კვლევის შესახებ
ეპშტეინ-ბარის ვირუსი (Epstein-Barr virus, EBV) ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია (HHV-4) და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვირუსს მსოფლიოში - ზრდასრულ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება.
EBV არის ინფექციური მონონუკლეოზის ("კოცნის დაავადება") ძირითადი გამომწვევი. გარდა ამისა, EBV-ის ინფექცია ასოცირდება რიგ ონკოლოგიურ დაავადებებთან: ბერკიტის ლიმფომა, ცხვირ-ხახის კარცინომა, ჰოჯკინის ლიმფომა, პოსტტრანსპლანტაციური ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები და სხვა. ვირუსი მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში B-ლიმფოციტებში და იმუნოსუპრესიის დროს შეიძლება გააქტიურდეს.
EBV-ის კაფსიდური ანტიგენის (VCA) წინააღმდეგ IgM კლასის ანტისხეულები წარმოადგენს ადრეულ მარკერს - ისინი სისხლში ჩნდებიან ინფიცირების პირველ 1-2 კვირაში და შესაძლოა შენარჩუნდეს 4-8 კვირის განმავლობაში. IgM ანტისხეულების არსებობა მიუთითებს პირველად (მწვავე) ინფექციაზე ან ვირუსის რეაქტივაციაზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ხანგრძლივი ცხელება გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• ყელის ტკივილი, ტონზილიტი, ფარინგიტი (განსაკუთრებით ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული);
• ლიმფოადენოპათია (განსაკუთრებით კისრის ლიმფურ კვანძებში);
• ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება);
• ზოგადი სისუსტე, ხანგრძლივი დაღლილობა;
• ატიპიური ლიმფოციტები სისხლში;
• ინფექციური მონონუკლეოზის ეჭვი;
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
• ჰეპატიტი გაურკვეველი ეტიოლოგიით;
• ორსულთა სკრინინგი (TORCH პანელის ფარგლებში);
• იმუნოსუპრესიული თერაპიის დაწყებამდე.
ინტერპრეტაცია
კვლევის შედეგი შეიძლება იყოს:
• დადებითი (Positive) - მიუთითებს პირველად (მწვავე) EBV-ინფექციაზე ან ვირუსის ახლო წარსულში გააქტიურებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოსტიკისთვის;
• უარყოფითი (Negative) - მწვავე EBV-ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ადრეულ ეტაპზე (სეროლოგიური ფანჯარა) ცრუ უარყოფითი შედეგი შესაძლებელია;
• საეჭვო (Borderline / Equivocal) - რეკომენდებულია კვლევის გამეორება 1-2 კვირის შემდეგ.
EBV-ის ინფექციის ზუსტი სტადიის დადგენისთვის რეკომენდებულია IgM-ისა და IgG-ის ერთობლივი ინტერპრეტაცია:
• IgM (+) / IgG (−) - ახალი (მწვავე) ინფექცია;
• IgM (+) / IgG (+) - ახალი ინფექცია ან რეაქტივაცია;
• IgM (−) / IgG (+) - გადატანილი (წარსული) ინფექცია;
• IgM (−) / IgG (−) - ინფექცია არ გამოვლენილა (პირი მგრძნობიარეა).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
• EBV DNA (PCR), სისხლში;
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტი (Monospot test);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Mononucleosis (Mono) Tests
• medlineplus.gov - Epstein-Barr virus antibody test
• mayocliniclabs.com - Epstein-Barr Virus Antibody Profile, Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.