HLA-antibodies, ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ

HLA-antibodies, ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ

ფასი: 750 ₾

კვლევის შესახებ

ლეიკოციტების HLA ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები (HLA antibodies) არის სკრინინგული კვლევა, რომელიც სისხლის შრატში ავლენს ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების (HLA) – როგორც I, ისე II კლასის – საწინააღმდეგო ანტისხეულებს.

HLA სისტემა წარმოადგენს უჯრედის ზედაპირული ცილების ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს ქსოვილოვან ჰისტოთავსებადობას და გადამწყვეტ როლს ასრულებს იმუნურ პასუხში. HLA ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში, როგორც წესი, წარმოიქმნება ალოიმუნიზაციის (სენსიბილიზაციის) შედეგად – ორსულობის, ჰემოტრანსფუზიის (სისხლის გადასხმის) ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ.

ამ ანტისხეულების არსებობა და სპეციფიკური რეაქტიულობის სპექტრი (გამოხატული PRA – Panel Reactive Antibody მაჩვენებლით) განსაზღვრავს პაციენტის იმუნიზაციის ხარისხსა და ტრანსპლანტატის მოცილების (რეჯექციის) იმუნოლოგიურ რისკს. მაღალი სენსიბილიზაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს თავსებადი დონორის შერჩევის შესაძლებლობას. კვლევა ტარდება მაღალმგრძნობიარე მეთოდით (Luminex / flow cytometry).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ორგანოთა ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი პაციენტების იმუნოლოგიური სკრინინგისთვის (ლოდინის სიაში ჩასმისას);

• გადანერგვამდე სენსიბილიზაციის ხარისხის (PRA) შესაფასებლად;

• დონორის შერჩევისა და თავსებადობის წინასწარი შეფასებისთვის;

• გადანერგვის შემდგომი მონიტორინგისთვის;

• გრაფტის უარყოფის ეჭვის შემთხვევაში;

• სისხლის მრავალჯერადი გადასხმის, ორსულობის ან წინა ტრანსპლანტაციის ფონზე სენსიბილიზაციის გამოვლენისთვის.

ინტერპრეტაცია

HLA ანტისხეულების დადებითი (გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს ორგანიზმის სენსიბილიზაციაზე - სისხლში არსებობს HLA ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს ასოცირდება:

• გადანერგვის შემდგომი ტრანსპლანტატის უარყოფის გაზრდილ რისკთან;

• თავსებადი დონორის შერჩევის შეზღუდულ შესაძლებლობასთან (მაღალი PRA - პანორგანული რეაქტიულობის ანტისხეულები);

• ჯვარედინი თავსებადობის (crossmatch) დადებითი შედეგის ალბათობასთან.

დადებითი სკრინინგის შემთხვევაში, ანტისხეულების ზუსტი სპეციფიკურობის დასადგენად ტარდება I და II კლასის ანტისხეულების დიფერენცირებული (single antigen) კვლევა.

HLA ანტისხეულების უარყოფითი (არ გამოვლენილი) შედეგი მიუთითებს სენსიბილიზაციის არარსებობაზე და დაბალ იმუნოლოგიურ რისკთან ასოცირდება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

I კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ (Class I);

II კლასის ანტისხეულების განსაზღვრა ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ (Class II);

HLA ტიპირება (დონორისა და რეციპიენტის ქსოვილოვანი ტიპირება);

დონორსპეციფიური ანტისხეულები (DSA);

ჯვარედინი თავსებადობის ტესტი (crossmatch);

ტაკროლიმუსის განსაზღვრა სისხლში (Tacrolimus);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

მრავლობით ანტიგენზე დაფუძნებული მყარფაზიანი ტესტი (Luminex)

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

21 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

ncbi.nlm.nih.gov - Assessment of Anti-HLA-Antibody-Dependent Humoral Response before and after Transplantation

pubmed.ncbi.nlm.nih.gov - Luminex technology for anti-HLA antibody screening

ncbi.nlm.nih.gov - Complement and Non-Complement Binding Anti-HLA Antibodies Detected with Single-Antigen Bead Assays

ანა მაღრაძე - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone