სტერილური სითხეების კულტურალური გამოკვლევა სოკოზე

სტერილური სითხეების კულტურალური გამოკვლევა სოკოზე

ფასი: 150 ₾

კვლევის შესახებ

სტერილური სითხეების კულტურალური გამოკვლევა სოკოზე (Fungal Culture, Sterile Body Fluids) არის მიკრობიოლოგიური კვლევა, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის სტერილური ღრუების სითხეებში (პლევრალური, პერიტონეალური/ასციტური, პერიკარდიალური, სინოვიალური, ნაღველი, დიალიზური სითხე) სოკოვანი ინფექციის გამოვლენისთვის.

ნორმაში ეს სითხეები სტერილურია, ანუ არ შეიცავს ბაქტერიულ ან სოკოვან მიკროორგანიზმებს. სოკოს გამოვლენა ნებისმიერ მათგანში ყოველთვის კლინიკურად მნიშვნელოვანია და, როგორც წესი, მიუთითებს ინვაზიურ სოკოვან ინფექციაზე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ნიმუშის (პუნქციით აღებული სითხის) დათესვა ხდება სელექციურ კვებით ნიადაგზე (საბუროს დექსტროზის აგარი), ხშირად - ბაქტერიული კულტურის პარალელურად. ინკუბაცია გრძელდება 2-დან 4 კვირამდე, რადგან ბევრი სოკოვანი მიკროორგანიზმი ნელა იზრდება. გამოვლენილი სოკოს იდენტიფიკაცია ხდება მაკრო- და მიკროსკოპული მახასიათებლების, ბიოქიმიური ან მალდი-ტოფ (MALDI-TOF) მეთოდით.

სტერილური სითხეებიდან ყველაზე ხშირად გამოვლენილი სოკოვანი პათოგენებია: Candida-ს გვარის სოკოები (განსაკუთრებით - C. albicans, C. glabrata, C. parapsilosis), Cryptococcus neoformans (განსაკუთრებით - იმუნოდეფიციტურ პაციენტებში), Aspergillus და სხვა ობიანი სოკოები, იშვიათად - ენდემური დიმორფული სოკოები (Histoplasma, Coccidioides, Blastomyces).

სტერილური სითხის სოკოვანი კულტურა აუცილებელია გაუგებარი ეტიოლოგიის ცხელების, ჰოსპიტალური ინფექციების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე განვითარებული პლევრიტის, პერიტონიტის, არტრიტის ან ქოლანგიტის შემთხვევებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• პლევრალური გამონაჟონი გაუგებარი ეტიოლოგიით ან არტიბიოტიკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული;

• პერიტონეალური ასციტი ცხელებითა და მუცლის ტკივილით, განსაკუთრებით - ციროზიან ან პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტებში (სპონტანური ფუნგური პერიტონიტის ეჭვი);

• პერიკარდიალური გამონაჟონი, განსაკუთრებით - იმუნოდეფიციტურ პაციენტებში;

• სინოვიალური სითხის გამოვლენა გაუგებარი ეტიოლოგიის არტრიტის ფონზე (ფუნგური არტრიტის ეჭვი - განსაკუთრებით ენდოპროთეზის მქონე პაციენტებში);

• ნაღველის გამოკვლევა ჰოლანგიტის ან ჰოლეცისტიტის ფონზე, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული;

• პერიტონეალური დიალიზის სითხის გამოკვლევა გაუმღვრიე ან ცხელებითი ეპიზოდის შემთხვევაში (CAPD-ასოცირებული პერიტონიტი);

• ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხის გამოკვლევა იმუნოდეფიციტურ პაციენტებში პნევმონიის ეჭვის შემთხვევაში;

• იმუნოდეფიციტური მდგომარეობების (აივ-ინფექცია, ცითოსტატიკოთერაპია, ორგანოს ტრანსპლანტაცია, ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდები) ფონზე გაუგებარი ცხელება ან ლოკალური სიმპტომები;

• დისემინირებული კანდიდოზის ან კრიპტოკოკოზის ეჭვი;

• ანტიფუნგური თერაპიის ეფექტიანობის შეფასება.

ინტერპრეტაცია

კვლევის შედეგი შესაძლოა იყოს უარყოფითი ან დადებითი.

