აუტოიმუნური დაავადებების ზოგადი სკრინინგი
რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF); თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO); ანტინუკლეარული ანტისხეულების განსაზღვრა არაპირდაპირი იმუნოფლუორესეცენტული მეთოდით ANA HEP- 2; ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (pANCA, cANCA); ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis)
კვლევის შესახებ
აუტოიმუნური დაავადებების ზოგადი სკრინინგი (Autoimmune Disease Screening Panel) არის სისხლისა და შარდის შვიდი კვლევისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც ამოწმებს ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური დაავადებების - შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტებისა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანების - ძირითად ლაბორატორიულ მარკერებს.
აუტოიმუნური დაავადებების დროს იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებს და გამოიმუშავებს მათ საწინააღმდეგო ანტისხეულებს (აუტოანტისხეულებს). ეს დაავადებები ხშირად იწყება არასპეციფიკური ჩივილებით - დაღლილობით, სახსრების ტკივილით, გამონაყარით, გახანგრძლივებული ტემპერატურით - და წლების განმავლობაში შეიძლება დაუდგენელი დარჩეს. აუტოანტისხეულები სისხლში ხშირად ჩნდება კლინიკურ გამოვლინებამდე დიდი ხნით ადრე, რაც დაავადების დროული ამოცნობის საშუალებას იძლევა.
ნაკრებში შედის შემდეგი კვლევები:
• ანტინუკლეარული ანტისხეულების განსაზღვრა არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენტული მეთოდით (ANA HEp-2) - შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, შეგრენის სინდრომი, სკლეროდერმია და სხვ.) სკრინინგის „ოქროს სტანდარტი“;
• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF) - რევმატოიდული ართრიტის კლასიკური მარკერი;
• ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP) - რევმატოიდული ართრიტის მაღალსპეციფიკური მარკერი;
• ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (pANCA, cANCA) - წვრილი სისხლძარღვების ანთების (ვასკულიტების) მარკერები;
• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO) - ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანების მარკერი;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR) - სისხლის უჯრედების, ჰემოგლობინისა და ანთების ზოგადი მაჩვენებლის შეფასება;
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis) - თირკმლის შესაძლო დაზიანების გამოვლენა, რომელიც სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებებს ხშირად ახლავს.
რევმატოიდული ფაქტორისა და anti-CCP-ის ერთობლივი განსაზღვრა მნიშვნელოვნად ზრდის რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკის სიზუსტეს, ხოლო სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი აჩვენებს, არის თუ არა აუტოიმუნური პროცესის ფონზე ანთება, სისხლის უჯრედების შემცირება ან თირკმლის დაზიანება.
პანელი პირველადი, საორიენტაციო შეფასებაა: დადებითი შედეგის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს დამაზუსტებელ, უფრო სპეციფიკურ კვლევებს. აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი არასდროს ისმება მხოლოდ ანტისხეულების აღმოჩენის საფუძველზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• სახსრების ტკივილი, შეშუპება ან დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება;
• ხანგრძლივი, აუხსნელი დაღლილობა და სისუსტე;
• გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურა გაურკვეველი მიზეზით;
• კანის გამონაყარი, განსაკუთრებით სახეზე („პეპლისებური“) ან მზეზე ყოფნის შემდეგ;
• თვალებისა და პირის ღრუს მუდმივი სიმშრალე;
• თითების გაფითრება ან გალურჯება სიცივეში (რეინოს ფენომენი);
• თმის ცვენა, პირის ღრუს მორეციდივე წყლულები;
• კუნთების ტკივილი და სისუსტე;
• აუხსნელი ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების შემცირება, ედს-ის მდგრადი აჩქარება;
• ცილა ან სისხლი შარდში გაურკვეველი მიზეზით;
• მორეციდივე სინუსიტი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა სისხლიანი ნახველით თირკმლის დაზიანებასთან ერთად (ვასკულიტის ეჭვი);
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ან ჯირკვლის გადიდება;
• ორსულობის განმეორებითი დანაკარგი;
• აუტოიმუნური დაავადებების ოჯახური ისტორია ან უკვე დადგენილი ერთი აუტოიმუნური დაავადება.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• სისხლის აღება სასურველია დილით, უზმოდ ან მსუბუქი საუზმიდან 3-4 საათის შემდეგ;
• შარდის ანალიზისთვის შეაგროვეთ დილის პირველი შარდის შუა ულუფა სუფთა, სპეციალურ კონტეინერში, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენის შემდეგ; ქალებში ნიმუშის აღება მენსტრუაციის დროს არ არის სასურველი;
• თუ იღებთ ბიოტინს (B7 ვიტამინი) ან ბიოტინის შემცველ ვიტამინურ კომპლექსებს, შეწყვიტეთ მათი მიღება კვლევამდე არანაკლებ 48-72 საათით ადრე - ბიოტინი ამახინჯებს ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებს;
• კვლევა არ არის სასურველი მწვავე ინფექციური დაავადების პერიოდში და მისგან გამოჯანმრთელებიდან პირველ 2-3 კვირაში, რადგან ანტისხეულები შესაძლოა დროებით დადებითი იყოს;
• აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ - კორტიკოსტეროიდებსა და იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს შეუძლიათ ანტისხეულების დონის შემცირება, ზოგიერთ მედიკამენტს კი - დადებითი ANA-ს გამოწვევა;
• კვლევამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან.
