კვლევის შესახებ
გამა-გლუტამილტრანსფერაზა (gamma-glutamyl transferase, GGT) არის ფერმენტი, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება ღვიძლისა და ნაღვლის სადინრების ეპითელიუმში, ნაკლები რაოდენობით კი - თირკმელებში, პანკრეასში, გულსა და ტვინში. ფერმენტი მონაწილეობს ამინომჟავების ტრანსპორტირებასა და გლუტათიონის (ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი) მეტაბოლიზმში.
ღვიძლის უჯრედების ან ნაღვლის სადინრების დაზიანების შემთხვევაში GGT სისხლში გამოთავისუფლდება, ამიტომ მისი მაღალი დონე მიუთითებს ღვიძლის ან ბილიარული სისტემის პათოლოგიაზე. GGT ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მარკერია ქოლესტაზის (ნაღვლის გადინების შეფერხების) გამოსავლენად და უფრო ადრე იმატებს, ვიდრე სხვა ღვიძლის ფერმენტები.
ანალიზი ხშირად ინიშნება ერთობლივად ღვიძლის სხვა ფუნქციურ ტესტებთან (ALT, AST, ALP, ბილირუბინი). GGT-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა გაზრდილია ტუტე ფოსფატაზა (ALP) - GGT-ს მომატება ადასტურებს, რომ ALP-ს მაღალი მაჩვენებელი ღვიძლის წარმოშობისაა და არა ძვლოვანი ქსოვილისა. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ზოგიერთი მედიკამენტი ასევე ზრდის GGT-ს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ღვიძლის დაავადების სიმპტომების არსებობისას - სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება), მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში), გულისრევა, ღებინება;
• ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, უმადობა;
• მუქი ფერის შარდი, ღია ფერის (გაუფერულებული) განავალი;
• კანის ქავილი;
• ტუტე ფოსფატაზას (ALP) მომატებული მაჩვენებლის შეფასების მიზნით - მისი წარმოშობის (ღვიძლი თუ ძვალი) დასადგენად;
• ღვიძლის სხვა ფერმენტების (ALT, AST) ცვლილების დაზუსტებისას;
• ჰეპატიტის, ციროზის, ცხიმოვანი ღვიძლის (NAFLD/NASH), ქოლესტაზის ან ნაღვლის სადინრების ობსტრუქციის ეჭვის დროს;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ან ალკოჰოლური ღვიძლის დაავადების მონიტორინგისას;
• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების (მაგ. სტატინები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიბიოტიკები) ხანგრძლივი მიღების კონტროლისას;
• ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების დაავადებების (ქოლელითიაზი, ქოლანგიტი) შეფასებისას.
ინტერპრეტაცია
gGT-ს მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერ-გამა-გლუტამილტრანსფერაზემია) შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ მდგომარეობებზე:
• ბილიარული სისტემის ობსტრუქცია (ქოლესტაზი) - ქვები, სიმსივნე ან სტრიქტურა;
• ჰეპატიტი (მწვავე ან ქრონიკული: ვირუსული, ალკოჰოლური, აუტოიმუნური);
• ღვიძლის ციროზი;
• არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება (NAFLD) ან არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH);
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ან ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება;
• ღვიძლის ნეოპლაზიები (პირველადი ან მეტასტაზური);
• პანკრეატიტი;
• გულის უკმარისობა (ღვიძლის ვენური სტაზის გამო);
• შაქრიანი დიაბეტი;
• ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღება (სტატინები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიბიოტიკები, ბარბიტურატები);
• ჰიპერთირეოზი.
gGT-ს დაბალი დონე კლინიკურ მნიშვნელობას არ ატარებს და დამატებით კვლევას არ საჭიროებს.
მნიშვნელოვანია, რომ gGT არ წარმოადგენს მაღალსპეციფიკურ მარკერს - მისი ცვლილება ყოველთვის უნდა შეფასდეს სხვა ჰეპატობილიარულ ფერმენტებთან (ALT, AST, ALP, ბილირუბინი) და ვიზუალიზაციურ გამოკვლევებთან (ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია) ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (ALT/GPT);
• ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST/GOT);
• ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);
• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);
• კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG ,LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა - ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Gamma-glutamyl Transferase (GGT) Test
• my.clevelandclinic.org - Gamma-Glutamyl Transferase (GGT) Blood Test
• mayocliniclabs.com - Gamma-Glutamyltransferase (GGT), Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.