B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო საერთო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBc total)

B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო საერთო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBc total)

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

anti-HBc Total (B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის საერთო ანტისხეულები) არის სეროლოგიური კვლევა, რომელიც სისხლში ავლენს B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ბირთვული ანტიგენის (Hepatitis B core antigen, HBcAg) მიმართ წარმოქმნილ საერთო ანტისხეულებს - როგორც IgM-ს, ისე IgG-ს.

ეს ანტისხეულები სისხლში შედარებით მალე ჩნდება - B ჰეპატიტის ინფექციის სიმპტომების დაწყების შემდეგ ან HBsAg-ის გამოვლენიდან მცირე ხანში. საწყის ფაზაში სინთეზირდება IgM ანტისხეულები, რომლებიც მიუთითებს მწვავე (ახალ) ინფექციაზე. შემდეგ მათ ენაცვლება IgG ანტისხეულები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე რჩება ორგანიზმში, როგორც წარსული HBV ინფექციის მუდმივი მარკერი.

anti-HBc Total ტესტი B ჰეპატიტის სრული სეროლოგიური პანელის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - ე.წ. „სამმაგი სკრინინგი“, რომელიც მოიცავს HBsAg-ს, anti-HBs-სა და anti-HBc Total-ს. CDC-სა და WHO-ს რეკომენდაციით, ეს სამმაგი პანელი მინიმუმ ერთხელ ცხოვრებაში რეკომენდებულია ყველა ზრდასრულისთვის.

anti-HBc Total განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „ფანჯრის (window) პერიოდის" დროს - როცა HBsAg-ის დონე ეცემა დეტექტირებადი ზღვრის ქვემოთ, ხოლო anti-HBs ჯერ არ გამოვლენილა. ამ ფაზაში anti-HBc შესაძლოა იყოს ერთადერთი დადებითი მარკერი, რომელიც მიუთითებს ინფექციაზე. ვაქცინირებულ პირებს anti-HBc არ უვითარდებათ - ეს მახასიათებელი საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი ბუნებრივად გადატანილი ინფექციისგან.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

• B ჰეპატიტის სრული სკრინინგის ფარგლებში (CDC-ის სამმაგი პანელი - HBsAg, anti-HBs, anti-HBc) მინიმუმ ერთხელ ცხოვრებაში ყველა ზრდასრულისთვის (≥18 წლის);

• იმის დასადგენად - გადატანილი (განვლილი) აქვს თუ არა პაციენტს B ჰეპატიტი ცხოვრების განმავლობაში;

• ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტის და ბუნებრივი ინფექციით მიღებული იმუნიტეტის დიფერენცირებისთვის;

• B ჰეპატიტის „ფანჯრის (window) პერიოდის" დიაგნოსტიკისთვის - როდესაც HBsAg უკვე გაქრა, ხოლო anti-HBs ჯერ არ გამოვლინდა;

• ოკულტური (ფარული) HBV ინფექციის ეჭვი - HBsAg უარყოფითია, მაგრამ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის გაურკვეველი მიზეზის ცვლილებები;

• იმუნოდამთრგუნველი თერაპიის ან ქიმიოთერაპიის წინ - HBV რეაქტივაციის რისკის შესაფასებლად (განსაკუთრებით - რიტუქსიმაბი, ანტი-CD20 პრეპარატები);

• დონორების სკრინინგი (სისხლი, ორგანო, ქსოვილი, სპერმა);

• ჰემოდიალიზის პაციენტები;

• HIV-ით ან C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტები;

• B ჰეპატიტ-დადებითი დედის ბავშვი - პერინატალური ინფექციის შეფასებისას;

• ენდემური ქვეყნებიდან მიგრანტები;

• პაციენტები ღვიძლის ფერმენტების მომატებით უცნობი მიზეზით (ALT, AST);

• ჰეპატოცელულარული კარცინომის მქონე პაციენტებში HBV ანამნეზის შეფასება;

• ცნობილი B ჰეპატიტის შემთხვევასთან კონტაქტი (სქესობრივი ან საოჯახო);

• პრე-ვაქცინური სკრინინგი - გადატანილი ინფექციის გამოვლენისთვის.

