კვლევის შესახებ
ბარტონელა ჰენსელა (Bartonella henselae) არის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც კატის კაწვრის დაავადების (cat scratch disease, CSD) ძირითადი გამომწვევია. ინფექცია ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული კატის (განსაკუთრებით - კნუტების) კაწვრით, კბენით ან ლოკვით, ასევე - კატის რწყილის მეშვეობით.
ორგანიზმში ბაქტერიის მოხვედრის შემდეგ იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს. IgG კლასის ანტისხეულები ვითარდება ინფექციის შედარებით გვიან ეტაპზე და სისხლში რჩება ხანგრძლივად - თვეების ან წლების განმავლობაში. ამიტომ IgG-ს გამოვლენა მიუთითებს როგორც მიმდინარე, ისე გადატანილ ინფექციაზე.
კატის კაწვრის დაავადება ჩვეულებრივ ვლინდება კაწვრის ადგილთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძების შეშუპებითა და მტკივნეულობით (რეგიონული ლიმფადენოპათია). უმეტეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და თავისთავად განიკურნება, თუმცა იმუნოკომპრომეტირებულ პირებში შესაძლოა გართულდეს.
IgG-ს სეროლოგიური კვლევა კატის კაწვრის დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ლაბორატორიული მეთოდია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კატთან კონტაქტის შემდეგ განვითარებული, ხანგრძლივი ლიმფური კვანძების შეშუპება (განსაკუთრებით - იღლიის, კისრის, საზარდულის არეში);
• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, ხანგრძლივი სუსტი ცხელება;
• კატის კაწვრის ან კბენის ადგილზე წითელი პაპულა ან მუწუკი;
• კატის კაწვრის დაავადების ეჭვი დამახასიათებელი კლინიკური სურათის ფონზე;
• ატიპიური ფორმების ეჭვი (თვალის დაზიანება - პარინოს ოკულოგლანდულარული სინდრომი, ნევროლოგიური სიმპტომები, ღვიძლისა და ელენთის დაზიანება);
• გაურკვეველი წარმოშობის ენდოკარდიტი (განსაკუთრებით - უარყოფითი ჰემოკულტურის ფონზე);
• იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (აივ-ინფექცია) ბაცილარული ანგიომატოზის ან პელიოზის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
IgG კლასის ანტისხეულების დადებითი შედეგი:
• მიუთითებს ბარტონელა ჰენსელას (Bartonella henselae) მიერ გამოწვეულ მიმდინარე ან გადატანილ ინფექციაზე;
• ანტისხეულების ტიტრის მატება განმეორებით (დაწყვილებულ) ნიმუშებში მეტყველებს აქტიურ ინფექციაზე;
• მაღალი ტიტრი დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან ერთად ამყარებს კატის კაწვრის დაავადების დიაგნოზს;
• იმუნოკომპრომეტირებულ პირებში დადებითი შედეგი მნიშვნელოვანია ბაცილარული ანგიომატოზისა და ენდოკარდიტის დიაგნოსტიკისთვის.
IgG კლასის ანტისხეულების უარყოფითი შედეგი:
• ნაკლებად სავარაუდოა მიმდინარე ან გადატანილი ინფექცია, თუმცა ადრეულ ეტაპზე (სეროკონვერსიამდე) უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას;
• კლინიკური ეჭვის შენარჩუნებისას რეკომენდებულია კვლევის გამეორება 2-3 კვირის შემდეგ.
გასათვალისწინებელია, რომ პოპულაციაში გვხვდება უსიმპტომო, დადებითი IgG-ის მქონე პირები (გადატანილი ინფექციის კვალი); ასევე შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია სხვა ბაქტერიებთან (მაგ., Chlamydia spp., Coxiella burnetii). ინტრავენური იმუნოგლობულინების (IVIG) ბოლოდროინდელმა თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ბარტონელა ჰენსელას საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Bartonella henselae IgM);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• ბრუცელას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Brucella IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• www.aruplab.com - Bartonella henselae Antibodies, IgG & IgM (IFA)
• www.urmc.rochester.edu - Bartonella Antibodies
• www.ncbi.nlm.nih.gov - Cat Scratch Disease Serology
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.