კვლევის შესახებ
ტრიგლიცერიდები (Triglycerides, TG) წარმოადგენენ სისხლში ცირკულირებული ცხიმების (ლიპიდების) ერთ-ერთ ძირითად სახეს, რომლებიც შედგება გლიცერინისა და სამი ცხიმოვანი მჟავისგან. ისინი არის ენერგიის შენახვის ძირითადი ფორმა ადამიანის ორგანიზმში და ცხიმოვან ქსოვილში გროვდებიან, საიდანაც ენერგიის საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფიან.
ტრიგლიცერიდების წარმოშობას ორი ძირითადი წყარო აქვს - ეგზოგენური (საკვებიდან მიღებული, ძირითადად ცხიმოვან საკვებში) და ენდოგენური (ღვიძლში სინთეზირებული, განსაკუთრებით ჭარბი ნახშირწყლების მიღებისას). საკვებთან ერთად მიღებული ტრიგლიცერიდები ნაწლავებში იშლება, შემდეგ ხდება მისი შეწოვა და ლიმფურ-სისხლნაკადში გადაიცემა ქილომიკრონების ფორმით. ღვიძლში სინთეზირებული ტრიგლიცერიდები ტრანსპორტირდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) საშუალებით.
საერთო ტრიგლიცერიდები ლიპიდური პროფილის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მათი მომატებული დონე (ჰიპერტრიგლიცერიდემია) ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის, მეტაბოლური სინდრომის და მწვავე პანკრეატიტის გაზრდილ რისკთან. ტრიგლიცერიდები მიიჩნევა, როგორც ძლიერი რისკ-ფაქტორი დაავადებების დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასება და სკრინინგი (20 წლის ასაკიდან 4-6 წელიწადში ერთხელ, რისკ-ჯგუფებში - უფრო ხშირად);
• ლიპიდური პროფილის სრული შეფასება;
• გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში;
• ცერებროვასკულარული დაავადებები;
• პერიფერიული არტერიების დაავადება;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• შაქრიანი დიაბეტი (1 და 2 ტიპი);
• მეტაბოლური სინდრომი;
• ჭარბი წონა და სიმსუქნე (განსაკუთრებით აბდომინური სიმსუქნე);
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
• თირკმლის ქრონიკული დაავადება, ნეფროზული სინდრომი;
• ღვიძლის დაავადებები;
• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS);
• პანკრეატიტის ანამნეზი ან ეჭვი;
• ოჯახური ჰიპერლიპიდემიები;
• ლიპიდური თერაპიის (ფიბრატები, ომეგა-3) ეფექტურობის მონიტორინგი;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• ორსულობა (განსაკუთრებით ანამნეზში პანკრეატიტის ან ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში);
• ანტირეტროვირუსული თერაპიის მიმღებ პაციენტებში.
ინტერპრეტაცია
ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტრიგლიცერიდების მომატება) შესაძლოა გამოვლინდეს:
პირველადი (გენეტიკური) მიზეზები:
• ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემია;
• ოჯახური კომბინირებული ჰიპერლიპიდემია;
• ოჯახური დისბეტალიპოპროტეინემია;
• ლიპოპროტეინ ლიპაზას (LPL) ან აპოლიპოპროტეინ C-II-ის გენეტიკური დეფიციტი (ქილომიკრონემიის სინდრომი).
მეორადი (შეძენილი) მიზეზები:
• ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი არასწორი კვება;
• ჭარბი წონა და სიმსუქნე;
• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით ცუდად კონტროლირებადი);
• მეტაბოლური სინდრომი;
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
• თირკმლის ქრონიკული დაავადება და ნეფროზული სინდრომი;
• ღვიძლის დაავადებები;
• ორსულობა (განსაკუთრებით III ტრიმესტრში);
• ზოგიერთი მედიკამენტი (კორტიკოსტეროიდები, ბეტა-ბლოკატორები, თიაზიდური დიურეტიკები, ესტროგენები, ტამოქსიფენი, რეტინოიდები, პროტეაზის ინჰიბიტორები);
• კუშინგის სინდრომი.
მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია ზრდის მწვავე პანკრეატიტის რისკს.
ტრიგლიცერიდების დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს:
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
• მალაბსორბცია;
• არაადეკვატური კვება, ანორექსია;
• ღვიძლის მძიმე დაავადება;
• გენეტიკური მდგომარეობები (აბეტალიპოპროტეინემია, ჰიპობეტალიპოპროტეინემია);
• მძიმე ფიზიკური აქტივობა;
• ზოგიერთი მედიკამენტი (სტატინები, ფიბრატები, ნიაცინი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიპიდური პროფილი (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI), შრატში;
• საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL);
• დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL);
• მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და კალორიული სასმელი (წყლის მიღება დაშვებულია);
• კვლევის ჩატარებამდე 24-48 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, ვინაიდან ალკოჰოლი მნიშვნელოვნად ზრდის ტრიგლიცერიდების მაჩვენებელს;
• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი აარიდეთ ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებას;
• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი აარიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას;
• ოპტიმალურია სისხლის აღება დილის საათებში;
• ექიმთან შეათანხმეთ მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპია.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Triglycerides Test
• nhlbi.nih.gov - ATP III Guidelines At-A-Glance Quick Desk Reference
• ahajournals.org - Circulation: ATP III Detection and Evaluation
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.