კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპესის ვირუს ტიპ 2-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (HSV-2 IgM) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ამოწმებს ორგანიზმში მე-2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV-2) საწინააღმდეგო IgM კლასის ანტისხეულების არსებობას. HSV-2 ძირითადად გენიტალური ჰერპესის გამომწვევია და გადაეცემა სქესობრივი გზით.
IgM ანტისხეულები ანტისხეულების ის კლასია, რომელსაც ორგანიზმი ინფექციაზე ყველაზე ადრე გამოიმუშავებს - ისინი ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში და, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში იკლებს. ამიტომ IgM-ის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს მიმდინარე ან ახლახან გადატანილ პირველად ინფექციაზე. ტესტი ზომავს ანტისხეულებს და არა თავად ვირუსს.
მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ IgM ტესტი არ არის ტიპსპეციფიკური - ის სანდოდ ვერ განასხვავებს HSV-1-სა და HSV-2-ს, შესაძლოა ჯვარედინად რეაგირებდეს სხვა ჰერპესვირუსებთან და დადებითი იყოს ინფექციის რეაქტივაციის დროსაც.სწორედ ამ შეზღუდვების გამო, HSV-2-ის დიაგნოზის დასადასტურებლად უპირატესობა ენიჭება ტიპსპეციფიკურ IgG ანტისხეულებსა და დაზიანებიდან აღებული ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევას; IgM-ის შედეგი კი ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ახლახან განვითარებული (პირველადი) ჰერპესვირუსული ინფექციის ეჭვი;
• პირველად გამოვლენილი სასქესო ჰერპესის სიმპტომები (მტკივნეული წყლულები, ბუშტუკები სასქესო ორგანოების მიდამოში, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება);
• ორსულობის დროს, თუ არსებობს ახლახან განვითარებული ინფექციის ეჭვი (ახალშობილის ჰერპესით დაინფიცირების რისკის შესაფასებლად);
• სასქესო გზით გადამდები ინფექციების (სგგი) კომპლექსური გამოკვლევის ფარგლებში, როდესაც ეჭვი მიტანილია ცოტა ხნის წინ მომხდარ ინფიცირებაზე;
• ვირუსული ინფექციის სავარაუდო სიმპტომების შეფასებისას სხვა გამოკვლევებთან ერთად.
ინტერპრეტაცია
IgM ანტისხეულების გამოვლენა (დადებითი შედეგი) შესაძლოა მიუთითებდეს:
• ახლო პერიოდში განვითარებულ ჰერპესვირუსულ ინფექციაზე;
• პირველად ინფექციაზე მის მწვავე ფაზაში.
თუმცა, დადებითი IgM ცალკე აღებული არ ადასტურებს HSV-2-ის პირველად ინფექციას, რადგან ის შესაძლოა მოიმატოს ინფექციის რეაქტივაციის დროსაც, ან გამოწვეული იყოს სხვა ჰერპესვირუსებთან ჯვარედინი რეაქციით (ცრუ დადებითი შედეგი).
IgM ანტისხეულების არარსებობა (უარყოფითი შედეგი) შესაძლოა ნიშნავდეს:
• ახლო პერიოდში განვითარებული ინფექციის არარსებობას;
• კვლევის ჩატარებას ძალიან ადრეულ ეტაპზე (პირველ დღეებში IgM შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული) ან გვიან ეტაპზე (როდესაც IgM ტიტრი უკვე დაქვეითდა);
• უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს წარსულში გადატანილ ან ლატენტურ (მიძინებულ) HSV-2 ინფექციას.
დადასტურებისთვის რეკომენდებულია ტიპსპეციფიკური IgG ანტისხეულების განსაზღვრა და/ან დაზიანებიდან აღებული ნიმუშის PCR გამოკვლევა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Chlamydia trachomatis IgG).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• cdc.gov - Genital Herpes (STI Treatment Guidelines)
• ncbi.nlm.nih.gov - Herpes Simplex Virus Infections: An Overview of Testing
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.