ალფა–1- ანტიტრიფსინი, შრატში

ალფა–1- ანტიტრიფსინი, შრატში

ფასი: 63 ₾

კვლევის შესახებ

ალფა-1-ანტიტრიფსინი (Alpha-1 Antitrypsin, AAT) არის ღვიძლში წარმოქმნილი ცილა, რომელიც იცავს ფილტვებს ანთებისა და მავნე ნივთიერებების (მაგ., ჩასუნთქული კვამლის) ზემოქმედებისგან.


ალფა-1-ანტიტრიფსინი მიეკუთვნება ფერმენტების დამბლოკავ ცილებს (პროტეაზის ინჰიბიტორებს). მისი ფუნქციაა ფილტვის ქსოვილის დაცვა იმ ფერმენტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ფილტვის უჯრედების დაშლა.


ალფა-1-ანტიტრიფსინის განსაზღვრა ძირითადად გამოიყენება ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტის (AAT deficiency, AATD) – მემკვიდრული დაავადების – დიაგნოსტიკისთვის. ამ მდგომარეობისას ღვიძლი არ გამოიმუშავებს საკმარის AAT-ს, რის გამოც ფილტვები უფრო ადვილად ზიანდება მოწევის, დაბინძურებული ჰაერისა და მტვრის ზემოქმედებით, ხოლო ღვიძლში შესაძლოა განვითარდეს დაზიანება.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ფილტვის დაავადების (ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება - COPD, ემფიზემა) ადრეული გამოვლენა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ან არამწეველებში;

• გაურკვეველი მიზეზის ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში;

• ნაადრევი ემფიზემა (40 წლამდე ასაკში);

• ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტის ოჯახური ანამნეზის მქონე პირების სკრინინგი;

• ქრონიკული ხველა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა გაურკვეველი მიზეზით;

• ახალშობილებში ან ჩვილებში ხანგრძლივი სიყვითლე ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები;

• ფილტვის დაავადების მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.

ინტერპრეტაცია

ალფა-1-ანტიტრიფსინის დაბალი დონე შესაძლოა მიუთითებდეს:


• ალფა-1-ანტიტრიფსინის მემკვიდრულ დეფიციტზე (AATD) – მდგომარეობაზე, რომელიც ზრდის ფილტვისა (ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - ქოდ, ემფიზემა) და ღვიძლის (ციროზი) დაავადებების რისკს;

• ღვიძლის მძიმე დაზიანებაზე, რომლის დროსაც ცილის სინთეზი ირღვევა;

• ცილის დაკარგვასთან დაკავშირებულ მდგომარეობებზე (ნეფროზული სინდრომი, მძიმე მალაბსორბცია).


ალფა-1-ანტიტრიფსინის მაღალი დონე ჩვეულებრივ არასპეციფიკურია და შესაძლოა აღინიშნოს:


• მწვავე და ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების დროს (AAT მწვავე ფაზის ცილაა);

• ინფექციების ფონზე;

• ორსულობისას, ესტროგენის შემცველი მედიკამენტებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვინაიდან ალფა-1-ანტიტრიფსინი მწვავე ფაზის ცილაა, მისი დონე ანთების ფონზე შესაძლოა ცრუ-ნორმის ფარგლებში აღმოჩნდეს დეფიციტის მქონე პირშიც. ამიტომ AATD-ის დიაგნოზის დასადასტურებლად ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევები – AAT-ის ფენოტიპირება ან გენეტიკური ტესტირება.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

14 დღის

ქვეყანა

გერმანია

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


medlineplus.gov - Alpha-1 Antitrypsin Testing

medlineplus.gov - Alpha-1 antitrypsin deficiency (Medical Encyclopedia)

ncbi.nlm.nih.gov - The spectrum of clinical sequelae associated with alpha-1 antitrypsin deficiency


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone