ნაკრებში შემავალი კვლევები

  1. 1.C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide)
  2. 2.D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D)
  3. 3.ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT)
  4. 4.ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)
  5. 5.ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT)
  6. 6.გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT)
  7. 7.გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c)
  8. 8.გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose)
  9. 9.დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL)
  10. 10.ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
  11. 11.ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12)
  12. 12.თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
  13. 13.თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4)
  14. 14.ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin)
  15. 15.კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL)
  16. 16.კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol)
  17. 17.კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine)
  18. 18.მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg)
  19. 19.მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL)
  20. 20.საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL)
  21. 21.საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig)
  22. 22.საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL)
  23. 23.საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP)
  24. 24.სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)
  25. 25.ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP)
  26. 26.ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin)
  27. 27.ფოლიუმის მჟავა (Folate)
  28. 28.შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)

წონის კლების მონიტორინგის პანელი - პრემიუმ

C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide); თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4); ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB); კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol); მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg); საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP); D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D); ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP); ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT); ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT); ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine); კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); ფოლიუმის მჟავა (Folate); გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT); გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose); გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c); მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (HDL-CHOL); ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin); დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel); საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL); საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL); საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig); თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid)


კვლევის შესახებ

წონის კლების მონიტორინგის პანელი, პრემიუმ (Weight Loss Monitoring Panel, Premium) არის სისხლის ოცი კვლევისგან შემდგარი გაფართოებული ნაკრები. ის აერთიანებს საბაზისო პანელის ყველა კვლევას და დამატებით აფასებს ჭარბი წონის ჰორმონულ და მეტაბოლურ მიზეზებს - ინსულინრეზისტენტობას, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას.


წონის კლება - დიეტით, ფიზიკური დატვირთვით, მედიკამენტებით (მათ შორის GLP-1 რეცეპტორის აგონისტებით, როგორიც არის მუნჯარო, ოზემპიკი) თუ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ - ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მეტაბოლური ცვლილებაა. კალორიებისა და საკვების მოცულობის შემცირებას ხშირად თან ახლავს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ცილის არასაკმარისი მიღება და კუნთოვანი მასის კარგვა, სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი; სწრაფი კლებისას იზრდება ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკიც. ამავე დროს, წონის კლება აუმჯობესებს შაქრის, ქოლესტერინისა და ღვიძლის მაჩვენებლებს - ლაბორატორიული კონტროლი ამ დადებითი დინამიკის ობიექტურად დანახვის საშუალებასაც იძლევა.


ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:


• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - სისხლის უჯრედების, ჰემოგლობინისა და ანთების ზოგადი მაჩვენებლის შეფასება;

• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel) - ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორი;

• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში - ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12) - სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინი;

• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin) - ორგანიზმში რკინის მარაგის მაჩვენებელი;

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელი;

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose) - სისხლში შაქრის დონე;

• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI) - ქოლესტერინი, მისი ფრაქციები, ტრიგლიცერიდები და ათეროგენობის ინდექსი;

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL) - ღვიძლისა და სანაღვლე გზების მდგომარეობის შეფასება;

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine) - თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი;

• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP) - კვებითი სტატუსის ზოგადი მაჩვენებელი;

• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB) - სისხლის ძირითადი ცილა, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს;

• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg) - კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის საჭირო მინერალი;

• ფოლიუმის მჟავა (Folate) - სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის საჭირო ვიტამინი;

• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4) - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი;

• კორტიზოლის განსაზღვრა სისხლში (Cortisol) - თირკმელზედა ჯირკვლის „სტრესის ჰორმონი“;

• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c) - სისხლში შაქრის საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში;

• ინსულინის განსაზღვრა სისხლში (Insulin) - სისხლში შაქრის მარეგულირებელი ჰორმონი;

• ჰომა ინდექსი (HOMA Index) - ინსულინრეზისტენტობის გამოთვლითი მაჩვენებელი;

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid) - პურინული ცვლის პროდუქტი.


ინსულინრეზისტენტობა (ქსოვილების დაქვეითებული მგრძნობელობა ინსულინის მიმართ) ჭარბი წონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თანმხლები დარღვევაა: ის ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, ართულებს წონის კლებას და წინ უსწრებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. HOMA ინდექსი, რომელიც უზმოზე გლუკოზისა და ინსულინის მიხედვით გამოითვლება, ამ მდგომარეობას ადრეულ ეტაპზე ავლენს. შარდმჟავას კონტროლი მნიშვნელოვანია, რადგან სწრაფი წონის კლებისა და მაღალცილოვანი დიეტის ფონზე მისი დონე მატულობს.


