კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპესვირუს ტიპი 1-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები (HSV-1 IgG) არის სისხლის შრატის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ავლენს მარტივი ჰერპესვირუსის პირველი ტიპის (HSV-1) წინააღმდეგ გამომუშავებულ G კლასის ანტისხეულებს.
HSV-1, როგორც წესი, იწვევს პირის ღრუს ჰერპესს - ტუჩებსა და პირის გარშემო ე.წ. „ციებ-ცხელების“ ბუშტუკებს, თუმცა შესაძლოა გენიტალურ ჰერპესსაც იწვევდეს. ვირუსი მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა და ერთხელ ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში სამუდამოდ რჩება „მძინარე“ (ლატენტურ) მდგომარეობაში, პერიოდული გააქტიურების შესაძლებლობით.
IgG კლასის ანტისხეულები ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. ამიტომ HSV-1 IgG მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე და არა აუცილებლად მიმდინარე კლინიკურ მანიფესტაციაზე.HSV-1 IgG დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანი ოდესმე ინფიცირდა ვირუსით, მაგრამ ის ვერ აჩვენებს, აქვს თუ არა პაციენტს ამჟამად აქტიური ინფექციური პროცესი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ჰერპესვირუსის მიმართ წარსული ინფიცირების (სტატუსის) დადგენა;
• განმეორებადი ტუჩის ან პირის ღრუს ბუშტუკები გაურკვეველი მიზეზით;
• პარტნიორის ჰერპესის დიაგნოზის ფონზე საკუთარი სტატუსის შეფასება;
• ორსულობის დაგეგმვა ან ორსულობის პერიოდი (ჩვილზე გადაცემის რისკის შესაფასებლად);
• იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში ჰერპესვირუსული რისკის შეფასება;
• სხვა ჰერპესვირუსული ინფექციების (VZV, CMV, EBV) კომპლექსური სეროლოგიური შეფასების ფარგლებში.
ინტერპრეტაცია
HSV-1 IgG დადებითი (მომატებული):
• მიუთითებს HSV-1-ით წარსულში (ჩვეულებრივ რამდენიმე კვირის ან თვის წინ მაინც) ინფიცირებაზე;
• ვერ განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს ამჟამად აქტიური გამწვავება;
• ვირუსის გააქტიურების ან აქტიური დაზიანების დასადასტურებლად საჭიროა ბუშტუკიდან აღებული მასალის კვლევა (PCR ან კულტურა).
HSV-1 IgG უარყოფითი (არ არის გამოვლენილი):
• ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ HSV-1 ინფექცია არ ყოფილა;
• ახლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში (დაახლოებით 12 კვირამდე) ანტისხეულები შესაძლოა ჯერ არ იყოს გამომუშავებული - ეს ცრუ უარყოფითი შედეგია, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კვლევა განმეორდება.
შენიშვნა: მწვავე ან ახლო პერიოდში გადატანილი ინფექციის შესაფასებლად IgG ფასდება HSV IgM-თან ერთად.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისთვის სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Herpes (HSV) Test
• cdc.gov - Screening for Genital Herpes
• testing.com - Genital and Oral Herpes Test
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.