კვლევის შესახებ
მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი (HDL Cholesterol, HDL-CHOL) არის ლიპოპროტეინების ერთ-ერთი ფრაქცია, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც „კარგი ქოლესტერინი“. HDL-ის ძირითადი ფუნქციაა ჭარბი ქოლესტერინის ტრანსპორტირება პერიფერიული ქსოვილებიდან (მათ შორის — სისხლძარღვების კედლიდან) ღვიძლისკენ, სადაც ხდება მისი დაშლა და გამოყოფა ნაღველთან ერთად. ამ პროცესს ეწოდება „უკუ-ქოლესტერინის ტრანსპორტი“.
HDL ფლობს ანტიათეროგენულ თვისებებს — იცავს არტერიების კედლებს ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვებისგან, აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას. HDL-ის მაღალი დონე ასოცირდება გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების შემცირებულ რისკთან, ხოლო დაბალი დონე — გაზრდილ რისკთან.
HDL-CHOL წარმოადგენს ლიპიდური პროფილის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს და გამოიყენება გულ-სისხლძარღვოვანი რისკის შესაფასებლად, ჰიპერლიპიდემიის დიაგნოსტიკისა და ლიპიდმაკორექტირებელი თერაპიის ეფექტიანობის მონიტორინგისთვის.
HDL-ის დონის შეფასება ყოველთვის უნდა მოხდეს ლიპიდური პროფილის სხვა მაჩვენებლებთან (საერთო ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები) ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• პროფილაქტიკური სკრინინგი 20 წლის ასაკიდან (4-6 წელიწადში ერთხელ);
• გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების ოჯახური ანამნეზი;
• გულის კორონარული დაავადება, ანამნეზში ინფარქტი ან ინსულტი;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი;
• ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი;
• მოწევა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• ჰიპერქოლესტერინემიის ოჯახური ფორმის (FH) ეჭვი;
• ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოთირეოზი);
• ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
• ლიპიდმაკორექტირებელი თერაპიის (სტატინები, ფიბრატები, ნიაცინი) ეფექტიანობის მონიტორინგი.
ინტერპრეტაცია
HDL-CHOL-ის მაღალი მაჩვენებელი (კარდიოპროტექციული) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• რეგულარული ფიზიკური აქტივობა (აერობული ვარჯიში);
• დაბალანსებული დიეტა (ცხიმოვანი თევზი, ზეთისხილის ზეთი, კაკალი, ბოჭკოვანი საკვები);
• ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება;
• გენეტიკური ფაქტორები (ოჯახური ჰიპერ-ალფა-ლიპოპროტეინემია);
• ესტროგენული თერაპია;
• ფიბრატებით ან ნიაცინით მკურნალობა.
მეტისმეტად მაღალი HDL-ის დონე (> 90 მგ/დლ) ზოგიერთ პოპულაციაში დაკავშირებულია გენეტიკურ მუტაციებთან (CETP-დეფიციტი) და მისი კარდიოპროტექციული ეფექტი შესაძლოა შემცირებული იყოს.
HDL-CHOL-ის დაბალი მაჩვენებელი (ათეროგენული) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• მეტაბოლური სინდრომი, ცენტრალური სიმსუქნე;
• ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა;
• ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
• მოწევა;
• ცხიმოვანი და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა;
• ჰიპერტრიგლიცერიდემია;
• ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა);
• ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები;
• ანდროგენული სტეროიდები, პროგესტინები, ბეტა-ბლოკერები;
• გენეტიკური დარღვევები (ოჯახური ჰიპო-ალფა-ლიპოპროტეინემია, ტანჯირის დაავადება).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში (TCHOL, TG, LDL-CHOL, HDL-CHOL, VLDL-CHOL, AI);
• საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (T-CHOL);
• დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (LDL-CHOL);
• საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (Trig);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში (HbA1c);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 9-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი;
• კვლევის ჩატარებამდე 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხიმოვანი საკვების მიღებისგან;
• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;
• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - Cholesterol Levels
• cdc.gov - HDL Cholesterol (Good Cholesterol)
• nhlbi.nih.gov - High Blood Cholesterol
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.