კვლევის შესახებ
anti-TP (Treponema pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები) არის იმუნოგლობულინები, რომლებსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს Treponema pallidum-თან - სიფილისის გამომწვევ ბაქტერიასთან - კონტაქტის საპასუხოდ. ამ ანტისხეულების გამოვლენაზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ტესტი ეხმარება სიფილისის სკრინინგში.
სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), რომელიც ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის (ვაგინალური, ორალური ან ანალური), აგრეთვე - ვერტიკალური (დედიდან ნაყოფზე) გადაცემის გზით. მკურნალობის გარეშე სიფილისმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე სისტემური გართულებები, ამიტომ მისი ადრეული გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
anti-TP მიეკუთვნება ე.წ. ტრეპონემულ ტესტებს - ის ავლენს კონკრეტულად Treponema pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. აღსანიშნავია, რომ ტრეპონემული ანტისხეულები ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება სისხლში - ადეკვატური მკურნალობის შემდეგაც კი (ე.წ. სეროლოგიური ნაწიბური). შესაბამისად, აღნიშნული ტესტი ვერ განასხვავებს მიმდინარე აქტიურ ინფექციას წარსულში გადატანილისგან.
სწრაფი ტესტი არის სკრინინგული კვლევა. დადებითი (რეაქტიული) შედეგი ყოველთვის საჭიროებს დიაგნოზის დადასტურებას - ჩვეულებრივ, არატრეპონემული ტესტით (მაგ. RPR ან VDRL), რომელიც ეხმარება ინფექციის აქტიურობის შეფასებაში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სიფილისზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობისას: უმტკივნეული წყლული (შანკრი) სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში ან სხეულის სხვა ნაწილზე; კანის გამონაყარი (განსაკუთრებით - ხელისგულებსა და ფეხისგულებზე); ლიმფური კვანძების გადიდება;
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
• სიფილისით დაავადებულ პარტნიორთან კონტაქტის შემდეგ;
• სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ან აივ-ის დიაგნოსტირებისას;
• ორსულობის დროს, რუტინული სკრინინგის ფარგლებში;
• პრე- და პოსტოპერაციული გამოკვლევის ფარგლებში;
• დონორებში;
• პროფილაქტიკური სკრინინგის მიზნით (განსაკუთრებით - მომატებული რისკის მქონე პირებში).
ინტერპრეტაცია
anti-TP-ის დადებითი (რეაქტიული) შედეგი მიუთითებს Treponema pallidum-თან (სიფილისის გამომწვევი ბაქტერია) კონტაქტზე. ის შესაძლოა აღინიშნოს:
• აქტიური სიფილისური ინფექციის დროს;
• წარსულში გადატანილი და ნამკურნალები ინფექციის დროს (ე.წ. „სეროლოგიური ნაწიბური“).
ვინაიდან ტრეპონემული ანტისხეულები წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში პერსისტირებს, anti-TP ვერ ასხვავებს აქტიურ ინფექციას გადატანილისგან. ამიტომ დადებითი შედეგი ყოველთვის საჭიროებს დაზუსტებას არატრეპონემული ტესტით (მაგ. RPR), რომელიც ეხმარება ინფექციის აქტიურობის შეფასებასა და მკურნალობის მონიტორინგში.
უარყოფითი (არარეაქტიული) შედეგი ამცირებს სიფილისით ინფიცირების ალბათობას. თუმცა, ინფიცირების ადრეულ ეტაპზე (ე.წ. „ფანჯრის პერიოდში“ - ინკუბაციურ პერიოდში), როდესაც ორგანიზმს ჯერ არ აქვს გამომუშავებული საკმარისი ანტისხეულები, ტესტი შესაძლოა ჯერ კიდევ უარყოფითი იყოს. ბოლოდროინდელი შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში რეკომენდებულია ხელახალი კვლევა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• Treponema pallidum-ის (სიფილისი) ჰემაგლუტინაციის ტესტი, თვისებრივი (TPHA, qualitative);
• Treponema pallidum-ის (სიფილისი) ჰემაგლუტინაციის ტესტი, რაოდენობრივი (TPHA, quantitative);
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• ncbi.nlm.nih.gov - Treponema pallidum rapid test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.