კვლევის შესახებ
შრატის იმუნოფიქსაციური ელექტროფორეზი (Serum Immunofixation Electrophoresis, IFE) არის სპეციალიზებული ლაბორატორიული კვლევა, რომელიც სისხლის შრატში ცილების - განსაკუთრებით იმუნოგლობულინების (ანტისხეულების) - გამოვლენისა და ზუსტი ტიპის დადგენისთვის გამოიყენება.
კვლევა ორ ეტაპად მიმდინარეობს: ჯერ ცილები ელექტრული ველის საშუალებით ერთმანეთისგან გამოეყოფა ზომის, ფორმისა და ელექტრული მუხტის მიხედვით, შემდეგ კი სპეციფიკურ ანტისხეულებთან რეაქციით ვლინდება, თუ რომელი კონკრეტული იმუნოგლობულინია წარმოდგენილი ჭარბი რაოდენობით.
იმუნოგლობულინები ანტისხეულებია, რომლებსაც პლაზმური უჯრედები (იმუნური სისტემის ერთ-ერთი სახეობა) გამოიმუშავებს ინფექციებთან საბრძოლველად. ჯანმრთელ ადამიანში ისინი მრავალფეროვანია (ე.წ. პოლიკლონური). ზოგიერთი დაავადების დროს კი ერთი პათოლოგიური უჯრედული კლონი იწყებს ერთი და იმავე, იდენტური ანტისხეულის (მონოკლონური ცილის ანუ M-ცილის, პარაპროტეინის) ჭარბად გამომუშავებას.
შრატის იმუნოფიქსაციური ელექტროფორეზი სწორედ ამ მონოკლონური ცილის გამოვლენისა და მისი მძიმე და მსუბუქი ჯაჭვების ტიპის (მაგ., IgG, IgA, IgM, კაპა ან ლამბდა) დაზუსტების საუკეთესო მეთოდია. ის უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე შრატის ცილების ჩვეულებრივი ელექტროფორეზი და გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა მცირე რაოდენობით არსებული პათოლოგიური ცილის დადასტურება ან ზუსტი იდენტიფიკაცია.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• შრატის ცილების ელექტროფორეზის (SPEP) დროს გამოვლენილი ეჭვმიტანილი ან პათოლოგიური („M-პიკის“) შედეგის დაზუსტება;
• მრავლობითი მიელომის (პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი დაავადება) ეჭვი ან მონიტორინგი;
• გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიის (MGUS) დიაგნოსტიკა და დაკვირვება;
• ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიის ეჭვი;
• ამილოიდოზის (განსაკუთრებით AL-ამილოიდოზის) დიაგნოსტიკა;
• ლიმფომისა და ლეიკემიის ცალკეული ფორმების გამოკვლევა;
• აუხსნელი სიმპტომები - ძვლის ტკივილი, პათოლოგიური მოტეხილობები, სისხლში კალციუმის მომატება (ჰიპერკალციემია), ანემია, თირკმლის ფუნქციის გაუარესება;
• ხშირი ინფექციები ან აუხსნელი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
• ნერვული სისტემის ცალკეული დაავადებები (პერიფერიული ნეიროპათია მონოკლონურ ცილასთან ასოცირებით);
• უკვე დიაგნოსტირებული მონოკლონური გამოპათიის მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.
ინტერპრეტაცია
იმუნოფიქსაციური ელექტროფორეზის შედეგი ძირითადად თვისობრივია - ანუ პასუხობს კითხვას, არის თუ არა შრატში მონოკლონური ცილა და თუ არის, რომელი ტიპის.
ნორმალური (პათოლოგიის გარეშე) შედეგი:
მონოკლონური ცილა არ ვლინდება, ან გამოვლენილია ანტისხეულების ნორმალური, მრავალფეროვანი (პოლიკლონური) განაწილება. ეს ჩვეულებრივ ნორმის ვარიანტად ან ანთებითი/ინფექციური პასუხის გამოხატულებად ფასდება.
მონოკლონური ცილის (M-ცილის) გამოვლენა:
სისხლში იდენტური ანტისხეულის ჭარბი რაოდენობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ მდგომარეობებში:
• გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამაპათია (MGUS);
• მრავლობითი მიელომა;
• ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია;
• AL-ამილოიდოზი;
• პლაზმოციტომა და სხვა პლაზმურუჯრედოვანი დაავადებები;
• ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები (ცალკეული ლიმფომები, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია).
პოლიკლონური მომატება:
ყველა ტიპის ანტისხეულის ერთდროული, თანაბარი მომატება მონოკლონური ცილის გარეშე ჩვეულებრივ არ მიუთითებს სიმსივნურ პროცესზე და გვხვდება ქრონიკული ინფექციების, ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი), აუტოიმუნური დაავადებებისა და ქრონიკული ანთების დროს.
მნიშვნელოვანია, რომ მონოკლონური ცილის გამოვლენა ავტომატურად არ ნიშნავს ავთვისებიან დაავადებას - შემთხვევათა უმეტესობა MGUS-ის სახით ფასდება, რომელიც მოითხოვს მხოლოდ პერიოდულ დაკვირვებას. შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს შრატის ცილების ელექტროფორეზის, იმუნოგლობულინების რაოდენობრივი განსაზღვრისა და კლინიკური მონაცემების ერთობლიობაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• შრატის ცილების ელექტროფორეზი (SPEP);
• იმუნოელექტროფორეზი შარდში (ბენს-ჯონსის ცილა შარდში);
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების (ლამბდა) განსაზღვრა შრატში;
• თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების (კაპა) განსაზღვრა შრატში;
• ß2 -microglobulin, ბეტა-2-მიკროგლობულინი, შრატში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Protein Electrophoresis by Immunofixation Blood Test
• labcorp.com - Immunofixation (IFE), Serum
• aruplab.com - Immunofixation Electrophoresis, Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.