ინტერპრეტაცია

anti-HBc Total ტესტი იძლევა თვისობრივ პასუხს - დადებითი (რეაქტიული) ან უარყოფითი (არარეაქტიული).

დადებითი (რეაქტიული) anti-HBc Total მიუთითებს HBV-ინფექციასთან კონტაქტზე - მიმდინარე, წარსული ან გადატანილი. ცალკე ეს შედეგი ვერ ანსხვავებს მწვავე, ქრონიკულ ან გადატანილ ინფექციას - საჭიროა სხვა მარკერების (HBsAg, anti-HBs, anti-HBc IgM) ერთობლივი ინტერპრეტაცია.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი სცენარები anti-HBc-ის დადებითი შედეგისთვის:

• HBsAg(+), anti-HBc Total(+), anti-HBc IgM(+), anti-HBs(−) - მწვავე B ჰეპატიტი (ცოტა ხნის წინ ინფიცირებული);

• HBsAg(+), anti-HBc Total(+), anti-HBc IgM(−), anti-HBs(−) - ქრონიკული B ჰეპატიტი (≥6 თვიანი HBsAg);

• HBsAg(−), anti-HBc Total(+), anti-HBs(+) - გადატანილი (განვლილი) ინფექცია, არის ბუნებრივი იმუნიტეტი;

• HBsAg(−), anti-HBc Total(+), anti-HBs(−) - შესაძლო „ფანჯრის (window) პერიოდი" (ახალი ინფექცია), გადატანილი ინფექცია, ოკულტური HBV ინფექცია, HBsAg მუტანტური ვირუსი ან ცრუდადებითი შედეგი - საჭიროა დამატებითი ტესტირება (HBV DNA, anti-HBc IgM);

• HBsAg(−), anti-HBc Total(−), anti-HBs(+) - ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი (anti-HBc არ უვითარდებათ ვაქცინირებულ პირებს).

უარყოფითი (არარეაქტიული) anti-HBc Total ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს HBV-ის ექსპოზიცია (არც გადატანილი, არც მიმდინარე ინფექცია):

• HBsAg(−), anti-HBc Total(−), anti-HBs(−) - პაციენტი მიმღებია HBV-ს მიმართ (იმუნიტეტი არ აქვს), რეკომენდებულია ვაქცინაცია;

• HBsAg(−), anti-HBc Total(−), anti-HBs(+) - ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი.

განსაკუთრებული სიტუაციები (იზოლირებული anti-HBc):

• როდესაც მხოლოდ anti-HBc Total არის დადებითი, ხოლო HBsAg და anti-HBs უარყოფითია, შესაძლო ახსნებია:

- გადატანილი ინფექცია anti-HBs-ის დონის დროთა განმავლობაში დაკლება;

- „ფანჯრის (window) პერიოდი" - ცოტა ხნის წინ გადატანილი ინფექცია;

- ოკულტური HBV ინფექცია (HBV DNA დადებითია);

- HBsAg მუტანტური ვირუსი;

- ცრუდადებითი - საჭიროა განმეორებითი ტესტი 4-8 კვირის შემდეგ;

- ახალშობილში HBsAg-დადებითი დედისგან მიღებული პასიური ანტისხეულები (24 თვემდე ასაკში).

ვაქცინირებულ პირებს anti-HBc-ის ანტისხეულები არ უვითარდებათ - ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი ბუნებრივად გადატანილი ინფექციის მიერ წარმოქმნილი იმუნიტეტისგან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBs);

ანტისხეულები B ჰეპატიტის ბირთვული ანტიგენის მიმართ, IgM (anti-HBc IgM);

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBeAg);

B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HBe);

B ჰეპატიტის ვირუსის DNA (HBV DNA, ვირუსული დატვირთვა);

ანტისხეულები D ჰეპატიტის ვირუსის მიმართ (anti-HDV);

C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);

აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT,AST,GGT,ALP,TBIL,DBIL);

საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (TBIL);

კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (DBIL);

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);

საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);

• პროთრომბინის დროის განსაზღვრა სისხლში (PT);

ალფაფეტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში (AFP);

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Hepatitis virus panel

cdc.gov - Clinical Testing and Diagnosis for Hepatitis B

mayocliniclabs.com - Hepatitis B Virus Core Total Antibodies

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone