კვლევის შესახებ
ჰაპტოგლობინი არის ცილა, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს და რომელიც სისხლში თავისუფალი ჰემოგლობინის შესაკავებლად მუშაობს.
როცა ერითროციტი (სისხლის წითელი უჯრედი) იშლება, მისგან გამოთავისუფლებული ჰემოგლობინი სისხლში ხვდება. ჰაპტოგლობინი ამ თავისუფალ ჰემოგლობინს უკავშირდება, წარმოქმნის კომპლექსს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ელიმინაციას ღვიძლისა და ელენთის სისტემაში. ამ გზით ის ეხმარება ორგანიზმს რკინის შენარჩუნებასა და თირკმლის დაცვაში.
როცა ერითროციტები ნორმაზე სწრაფად იშლება (ჰემოლიზი), თავისუფალი ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება, ჰაპტოგლობინი კი სწრაფად „იხარჯება“ - ამიტომ მისი დონე სისხლში ეცემა.
ჰაპტოგლობინის განსაზღვრა ჰემოლიზური ანემიის - ანუ ერითროციტების დაჩქარებული დაშლით გამოწვეული ანემიის - დიაგნოსტიკისა და შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჰაპტოგლობინი ასევე მწვავე ფაზის ცილაა - მისი დონე იმატებს ანთებისა და ინფექციის დროს, რამაც შესაძლოა ჰემოლიზის სურათი შენიღბოს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ჰემოლიზური ანემიის ეჭვი - სისუსტე, ფერმკრთალობა, სიყვითლე (ჟანგისფერი), მუქი შარდი;
• ანემიის მიზეზის გამორკვევა, როცა საჭიროა ერითროციტების დაშლის დადასტურება ან გამორიცხვა;
• ჰემოლიზის ტიპის (სისხლძარღვშიდა თუ სისხლძარღვგარე) შეფასების კომპლექსური გამოკვლევის ნაწილად;
• სისხლის გადასხმის შემდგომი რეაქციის ეჭვი;
• აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის გამოკვლევა;
• ჰემოგლობინოპათიების (ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, თალასემია) და ერითროციტების მემბრანის ან ფერმენტული დეფექტების ფონზე ჰემოლიზის შეფასება;
• უკვე დიაგნოსტირებული ჰემოლიზური მდგომარეობის დინამიკური მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
გაპტოგლობინის შედეგი ფასდება თვისობრივად – გაპტოგლობინის დონე ფასდება როგორც დაქვეითებული, ნორმალური ან მომატებული.
გაპტოგლობინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ასოცირდებოდეს:
• ჰემოლიზურ ანემიასთან – განსაკუთრებით სისხლძარღვშიდა ჰემოლიზთან, როცა ერითროციტები სისხლის ნაკადშივე იშლება;
• აუტოიმუნურ ჰემოლიზურ ანემიასთან;
• სისხლის გადასხმის შემდგომ რეაქციასთან;
• ჰემოგლობინოპათიებთან (ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, თალასემია) და ერითროციტების მემბრანის ან ფერმენტული დეფექტებთან;
• მეგალობლასტურ ანემიასთან (ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი), რომელსაც ჰემოლიზის კომპონენტი ახლავს;
• ღვიძლის მძიმე დაავადებასთან (ცილის სინთეზის დაქვეითება);
• იშვიათ მემკვიდრულ მდგომარეობასთან, როცა გაპტოგლობინი თანდაყოლილად დაბალია (ჰემოლიზთან კავშირის გარეშე).
გაპტოგლობინის მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა ასოცირდებოდეს:
• მწვავე ან ქრონიკულ ანთებასთან და ინფექციებთან;
• სიმსივნურ დაავადებებთან;
• ქსოვილის დაზიანებასა და სტრესულ მდგომარეობებთან;
• ცალკეული მედიკამენტების (მაგ., კორტიკოსტეროიდების) მიღებასთან.
მნიშვნელოვანია, რომ ანთების ფონზე გაპტოგლობინი შესაძლოა ნორმალური ან მომატებული დარჩეს მნიშვნელოვანი ჰემოლიზის არსებობის მიუხედავად – ამიტომ მისი შედეგი იზოლირებულად არ ფასდება. ჰემოლიზის სანდო შესაფასებლად გაპტოგლობინი ფასდება ლაქტატდეჰიდროგენაზის (LDH), ბილირუბინის, რეტიკულოციტებისა და სისხლის საერთო ანალიზის შედეგებთან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• რეტიკულოციტების განსაზღვრა სისხლში (RET);
• ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH);
• საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);
• არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში ( IBIL);
• ერითროციტების მორფოლოგიური შეფასება პერიფერიულ სისხლში;
• კუმბსის პირდაპირი რეაქცია (DAT);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• ფოლიუმის მჟავას განსაზღვრა სისხლში (Folate);
• ვიტამინ B12-ის განსაზღვრა სისხლში (Vitamin B12);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• my.clevelandclinic.org - Hemolytic Anemia
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.