კვლევის შესახებ
ჰემოპოეზური ღეროვანი და პროგენიტორული უჯრედები (HSPCs) წარმოადგენენ სისხლის წინაპარ უჯრედებს, რომელთა ზედაპირზე ექსპრესირებულია CD34 გლიკოპროტეინი. ეს უჯრედები ძირითადად ლოკალიზებულია ძვლის ტვინში, ხოლო მცირე რაოდენობით - პერიფერიულ სისხლსა და ჭიპლარის სისხლში. CD34+ უჯრედები არიან ჰემოპოეზის (სისხლის უჯრედების წარმოქმნის) წყარო: მათგან წარმოიქმნება ერითროციტები, ლეიკოციტები (გრანულოციტები, მონოციტები, ლიმფოციტები) და თრომბოციტები.
CD34+ უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა ნაკადური ციტომეტრიის მეთოდით (Flow Cytometry) ხდება სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულების (anti-CD34, anti-CD45) გამოყენებით - ISHAGE-ის (International Society of Hematotherapy and Graft Engineering) საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად. შედეგი გაიცემა აბსოლუტური რიცხვით (უჯრედი/მკლ-ში) და ლეიკოციტების საერთო რაოდენობის პროცენტული წილით.
ეს კვლევა გამოიყენება ჰემოპოეზის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად სხვადასხვა ჰემატოლოგიური დაავადებისას, ძვლის ტვინის უკმარისობის სინდრომების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, ასევე - ჰემოპოეზური ფაქტორებით სტიმულაციის (მაგ., G-CSF) ეფექტიანობის შესაფასებლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ძვლის ტვინის უკმარისობის სინდრომების (აპლასტიკური ანემია, მიელოდისპლასტიკური სინდრომი) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
• მწვავე ლეიკემიების (მწვავე მიელოიდური და ლიმფობლასტური ლეიკემიის) დიაგნოსტიკის დამხმარე კვლევა - მაბლასტური უჯრედები ხშირად ექსპრესირებენ CD34-ს;
• მიელოპროლიფერაციული დაავადებების მონიტორინგი (ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, პოლიციტემია ვერა, ესენციალური თრომბოციტემია, პირველადი მიელოფიბროზი);
• ჰემოპოეზის სტიმულაციური მკურნალობის (G-CSF, GM-CSF) ფონზე ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის ეფექტიანობის შესაფასებლად;
• პერსისტული ციტოპენიების (ლეიკოპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის) მიზეზის დადგენა;
• ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის შემდგომი ჰემოპოეზის აღდგენის შეფასება;
• ჭიპლარის სისხლის (Cord Blood) საბანკო ნიმუშების ხარისხის შეფასება;
• პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურიის (PNH) დროს ჰემოპოეზის შესაფასებლად;
• ფანკონის ანემიის და სხვა მემკვიდრული ძვლის ტვინის უკმარისობის სინდრომების შესაფასებლად.
ინტერპრეტაცია
CD34+ უჯრედების მომატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) - ბლასტური უჯრედები ექსპრესირებენ CD34-ს (ძირითადად M0, M1, M2 ქვეტიპებში);
• მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL) - განსაკუთრებით B-ALL;
• ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (CML) - განსაკუთრებით ბლასტურ კრიზში (ბლასტურ ფაზაში);
• მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) - CD34+ ბლასტების მომატება არახელსაყრელი პროგნოზის მაჩვენებელია;
• მიელოპროლიფერაციული დაავადებები (პოლიციტემია ვერა, პირველადი მიელოფიბროზი);
• ჰემოპოეზის სტიმულაცია G-CSF-ით (გრანულოციტ-კოლონია-მასტიმულირებელი ფაქტორი) - მობილიზაცია;
• ქიმიოთერაპიის შემდგომი ჰემოპოეზის რეგენერაციის ფაზა.
CD34+ უჯრედების კლება ან არარსებობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• აპლასტიკური ანემია;
• ფანკონის ანემია;
• პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია (PNH);
• მძიმე ჰიპოპლაზიური მიელოდისპლაზიური სინდრომი;
• ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის ტოქსიკური ზემოქმედება (გარდამავალი);
• იშვიათი მემკვიდრული მდგომარეობები ჰემოპოეზის გენეტიკური დარღვევით.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ CD34-ის ექსპრესია ბლასტური უჯრედების მიერ მიუთითებს მათ უმწიფარობაზე, თუმცა CD34-უარყოფითი მწვავე ლეიკემიების არსებობაც შესაძლებელია. შესაბამისად, მხოლოდ CD34-ის გამოკვლევა არ არის საკმარისი დიაგნოზის დასასმელად - საჭიროა იმუნოფენოტიპირების სრული პანელი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• CD34+ ღეროვანი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით (ტრანსპლანტაციისთვის);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET);
• ერითროციტების მორფოლოგიური შეფასება პერიფერიულ სისხლში;
• ლეიკოციტების მორფოლოგიური შეფასება პერიფერიულ სისხლში;
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო;
• სასურველია სისხლის აღება დილით, უზმოდ (8-12 საათიანი შიმშილის შემდეგ), 24 საათის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
• კვლევამდე თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან (განსაკუთრებით სისხლის აღებამდე 24 საათით ადრე).
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Flow Cytometric Enumeration of CD34+ Hematopoietic Stem Cells
• bdbiosciences.com - Stem Cell Transplantation / Stem Cell Enumeration
• pubmed.ncbi.nlm.nih.gov - ISHAGE Guidelines for CD34+ Cell Determination
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.