პრემიუმ პანელი რეკომენდებულია, როდესაც წონა ძნელად იკლებს, საეჭვოა ჰორმონული მიზეზი, იგეგმება მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა ან საჭიროა მეტაბოლური ჯანმრთელობის სრული სურათი.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• წონის კლების პროგრამის დაწყებამდე - საწყისი მაჩვენებლების დასაფიქსირებლად;

• დაბალკალორიული ან შემზღუდველი დიეტის (კეტოგენური, ინტერვალური შიმშილი, ვეგანური და სხვ.) დაცვის პერიოდში;

• წონის დასაკლები მედიკამენტებით მკურნალობის დროს (ოზემპიკი-Ozempic, მუნჯარო-Mounjaro და სხვა);

• ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი დინამიკური მეთვალყურეობა;

• სწრაფი წონის კლება მოკლე დროში;

• წონის კლების ფონზე გამოვლენილი დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თმის ცვენა, კუნთების კრუნჩხვები;

• გულისრევა, ღებინება ან დიარეა წონის კლების პერიოდში (ელექტროლიტების დისბალანსის რისკი);

• ჭარბი წონა ან სიმსუქნე - თანმხლები მეტაბოლური დარღვევების შესაფასებლად;

• წონის კლების შეჩერება (პლატო) მიუხედავად რეჟიმის დაცვისა;

• მიღწეული შედეგის შეფასება და დინამიკის კონტროლი 3-6 თვეში ერთხელ;

• ცხიმის დაგროვება უპირატესად მუცლის არეში, ტკბილისადმი გაძლიერებული ლტოლვა, ძილიანობა ჭამის შემდეგ;

• პრედიაბეტი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან მათი ოჯახური ისტორია;

• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;

• პოდაგრა ან შარდმჟავას მომატება ანამნეზში;

• ქრონიკული სტრესი, ძილის დარღვევა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

• სისხლის აღება ხდება დილით, უზმოდ - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია). ინსულინისა და HOMA ინდექსის სანდო შედეგისთვის უზმოდ ყოფნა აუცილებელია;

• კორტიზოლის დონე დღის განმავლობაში იცვლება, ამიტომ სისხლი უნდა აიღოთ დილის 8:00-10:00 საათზე; კვლევის წინა ღამეს სასურველია სრულფასოვანი ძილი;

• კვლევის დღეს, სისხლის აღებამდე, არ მიიღოთ ვიტამინები და მინერალური დანამატები;

• თუ იღებთ ბიოტინს (B7 ვიტამინი) ან ბიოტინის შემცველ ვიტამინურ კომპლექსებს, შეწყვიტეთ მათი მიღება კვლევამდე არანაკლებ 48-72 საათით ადრე - ბიოტინი ამახინჯებს ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებს;

• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;

• კვლევის წინა დღეებში დაიცავით თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი და მიიღეთ საკმარისი სითხე;

• აცნობეთ ექიმს წონის დასაკლები მედიკამენტების, დანამატებისა და დაცული დიეტის ტიპის შესახებ;

• სისხლის აღებამდე 15-20 წუთი მშვიდად დაისვენეთ - სტრესი და ფიზიკური დატვირთვა ზრდის კორტიზოლის დონეს;

• აცნობეთ ექიმს კორტიკოსტეროიდების (მათ შორის მალამოებისა და ინჰალატორების) და ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შესახებ.

ინტერპრეტაცია

გლუკოზა, გლიკირებული ჰემოგლობინი (HbA1c), ინსულინი და HOMA ინდექსი:


• უზმოზე ინსულინისა და HOMA ინდექსის მომატება მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე, მათ შორის მაშინ, როდესაც გლუკოზა ჯერ კიდევ ნორმულია;

• გლუკოზისა და HbA1c-ის მომატება მიუთითებს პრედიაბეტზე ან შაქრიან დიაბეტზე; HbA1c ასახავს ბოლო 2-3 თვის საშუალო მაჩვენებელს და ერთჯერად კვებაზე არ არის დამოკიდებული;

• წონის კლების ფონზე ამ მაჩვენებლების შემცირება მკურნალობის ეფექტიანობის ობიექტური ნიშანია.


TSH და თავისუფალი თიროქსინი (FT4):


• TSH-ის მომატება FT4-ის დაქვეითებით ან ნორმული დონით მიუთითებს ჰიპოთირეოზზე, რომელიც ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ართულებს წონის კლებას;

• TSH-ის დაქვეითება FT4-ის მომატებით მიუთითებს ჰიპერთირეოზზე, რომელიც წონის უნებლიე კლების ერთ-ერთი მიზეზია.


კორტიზოლი:


• დილის მომატებული დონე გვხვდება ქრონიკული სტრესის, ძილის ნაკლებობის, მკაცრი შიმშილის, ესტროგენის შემცველი პრეპარატების მიღების ფონზე, იშვიათად - კუშინგის სინდრომის დროს, რომელსაც ახასიათებს ცხიმის დაგროვება მუცლისა და სახის არეში;

• ერთჯერადი გაზომვა დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის - გადახრისას ექიმი ნიშნავს დამაზუსტებელ კვლევებს.