ინტერპრეტაცია
ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA HEp-2):
• უარყოფითი შედეგი შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებებს, განსაკუთრებით სისტემურ წითელ მგლურას, ნაკლებად სავარაუდოს ხდის;
• დადებითი შედეგი ფასდება ტიტრისა (ანტისხეულების რაოდენობის) და ნათების ტიპის მიხედვით: რაც უფრო მაღალია ტიტრი, მით მეტია კლინიკური მნიშვნელობა, ხოლო ნათების ტიპი მიანიშნებს, რომელი დამაზუსტებელი კვლევაა საჭირო;
• დაბალი ტიტრით დადებითი ANA გვხვდება ჯანმრთელი ადამიანების ნაწილშიც (განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულებში), ასევე ინფექციების, ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე.
რევმატოიდული ფაქტორი (RF) და anti-CCP:
• ორივე მარკერის დადებითი შედეგი სახსრების შესაბამის ჩივილებთან ერთად რევმატოიდული ართრიტის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს;
• anti-CCP მაღალსპეციფიკურია - ის შეიძლება გამოვლინდეს დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე წლებით ადრე და უკავშირდება უფრო აგრესიულ მიმდინარეობას;
• მხოლოდ RF-ის მომატება ნაკლებად სპეციფიკურია: გვხვდება სხვა აუტოიმუნური დაავადებების, ქრონიკული ინფექციების (მაგ., C ჰეპატიტი), ღვიძლისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს და ხანდაზმულ ასაკში;
• ორივე მარკერის უარყოფითი შედეგი რევმატოიდულ ართრიტს სრულად არ გამორიცხავს (ე.წ. სერონეგატიური ფორმა).
ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები (pANCA, cANCA):
• cANCA-ს დადებითი შედეგი ყველაზე ხშირად ასოცირდება გრანულომატოზთან პოლიანგიიტით;
• pANCA-ს დადებითი შედეგი გვხვდება მიკროსკოპული პოლიანგიიტისა და ეოზინოფილური გრანულომატოზის დროს, ასევე ნაწლავის ანთებითი დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი), ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებებისა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე;
• დადებითი შედეგი საჭიროებს დადასტურებას სპეციფიკური ანტისხეულების (anti-PR3, anti-MPO) განსაზღვრით.
anti-TPO:
• მომატება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებაზე (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება) და ზრდის ჰიპოთირეოზის განვითარების რისკს;
• ანტისხეულები შეიძლება აღმოჩნდეს ფარისებრი ჯირკვლის ნორმული ფუნქციის ფონზეც - ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია TSH-ის პერიოდული კონტროლი.
სისხლის საერთო ანალიზი და ედს:
• ანემია, ლეიკოციტების, ლიმფოციტების ან თრომბოციტების შემცირება დამახასიათებელია სისტემური წითელი მგლურისა და სხვა სისტემური დაავადებებისთვის;
• ედს-ის აჩქარება ასახავს ანთებითი პროცესის აქტივობას.
შარდის საერთო ანალიზი:
• ცილის, ერითროციტების ან ცილინდრების აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის აუტოიმუნურ დაზიანებაზე (მგლურას ნეფრიტი, ვასკულიტი) და საჭიროებს დაუყოვნებელ შეფასებას.
აუტოანტისხეულების აღმოჩენა ჩივილებისა და კლინიკური ნიშნების გარეშე დაავადებას არ ნიშნავს და მკურნალობას არ საჭიროებს - საჭიროა მხოლოდ დაკვირვება. დადებითი შედეგის შეფასება რევმატოლოგის ან ენდოკრინოლოგის კომპეტენციაა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);
• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);
• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TG);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);
• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);
• მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში (Uric Acid);
• ანტისტრეპტოლიზინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (ASLO);