კვლევის შესახებ
ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (VZV - Varicella-Zoster Virus, ცნობილია, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი-3) ჰერპესვირუსების ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც იწვევს ორ კლინიკურ ფორმას:
• ჩუტყვავილა (ვარიცელა) - ვირუსის პირველადი ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ ბავშვობის ასაკში მიმდინარეობს;
• სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპეს ზოსტერი) - ვირუსის რეაქტივაცია მოგვიანებით პერიოდში, სენსორული განგლიონებიდან.
VZV IgG კვლევით ფასდება სისხლში VZV-ს მიმართ წარმოქმნილი G კლასის (IgG) ანტისხეულები. IgG ანტისხეულების სინთეზი იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 2-3 კვირაში, აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 4-8 კვირაში და შენარჩუნებულია დეტექტირებადი დონე ცხოვრების ბოლომდე.
IgG-ის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს როგორც გადატანილ ბუნებრივ ინფექციაზე (ჩუტყვავილა), ასევე ვაქცინაციით მიღებულ იმუნიტეტზე. ეს კვლევა ფართოდ გამოიყენება იმუნური სტატუსის დასადგენად, განსაკუთრებით ორსულობის დაგეგმვისას, იმუნოსუპრესიული მკურნალობის წინ და სამედიცინო პერსონალის შემოწმებისას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• იმუნური სტატუსის შესაფასებლად VZV-ის მიმართ;
• ორსულობის დაგეგმვის წინ - VZV-ის მიმართ იმუნიტეტის შესამოწმებლად;
• ორსულობის დროს, თუ ქალი არ აცრილია ან არ აქვს გადატანილი ქარიქათამა;
• ვაქცინაციის ეფექტიანობის დასადგენად ქარიქათამის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ;
• იმუნოსუპრესიული მკურნალობის ან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე;
• ორგანოს ტრანსპლანტაციამდე (დონორისა და რეციპიენტის შემოწმება);
• სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაოდ მიღების წინ;
• ქარიქათამით ან ჰერპეს ზოსტერით დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდეგ;
• ბავშვებში - ვაქცინაციის შემდეგ სეროკონვერსიის დასადგენად;
• ახალშობილებში, თუ დედა არ არის იმუნური VZV-ის მიმართ.
ინტერპრეტაცია
VZV IgG-ის დადებითი (რეაქტიული) შედეგი მიუთითებს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსის (VZV) მიმართ ჩამოყალიბებულ სეროლოგიურ იმუნიტეტზე. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს:
• ვარიცელას (ქარიქათამა) ინფექციით, რომელიც გადატანილია ცხოვრების მანძილზე;
• უსიმპტომოდ გადატანილი ვირუსული ინფექციით;
• წარმატებული ვაქცინაციით (ცოცხალი ვაქცინა);
• ცალკეულ შემთხვევებში - სისხლის პრეპარატების გადასხმის შედეგად მიღებული პასიური ანტისხეულებით (ეს ანტისხეულები რამდენიმე თვეში ქრება).
VZV IgG-ის უარყოფითი (არარეაქტიული) შედეგი ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ აქვს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსის მიმართ დამცველობითი იმუნიტეტი. ეს მდგომარეობა შესაძლოა აღინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
• პირი არასოდეს ყოფილა ინფიცირებული VZV-ით;
• პირი არ არის აცრილი ვარიცელას ვაქცინით;
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (სეროკონვერსიის დარღვევა);
• „ფანჯრის პერიოდი“ - ვირუსთან კონტაქტიდან IgG-ის დეტექტირებადი დონე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული (პირველი 2-3 კვირა);
• ანტისხეულების დაბალი ტიტრი ვაქცინაციიდან გასული ხანგრძლივი დროის გამო (იშვიათად).
უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, განსაკუთრებით ორსულობის დაგეგმვის ფონზე, რეკომენდებულია VZV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინა, რომლის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია; ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ორსულობის დაგეგმვამდე).
მნიშვნელოვანი: VZV IgG ვერ განასხვავებს ბუნებრივ ინფექციას ვაქცინაციისგან, ამიტომ ანამნეზის გათვალისწინება აუცილებელია. იშვიათად, HSV-ის პირველადი ინფექციის ფონზე შესაძლებელია VZV ანტიგენებთან ჯვარედინი რეაქცია (Cross-reactivity) - ცრუ-დადებითი შედეგი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM);
• VZV PCR - ვირუსის DNA-ის განსაზღვრა (დაზიანებული კანის ნაცხი / ლიქვორი / სისხლი);
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgM);
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Measles morbillivirus IgM);
• წითელას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Measles morbillivirus IgG);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);
• ყბაყურა (Mumps) IgM, სისხლში;
• ყბაყურა (Mumps) IgG, სისხლში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Laboratory Testing for Varicella-Zoster Virus
• mayocliniclabs.com - Varicella-Zoster Antibody, IgG
• medlineplus.gov - Chickenpox and Shingles Tests
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.