კვლევის შესახებ
პროტეინი C (Protein C) არის ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ცილა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში და სისხლში მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიკოაგულანტი. იგი არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს და აფერხებს ჭარბი თრომბების წარმოქმნას.
გააქტიურებული პროტეინი C (APC) მოქმედებს მის კოფაქტორთან — პროტეინ S-თან ერთად — და ანეიტრალებს შედედების ფაქტორებს Va-სა და VIIIa-ს, რითაც აფერხებს თრომბინის წარმოქმნას და სისხლის შესქელებას.
პროტეინ C-ს დეფიციტი არის თრომბოფილია - მდგომარეობა, რომელიც ზრდის ვენური თრომბოზის რისკს (ღრმა ვენების თრომბოზი - DVT, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია - PE). დეფიციტი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი (PROC გენის მუტაცია) ან შეძენილი (ღვიძლის დაავადება, ვიტამინ K-ს დეფიციტი, ანტიკოაგულანტური მკურნალობა და სხვა). მძიმე, ჰომოზიგოტური დეფიციტი ახალშობილებში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას - პურპურა ფულმინანსს (Purpura Fulminans).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ვენური თრომბოზის ანამნეზი - განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში (50 წლამდე);
• უცნობი მიზეზის (იდიოპათური) თრომბოზი;
• რეციდივირებადი თრომბოზული ეპიზოდები;
• ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (PE);
• თრომბოზი არატიპურ ლოკალიზაციაში - ცერებრალური სინუსები, ღვიძლის ვენა, მეზენტერიული ვენები;
• ოჯახური ანამნეზი - ახლო ნათესავებში თრომბოზი ან ცნობილი თრომბოფილია;
• რეციდივირებადი ნაყოფის დანაკარგი, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ეტაპებზე;
• პრე-ეკლამფსია, პლაცენტური უკმარისობა;
• ვარფარინ-ინდუცირებული კანის ნეკროზის შემთხვევაში;
• ახალშობილში პურპურა ფულმინანსი - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა (მძიმე მემკვიდრული პროტეინ C-ის დეფიციტის ნიშანი);
• ორსულობის დაგეგმვა ცნობილი თრომბოფილიური ანამნეზის შემთხვევაში;
• ჰორმონული კონტრაცეფციის ან ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყების წინ თრომბოზის ანამნეზის ფონზე;
• ისქემიური ცერებრალური ინსულტი ახალგაზრდა ასაკში.
ინტერპრეტაცია
პროტეინი C-ის დაბალი მაჩვენებელი (აქტივობა) მიუთითებს მის დეფიციტზე, რაც ზრდის თრომბოემბოლიური გართულებების რისკს.
პროტეინი C-ის დონე იკლებს შემდეგი მდგომარეობების დროს:
მემკვიდრული (გენეტიკური) დეფიციტი:
• თანდაყოლილი პროტეინი C-ის დეფიციტი (PROC გენის მუტაცია) - ჰეტეროზიგოტური (მსუბუქი/ზომიერი) ან ჰომოზიგოტური (მძიმე) ფორმები;
• ჰომოზიგოტური დეფიციტი ახალშობილებში იწვევს პურპურა ფულმინანსს (Purpura fulminans).
შეძენილი (მეორადი) მდგომარეობები:
• მწვავე თრომბოზული პროცესი (პროტეინი C-ის გაძლიერებული მოხმარება);
• ღვიძლის დაავადებები (ციროზი, ჰეპატიტი) - ცილის სინთეზური ფუნქციის დაქვეითება;
• ვიტამინ K-ის დეფიციტი;
• ვარფარინის (ვიტამინ K-ის ანტაგონისტი) მიღება (პროტეინი C ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ცილაა);
• დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC) - მოხმარებითი კოაგულოპათია;
• სეფსისი ან მძიმე სისტემური ინფექცია;
• HIV ინფექცია;
• ონკოლოგიური დაავადებები;
• ქიმიოთერაპია (განსაკუთრებით L-ასპარაგინაზა);
• ნეფროზული სინდრომი;
• პოსტოპერაციული პერიოდი;
• ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში პროტეინი C-ის დონე ფიზიოლოგიურად დაბალია.
პროტეინი C-ის დონე იმატებს:
• ხანდაზმულ ასაკში - ფიზიოლოგიური მატება;
• ორსულობის დროს;
• პროტეინი C-ის მომატებული მაჩვენებელი კლინიკურად ნაკლებად ინფორმაციულია.
დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის რეკომენდებულია:
• კვლევის განმეორება მინიმუმ 2-ჯერ, მწვავე თრომბოზული ეპიზოდიდან 3-6 თვის შემდეგ;
• ანტიკოაგულანტური თერაპიის შეწყვეტიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ (პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტების (DOAC) შემთხვევაში - 48-72 საათი, ექიმთან კონსულტაციით);
• დიფერენციალური დიაგნოსტიკა მემკვიდრულ და შეძენილ დეფიციტს შორის - გენეტიკური ტესტირებით (PROC გენი) და ოჯახური სკრინინგით.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• თავისუფალი პროტეინ S-ის განსაზღვრა სისხლში (Free Protein S);
• ანტითრომბინ III-ის განსაზღვრა სისხლში (AT III);
• მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);
• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);
• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β -2 Glycoprotein IgM);
• ფაქტორი V Leiden-ის მუტაცია;
• პროთრომბინის გენის (G20210A) მუტაცია;
• ჰომოცისტეინის განსაზღვრა სისხლში (HCY);
• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);
• აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT);
• ფიბრინოგენის განსაზღვრა სისხლის შრატში (Fibrinogen);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო;
• ქალებში კვლევა არ ტარდება მენსტრუალური ციკლის დროს.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Protein C and Protein S Tests
• ncbi.nlm.nih.gov - Protein C Deficiency (StatPearls)
• mayocliniclabs.com - Protein C Activity, Plasma
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.