კვლევის შესახებ
ლიპაზა (Lipase) არის ფერმენტი - ჰიდროლაზების ჯგუფის წარმომადგენელი - რომელიც ძირითადად პანკრეასის ეგზოკრინული ნაწილის უჯრედებში სინთეზდება და უზრუნველყოფს საკვების ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დაშლას ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად თორმეტგოჯა ნაწლავში.
მცირე რაოდენობით ლიპაზა გამოიყოფა აგრეთვე ენიდან, კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან და ლეიკოციტებიდან, თუმცა სისხლში ცირკულირებადი ლიპაზა ძირითადად პანკრეასული წარმოშობისაა.
ლიპაზა ითვლება უფრო სპეციფიკურ და მგრძნობიარე მარკერად პანკრეასის პათოლოგიებისთვის, ვიდრე ამილაზა - განსაკუთრებით მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში. მისი დონე სისხლში სწრაფად იმატებს მწვავე პანკრეატიტის დროს - სიმპტომების გამოვლინებიდან 4-8 საათში, აღწევს პიკს 24 საათში და ნორმასთან ბრუნდება 8-14 დღის განმავლობაში.
ამილაზასთან შედარებით, ლიპაზას ძირითადი უპირატესობებია:
• უფრო მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა პანკრეასის პათოლოგიებისთვის;
• უფრო ხანგრძლივი დროითი ფანჯარა მომატებული მაჩვენებლისთვის (გვიან მიმართვისას - უფრო ღირებული);
• ნაკლები ცრუდადებითი შედეგი ექსტრაპანკრეასული მიზეზებით (სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები ვერ ცვლიან მაჩვენებელს).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა არეში (განსაკუთრებით ეპიგასტრიუმში, ზურგისკენ გავრცელებით);
• გულისრევა, ხშირი ღებინება;
• მუცლის შებერილობა, მადის დაკარგვა;
• მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის ეჭვი;
• პანკრეატიტის მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
• ნაღვლოვანი გზების პათოლოგიები (ქოლედოქოლითიაზი, ქოლანგიტი);
• მუცლის ტრავმის შემდეგ;
• პანკრეასის სიმსივნეების ეჭვი;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ფონზე;
• ჰიპერტრიგლიცერიდემიური პანკრეატიტის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
ლიპაზას მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მწვავე პანკრეატიტი (დონე ხშირად ნორმის ზედა ზღვრის 3-ჯერ ან მეტად გადააჭარბებს);
• ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება;
• პანკრეასის ფსევდოცისტა, აბსცესი;
• პანკრეასის სიმსივნე;
• ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლედოქოლითიაზი, ქოლანგიტი);
• ერკპ-ის (ERCP) შემდგომი პანკრეატიტი;
• ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია;
• მეზენტერიული იშემია/ინფარქტი;
• ქრონიკული თირკმლის უკმარისობა (კლირენსის შემცირების გამო);
• დიაბეტური კეტოაციდოზი;
• ცელიაკია;
• ზოგიერთი მედიკამენტი (ოპიოიდები, შარდმდენები, ვალპროატი, ესტროგენები).
ლიპაზას დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული პანკრეატიტის მოწინავე სტადია (პანკრეასის ფუნქციის ამოწურვა);
• მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი);
• პანკრეასის რესექციის შემდგომი მდგომარეობა;
• ღვიძლის მძიმე პათოლოგიები.
მნიშვნელოვანია, რომ ლიპაზას მკვეთრი მომატება დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან თანხვედრაში მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ალფა-ამილაზას განსაზღვრა სისხლში (α-Amylase);
• პანკრეასული ამილაზას განსაზღვრა სისხლში (P-Amylase);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);
• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (გარდა სუფთა წყლისა);
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხიმოვანი საკვების მიღებისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ (განსაკუთრებით - ოპიოიდები, შარდმდენები);
• გადაუდებელი შემთხვევების დროს სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Lipase Tests
• mayocliniclabs.com - Lipase, Serum
• ncbi.nlm.nih.gov - Lipase (StatPearls)
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.