შარდმჟავა:


• მომატება გვხვდება სიმსუქნის, ინსულინრეზისტენტობის, მაღალცილოვანი და კეტოგენური დიეტის, სწრაფი წონის კლების, გაუწყლოებისა და ალკოჰოლის მიღების ფონზე და ზრდის პოდაგრისა და თირკმლის კენჭების რისკს.


სისხლის საერთო ანალიზი და ედს:


• ჰემოგლობინისა და ერითროციტების დაქვეითება მიუთითებს ანემიაზე, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;

• ლეიკოციტების მომატება უფრო ხშირად ინფექციასა და ანთებას უკავშირდება, დაქვეითება - ვირუსულ ინფექციებს, ზოგიერთ მედიკამენტსა და იმუნურ დარღვევებს;

• თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება გვხვდება ანთების, რკინის დეფიციტის, ინფექციებისა და სისხლის დაავადებების დროს;

• ედს-ის აჩქარება ანთებითი პროცესის არასპეციფიკური ნიშანია.


ფერიტინი:


• დაქვეითება რკინის მარაგის ამოწურვის ყველაზე ადრეული ნიშანია და ვლინდება ჯერ კიდევ ანემიის განვითარებამდე;

• მომატება უფრო ხშირად ანთებას, ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას ან რკინის ჭარბ დაგროვებას უკავშირდება.


ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა:


• დეფიციტი იწვევს ანემიას, დაღლილობასა და ნევროლოგიურ ჩივილებს; ხშირია შემზღუდველი დიეტების, ბარიატრიული ოპერაციისა და მეტფორმინის ხანგრძლივი მიღების ფონზე.


D ვიტამინი:


• დაქვეითებული დონე მიუთითებს დეფიციტზე ან უკმარისობაზე, რაც არღვევს კალციუმის შეწოვას და აზიანებს ძვლოვან ქსოვილს; მიზეზებია მზის სხივების ნაკლებობა, არასაკმარისი მიღება საკვებით, შეწოვის დარღვევა, ჭარბი წონა;

• ჭარბი დონე, როგორც წესი, დანამატების უკონტროლო მიღების შედეგია და შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის მომატება.


ელექტროლიტები და მაგნიუმი:


• ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ქლორისა და მაგნიუმის დაქვეითება ვითარდება არასაკმარისი კვების, ღებინების, დიარეისა და შარდმდენების მიღების ფონზე და ვლინდება სისუსტით, კუნთების კრუნჩხვებით, გულის რიტმის დარღვევით.


საერთო ცილა და ალბუმინი:


• დაქვეითება მიუთითებს ცილის არასაკმარის მიღებაზე ან შეწოვის დარღვევაზე და უკავშირდება კუნთოვანი მასის კარგვის რისკს;

• მომატება უფრო ხშირად გაუწყლოების ნიშანია.


ლიპიდური პროფილი:


• საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება და HDL-ქოლესტერინის დაქვეითება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;

• წონის კლების ფონზე ტრიგლიცერიდები, როგორც წესი, ყველაზე ადრე მცირდება; აქტიური კლების ფაზაში ქოლესტერინის დროებითი მერყეობა შესაძლებელია.


ღვიძლის ფუნქციური სინჯები:


• ALT-ისა და AST-ის მომატება მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე (ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი, მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება);

• GGT-ის, ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის მომატება უფრო მეტად ნაღვლის გამოყოფის დარღვევას (მაგ., ნაღვლკენჭოვანი დაავადება) უკავშირდება.

• წონის კლების ფონზე ღვიძლის ფერმენტების ნორმალიზება, როგორც წესი, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების გაუმჯობესებაზე მიუთითებს.


კრეატინინი:


• მომატება მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებაზე ან გაუწყლოებაზე (მაგ., ღებინების, დიარეის, სითხის არასაკმარისი მიღების ფონზე);

• დაქვეითება შესაძლოა კუნთოვანი მასის შემცირებას ასახავდეს.


წონის კლების ფონზე გამოვლენილი გადახრების კორექციას (კვების რაციონის შეცვლა, დანამატების დანიშვნა, მედიკამენტის დოზის შეცვლა) განსაზღვრავს ექიმი. წონის აუხსნელი, უნებლიე კლება ცალკე სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• C-პეპტიდის განსაზღვრა სისხლში (C-peptide);

• გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, 75 გ-იანი დატვირთვა (OGTT 75 g);

• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO);

• ტესტოსტერონის განსაზღვრა სისხლში (Testosterone);

• პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში (PRL);

• ლეპტინი (Leptin);

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);

• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn);

• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);

• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);

• შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში (Urea);

• ლიპაზას განსაზღვრა სისხლში (Lipase);

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis).

კალათა (0)
Phone