კვლევის შესახებ
ბილირუბინი არის მოყვითალო-ნარინჯისფერი პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) ბუნებრივი დაშლის შედეგად. იგი ღვიძლში გადამუშავდება და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. სისხლში ბილირუბინი არსებობს ორი ძირითადი ფორმით:
• არაკონიუგირებული (ინდირექტული, არაპირდაპირი) ბილირუბინი - ეს არის ერითროციტების დაშლის პროდუქტი, რომელიც ჯერ არ არის ღვიძლის მიერ გადამუშავებული. იგი წყალში არ იხსნება და სისხლში გადააქვს ცილა ალბუმინს;
• კონიუგირებული (პირდაპირი, დირექტული, D.BIL) ბილირუბინი - ეს არის ის ფორმა, რომელიც ღვიძლში უკვე გადამუშავდა (გლუკურონის მჟავასთან მიერთდა) და წყალში ხსნადია. სწორედ ეს ფორმა გამოიყოფა ნაღველთან ერთად და ხვდება ნაწლავებში, საიდანაც გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.
კონიუგირებული ბილირუბინის (D.BIL) განსაზღვრა საშუალებას იძლევა შეფასდეს ღვიძლისა და ნაღვლის გზების ფუნქცია. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ამუშავებს ღვიძლი ბილირუბინს და გადააქვს ნაღველში. მისი მომატება სისხლში ჩვეულებრივ მიუთითებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე ან ნაღვლის გზების ბლოკადაზე. კონიუგირებული ბილირუბინი ფასდება საერთო და არაკონიუგირებულ ბილირუბინთან ერთად, რათა განისაზღვროს სიყვითლის (იქტერუსის) მიზეზი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე, იქტერუსი);
• მუქი ფერის შარდი;
• ღია ფერის ან გათეთრებული განავალი;
• კანის ქავილი უცნობი მიზეზით;
• მკვეთრად გამოხატული საერთო სისუსტე, დაღლილობა;
• უმადობა, გულისრევა, ღებინება;
• მუცლის (განსაკუთრებით - მარჯვენა ზედა კვადრატის) ტკივილი;
• ღვიძლის დაავადებებზე ეჭვი (ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი ჰეპატოზი);
• ნაღვლის გზების ბლოკადაზე ეჭვი (ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის გზების სტრიქტურა, სიმსივნური ფორმაცია);
• ღვიძლის დაავადებების მონიტორინგი მკურნალობის ფონზე;
• ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების ფონზე ღვიძლის ფუნქციის შეფასება;
• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მოხმარება (ანტიბიოტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, სტატინები);
• ახალშობილებში - სიყვითლის შეფასება და დიფერენცირება ფიზიოლოგიურისგან.
ინტერპრეტაცია
კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის (D.BIL) მომატება სისხლში ძირითადად მიუთითებს ჰეპატოცელულურ დაზიანებაზე ან ნაღვლის გზების ობსტრუქციაზე.
კონიუგირებული ბილირუბინი იმატებს შემდეგი მდგომარეობების დროს:
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტი (A, B, C);
• ქრონიკული ჰეპატიტი;
• ღვიძლის ციროზი;
• ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება;
• იატროგენული (მედიკამენტური) ჰეპატოტოქსიკურობა;
• პირველადი ბილიარული ქოლანგიტი (PBC), პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი (PSC);
• ნაღვლის გზების ობსტრუქცია - ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის გზების სტრიქტურა;
• პანკრეასის თავის ნეოპლაზია;
• ნაღვლის გზების სიმსივნე (ქოლანგიოკარცინომა);
• ღვიძლის ნეოპლაზიები (პირველადი ან მეტასტაზური);
• იშვიათი მემკვიდრული მდგომარეობები - დუბინ-ჯონსონისა და როტორის სინდრომები;
• სეფსისი ან მძიმე სისტემური ინფექცია;
• ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზი.
თუ მომატებულია მხოლოდ არაკონიუგირებული (ინდირექტული) ბილირუბინი, ხოლო კონიუგირებული ნორმის ფარგლებშია, ეს ხშირად მიუთითებს:
• ერითროციტების მომატებულ ჰემოლიზზე (ჰემოლიზური ანემია);
• ჟილბერის სინდრომზე - კეთილთვისებიანი მემკვიდრული მდგომარეობა;
• ფიზიოლოგიურ ნეონატალურ (ახალშობილთა) სიყვითლეზე.
კონიუგირებული ბილირუბინის დაბალი მაჩვენებელი კლინიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);
• არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (IBIL);
• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);
• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);
• ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);
• გამაგლუტამილტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (gGT);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Bilirubin Blood Test
• mayocliniclabs.com - Bilirubin, Direct, Serum
• my.clevelandclinic.org - Bilirubin Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.