უარყოფითი (ნორმალური) შედეგი ნიშნავს, რომ ინკუბაციის სტანდარტული ვადის (2–4 კვირა) განმავლობაში სოკოს ზრდა არ აღინიშნება. ეს მიუთითებს, რომ მოცემული სითხის ნიმუშში არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი სოკოვანი ინფექცია. გასათვალისწინებელია, რომ წინასწარი ანტიფუნგალური თერაპია, ნიმუშის არასაკმარისი მოცულობა ან ზოგიერთი ნელად მზარდი სოკოს არსებობა შესაძლოა გახდეს ცრუუარყოფითი შედეგის მიზეზი.

დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ ნიმუშში გამოვლენილია სოკოვანი მიკროორგანიზმი. პასუხში მითითებულია გამოვლენილი სოკოს გვარი ან სახეობა.

დადებითი შედეგის ინტერპრეტაცია:

• სტერილური სითხეებიდან (პლევრალური, პერიტონეალური, პერიკარდიალური, სინოვიალური, ნაღველი, ცერებროსპინალური) სოკოს გამოვლენა ყოველთვის კლინიკურად მნიშვნელოვანია და მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას;

• Candida-ს გვარის სოკოები ხშირად აღინიშნება პერიტონეალური დიალიზის სითხეში (CAPD-პერიტონიტი), პოსტოპერაციული ასციტისა და ენდოპროთეზის ფონზე;

• Cryptococcus neoformans-ის სტერილური სითხეებიდან გამოვლენისას აუცილებელია დისემინირებული კრიპტოკოკოზის გამორიცხვა, განსაკუთრებით - აივ-ინფიცირებულ პაციენტებში;

• Aspergillus სტერილური სითხეებიდან გამოვლენისას ხშირად მიუთითებს ინვაზიურ ასპერგილოზზე, რომელიც ვითარდება ნეიტროპენიური ან იმუნოდეფიციტური პაციენტების ფონზე;

• Mucorales-ის გვარის სოკოები - გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს;

• ენდემური დიმორფული სოკოების (Histoplasma, Coccidioides, Blastomyces) გამოვლენა ყოველთვის სერიოზული მიგნებაა, რომელიც სისტემურ ანტიფუნგალურ თერაპიას ითხოვს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

გამონაჟონი სითხეების (პლევრალური, პერიკარდიალური, ასციტური, სინოვიალური) ფიზიკურ-ბიოქიმიური თვისებები და მიკროსკოპული გამოკვლევა;

სისხლის კულტურალური გამოკვლევა სოკოზე;

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

პროკალციტონინის რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლში (PCT);

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);

ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);

კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);

კრეატინინის განსაზღვრა ბიოლოგიურ სითხეში (Creatinine, Body Fluid);

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);

იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);

იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);

იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);

აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo);

ასპერგილას (გალაქტომანანი) ანტიგენი (Aspergillus galactomannan antigen);

β-D-გლუკანის განსაზღვრა სისხლში (BDG).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნიმუშების აღებამდე უნდა მომზადდეს ჰემოკულტურის შესაბამისი ბოთლები

ნიმუშის აღება ‒ ხელთათმნიანი ხელით იხსნება ბოთლების თავსახურის ზედა ნაწილი და სუფთავდება 70%-იანი იზოპროპილის სპირტით ან ეთანოლით. არ გამოიყენება იოდი ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებები ბოთლის თავის გასაწმენდად. შრება ჰაერზე 30 წმ-ის განმავლობაში. არ უნდა მოხდეს ბოთლის თავთან შეხება  

      

კანის დეზინფექცია ხდება სამჯერადი გაწმენდით შემდეგი თანამიმდევრობით:

1. 70%-იანი იზოპროპილის სპირტი ან ეთანოლი

2. 2%-იანი ქლორჰექსიდინ-გლუკონატი

3. 70%-იანი იზოპროპილის სპირტი ან ეთანოლი

მასალის ტიპი

• სტერილური სითხეები (პლევრის, პერიკარდიული, ასციტური, სინოვიალური)

კვლევის შესრულების დრო

28 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

idsociety.org - IDSA Clinical Practice Guideline for the Management of Candidiasis

ncbi.nlm.nih.gov - Fungal Peritonitis (StatPearls)

cdc.gov - Invasive Candidiasis

ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

კვლევის კატეგორია

მიკოლოგია
Phone