კვლევის შესახებ
TPHA (Treponema pallidum Hemagglutination Assay) არის სპეციფიკური (ტრეპონემული) სეროლოგიური კვლევა, რომელიც გამოიყენება სიფილისის - სქესობრივი გზით გადაცემადი ინფექციის - დიაგნოსტიკისთვის. დაავადების გამომწვევია ბაქტერია Treponema pallidum, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით, ასევე - დედიდან ნაყოფს ორსულობის პერიოდში (თანდაყოლილი სიფილისი) ან ინფიცირებული სისხლის გადასხმისას.
თვისებრივი TPHA-ის მიზანია სისხლში სიფილისის გამომწვევის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების (IgG და IgM კლასების) აღმოჩენა. გამოკვლევის პრინციპი ემყარება პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქციას: T. pallidum-ის ანტიგენებით დაფარული ერითროციტები პაციენტის შრატთან შერევისას აგლუტინირდება, თუ შრატში არსებობს ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
თვისებრივი TPHA უპასუხებს მხოლოდ კითხვას - არსებობს თუ არა სიფილისის ანტისხეულები; ის არ აფასებს ანტისხეულების რაოდენობას ან ტიტრს. თვისებრივი TPHA გამოიყენება როგორც დამადასტურებელი (კონფირმაციული) ტესტი არასპეციფიკური (არატრეპონემული) კვლევების - RPR ან VDRL - დადებითი შედეგების დასადასტურებლად.
ტრეპონემული ანტისხეულები ხშირად რჩება სისხლში ცხოვრების ბოლომდე, წარმატებული მკურნალობის შემდეგაც - ამიტომ ერთხელ დადებითი TPHA არ ნიშნავს აქტიურ ინფექციას, არამედ მიუთითებს გადატანილ ან მიმდინარე დაავადებაზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სიფილისის კლინიკური ეჭვი (გენიტალური ან პირის ღრუს უმტკივნეულო წყლული - „შანკრი“, გამონაყარი ხელისგულებსა და ფეხის ტერფზე, ლიმფური კვანძების გადიდება);
• არასპეციფიკური ტესტის (RPR, VDRL) დადებითი შედეგის დადასტურება;
• ორსულობის სკრინინგი (განსაკუთრებით პირველი ვიზიტისას);
• დონაციამდე სკრინინგი (სისხლი, ორგანო, ქსოვილი, სპერმა);
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, რისკ-ჯგუფებში;
• ცნობილი სიფილისით ინფიცირებული პარტნიორის სკრინინგი;
• აივ-ით ინფიცირებული პაციენტების რეგულარული გამოკვლევა;
• თანდაყოლილი სიფილისის ეჭვი ახალშობილში;
• პრეოპერაციული მომზადება, განსაკუთრებით ნეიროქირურგიული ან კარდიოქირურგიული ჩარევებისთვის.
ინტერპრეტაცია
TPHA-ის თვისებრივი შედეგი ფასდება, როგორც დადებითი ან უარყოფითი.
დადებითი შედეგი მიუთითებს Treponema pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე სისხლში და შესაძლოა გამოვლინდეს:
• აქტიური სიფილისის (პირველადი, მეორადი, ლატენტური ან მესამეული ფაზის) დროს;
• წარსულში გადატანილი და უკვე ნამკურნალები სიფილისის შემთხვევაში (ანტისხეულები ხანგრძლივად ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება);
• თანდაყოლილი სიფილისის დროს;
• იშვიათ შემთხვევებში - ცრუ დადებითი შედეგი აუტოიმუნური დაავადებების, აივ-ინფექციის, ლეპრის, ლაიმის ბორელიოზის, ბრუნვითი ცხელების ან სხვა სპიროქეტული ინფექციების ფონზე.
უარყოფითი შედეგი ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ სიფილისით ინფიცირება არ მომხდარა, თუმცა მხედველობაში მისაღებია „ფანჯრის პერიოდი“ - ანტისხეულების წარმოქმნამდე გასული 3-6 კვირა ინფიცირებიდან. ამიტომ ეჭვის შემთხვევაში სასურველია გამოკვლევის გამეორება მოგვიანებით.
თვისებრივი TPHA ვერ განასხვავებს აქტიურ ინფექციას წარსულში ნამკურნალები სიფილისისგან. შედეგების სრული ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია არასპეციფიკური (RPR/VDRL) ტესტის რაოდენობრივი შედეგი, კლინიკური სურათი და სქესობრივი ისტორიის გათვალისწინება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• Treponema pallidum-ის (სიფილისი) ჰემაგლუტინაციის ტესტი, რაოდენობრივი (TPHA, quantitative);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Syphilis Tests
• cdc.gov - CDC Laboratory Recommendations for Syphilis Testing, 2024
• ncbi.nlm.nih.gov - The Laboratory Diagnosis of Syphilis
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.