, სისხლში;
• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, სწრაფი ტესტი (anti-HIV);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Hepatitis Testing
• cdc.gov - Clinical Testing and Diagnosis for Hepatitis B
• mayocliniclabs.com - Hepatitis B Virus Surface Antibody
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.