კვლევის შესახებ
ვანკომიცინი (Vancomycin) არის გლიკოპეპტიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მძიმე ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. იგი განსაკუთრებით ეფექტურია მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის (MRSA) და სხვა გრამდადებითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ - სეფსისი, ენდოკარდიტი, ოსტეომიელიტი, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
ვანკომიცინის სისხლის შრატში კონცენტრაციის გაზომვას ეწოდება მედიკამენტური თერაპიის მონიტორინგი - Therapeutic Drug Monitoring (TDM). ეს კვლევა აუცილებელია, რადგან ვანკომიცინს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი - ანუ ეფექტური და ტოქსიური დოზები ერთმანეთთან ახლოს არის. დაბალი კონცენტრაცია არ უზრუნველყოფს ბაქტერიების განადგურებას და იწვევს რეზისტენტობის განვითარების რისკს, ხოლო მაღალი კონცენტრაცია ზრდის თირკმელების დაზიანების (ნეფროტოქსიკურობა) და სმენის დარღვევის (ოტოტოქსიკურობა) ალბათობას.
ყველაზე ხშირად იზომება ე.წ. "ნარჩენი" კონცენტრაცია (trough level) - მედიკამენტის მინიმალური კონცენტრაცია სისხლში, რომელიც განისაზღვრება უშუალოდ შემდეგი დოზის მიღებამდე. თანამედროვე ASHP/IDSA გაიდლაინების მიხედვით, რეკომენდებულია AUC/MIC თანაფარდობის მონიტორინგი (400-600 მგ × საათი/ლ ფარგლებში MRSA-ით გამოწვეული მძიმე ინფექციებისას), რაც უფრო ზუსტად გვიჩვენებს მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ვანკომიცინის სისხლში კონცენტრაციის განსაზღვრა რეკომენდებულია:
• MRSA-ით (მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus) გამოწვეული მძიმე ინფექციის მკურნალობისას;
• პაციენტებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან (ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში);
• თირკმლის უკმარისობის ან არასტაბილური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში;
• ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;
• ხანგრძლივი (3-5 დღეზე მეტი) ვანკომიცინის თერაპიის დროს;
• როდესაც პაციენტი ერთდროულად იღებს სხვა ნეფროტოქსიკურ მედიკამენტებს (ამინოგლიკოზიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ACE ინჰიბიტორები, ციკლოსპორინი, ქიმიოთერაპიული პრეპარატები);
• ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წელი);
• ჭარბწონიან პაციენტებში;
• ენდოკარდიტის, ოსტეომიელიტის, მენინგიტის ან სეფსისის მკურნალობისას;
• ბავშვებსა და ახალშობილებში - ფარმაკოკინეტიკის ცვალებადობის გამო;
• ცუდი თერაპიული პასუხის ან ნეფროტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენისას;
• დოზის ცვლილების ან თირკმლის ფუნქციის ცვლილების შემდეგ.
ინტერპრეტაცია
ვანკომიცინის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის ინტერპრეტაცია ხორციელდება ე.წ. „ტროფ“ (trough) დონის ან AUC/MIC-ის შეფარდების მიხედვით:
ვანკომიცინის დაბალი (სუბთერაპიული) კონცენტრაცია:
• ვერ უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების სრულ ერადიკაციას;
• ზრდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარების რისკს;
• იწვევს მკურნალობის წარუმატებლობას და ინფექციის გახანგრძლივებას;
• ხშირად საჭიროებს დოზის კორექციას ან მიღების ინტერვალის შემცირებას.
ვანკომიცინის თერაპიული (სამიზნე) კონცენტრაცია:
• განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას MRSA-ით (მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus) გამოწვეული მძიმე ინფექციების (ენდოკარდიტი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ბაქტერიემია, პნევმონია) დროს;
• უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების მინიმალურ რისკს.
ვანკომიცინის მაღალი (ტოქსიკური) კონცენტრაცია:
• ზრდის თირკმელების მწვავე დაზიანების (ნეფროტოქსიკურობა) რისკს;
• ზრდის სმენის დაზიანების (ოტოტოქსიკურობა) რისკს;
• შესაძლოა გამოიწვიოს „წითელი ადამიანის“ სინდრომი (Red man syndrome) - სწრაფი ინფუზიის შედეგად (ინფუზიური რეაქცია);
• საჭიროებს დოზის შემცირებას ან მიღების ინტერვალის გახანგრძლივებას.
მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი:
• ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, ასაკზე, წონაზე, თანმხლებ მედიკამენტებზე და გენეტიკურ ფაქტორებზე;
• დოზის რეგულირება ხდება ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით;
• თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, AUC/MIC-ის შეფარდების მონიტორინგი ითვლება უფრო სანდო მეთოდად, ვიდრე მხოლოდ ტროფ-დონის კონტროლი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• შარდოვანას აზოტის განსაზღვრა სისხლში (BUN);
• გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (eGFR);
• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);
• სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (ჰემოკულტურა) ანტიბიოტიკოგრამით;
• ცისტატინი C, სისხლში;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• მინიმალური (trough) კონცენტრაცია - სისხლი აღება უნდა მიხდეს შემდეგი დოზის მიღებამდე 30 წუთით ადრე;
• პიკური კონცენტრაცია - სისხლი აიღება ინფუზიის დასრულებიდან 1-2 საათის შემდეგ;
• აუცილებლად მიეთითოს დოზის რაოდენობა, მიღების დრო და ინფუზიის ხანგრძლივობა.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• idsociety.org - Therapeutic Monitoring of Vancomycin (IDSA Guidelines)
• ncbi.nlm.nih.gov - Vancomycin (StatPearls)
• mayocliniclabs.com - Vancomycin, Random, Serum
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.